2026 წლის 18 იანვარს, ესპანეთის ქალაქ ადამუზში (კორდობა) მომხდარმა მაღალი სიჩქარის ორი მატარებლის შეჯახებამ ქვეყნის სარკინიგზო სისტემის საფუძვლები შეარყია. მინიმუმ 45 გარდაცვლილი და 150-ზე მეტი დაშავებული – ეს ავარია გახდა ყველაზე მძიმე სარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში სანტიაგო-დე-კომპოსტელას (ანგროისი, 2013) შემდეგ.
ავარია მოხდა 19:39 საათზე, როდესაც Iryo-ს მატარებელი (მალაგა – მადრიდი) ადამუზის ტექნიკური მონაკვეთის გადამრთველებთან რელსებიდან გადავიდა და მეზობელ ლიანდაგზე შეიჭრა, სადაც მას საპირისპირო მიმართულებით მოძრავი Renfe Alvia შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ორივე მატარებელი გადავარდა რელსებიდან, რამდენიმე ვაგონი ამოტრიალდა და ნაწილი ფერდობზე ჩამოვარდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილი აღწერეს როგორც „რკინისა და დამსხვრეული სავარძლების გროვა“. გარდაცვლილთა შორის არის Renfe-ს მატარებლის 27 წლის მემანქანე.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამედიცინო ძალების ფართომასშტაბიანი ოპერაცია, მათ შორის სამხედრო საგანგებო ქვედანაყოფი (UME). დაშავებულები გადაყვანილი იქნენ კორდობის, ხაენისა და სევილიის საავადმყოფოებში.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად იყო ჩართული სამაშველო საქმიანობაში, რომლებმაც პირველი საჭიროებისთვის აუცილებელი ინვენტარით უზრუნველყვეს მატარებლების მგზავრები.
ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ შემთხვევა „უკიდურესად უცნაურად“ შეაფასა, რადგან ავარია მოხდა სწორ მონაკვეთზე, ისაუბრა ახლად განახლებულ ინფრასტრუქტურაზე და პრაქტიკულად ახალ მატარებელზე, რომელიც სულ რაღაც 4 წელი იყო გამოყენებაში.
Iryo-მ განაცხადა, რომ მატარებელმა ბოლო ტექნიკური შემოწმება ავარიამდე რამდენიმე დღით ადრე გაიარა და კომპანია სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ავარიის შედეგად შეწყდა მაღალი სიჩქარის სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდსა და ანდალუსიას შორის.
„ყველაფერი წამებში მოხდა“ – მოწმეთა ჩვენებები
გადარჩენილთა მონათხრობები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ერთ რამეში ემთხვევა: არავინ ელოდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.
„ძლიერი დარტყმა იყო და მერე სრული სიბნელე. ხალხი ყვიროდა. ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი – იატაკზე თუ კედელზე“, – ამბობს ერთ-ერთი მგზავრი Iryo-ს მატარებლიდან.
სხვა მგზავრი იხსენებს:
„მატარებელი ჯერ უცნაურად შეირხა, მერე თითქოს გვერდზე გადავარდა. რამდენიმე წამში ყველაფერი აირია. ვინც ფეხზე ადგა, ცდილობდა სხვები გამოეყვანა.“
Renfe-ს მატარებელში მყოფი მგზავრის გამოცდილება კიდევ უფრო მძიმეა:
„ჩვენ საერთოდ ვერ მივხვდით, რა დაგვეჯახა. უბრალოდ ვიგრძენით, რომ რაღაც დაგვეცა. ვაგონი დაიშალა. ხალხი ერთმანეთზე იყო მიყრილი.“
საზოგადოება, ამ წუთამდე ჯერ კიდევ შოკიდან ვერ გამოდის. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გამოაცხადა სამდღიანი ეროვნული გლოვა და პირობა დადო, რომ გამოძიება ჩატარდება სრული გამჭვირვალობით.

ესპანეთის მთავრობის რეაქცია
ესპანეთის მთავრობის მეთაური პედრო სანჩესი, პირადად ჩავიდა ადამუზში მან საჯაროდ აიღო ვალდებულება, რომ გამოძიება იქნება სრული და გამჭვირვალე:
„ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. როდესაც ამ ტრაგედიის მიზეზები დადგინდება, საზოგადოებას ყველაფერი ეცოდინება სრული სიცხადით, დამალვის გარეშე.“
სანჩესმა ასევე ხაზი გაუსვა ინსტიტუციურ სრულ კოორდინაციას ცენტრალურ ხელისუფლებას, ანდალუსიის მთავრობასა და საგანგებო სამსახურებს შორის და დაადასტურა სახელმწიფოს მხარდაჭერა დაზარალებული ოჯახებისა და დაშავებულებისთვის.
პარალიზებული სარკინიგზო დერეფანი
ავარიის შედეგად შეწყდა მაღალი სიჩქარის მოძრაობა მადრიდსა და ანდალუსიას შორის. გაუქმდა ყველა მატარებელი, რომელიც მიდიოდა ან ჩამოდიოდა სევილიაში, მალაგაში, კორდობაში, კადისში, უელვასა და გრანადაში. Renfe-მ და Iryo-მ მგზავრებს შესთავაზეს ბილეთების უფასო შეცვლა ან დაბრუნება და გახსნეს საინფორმაციო პუნქტები მთავარ სადგურებში.
ადამუზი და წარსული ტრაგედიების მეხსიერება
ეს ტრაგედია კვლავ აღვიძებს მტკივნეულ მოგონებებს ესპანეთის ისტორიიდან: ანგროისი (2013), ვალენსიის მეტრო (2006), ჩინჩილია (2003). ყოველი ასეთი შემთხვევა აჩენს კითხვას უსაფრთხოების, კონტროლისა და პასუხისმგებლობის შესახებ. ადამუზი კვლავ გვაყენებს ამ კითხვის წინაშე:
ვისწავლეთ თუ არა რაიმე წარსული ტრაგედიებიდან?!
ადამიანური დანაკარგის მიღმა, ადამუზის ავარია სერიოზული გამოცდის წინაშე აყენებს ესპანეთის მაღალი სიჩქარის მოდელს – განსაკუთრებით რკინიგზის ლიბერალიზაციის პირობებში, სადაც რამდენიმე ოპერატორი იყენებს ერთსა და იმავე ინფრასტრუქტურას. მიმდინარე გამოძიება გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ პასუხისმგებლობის დასადგენად, არამედ საზოგადოების ნდობის აღსადგენად იმ სისტემის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხოდ ითვლებოდა ევროპაში.