
ახალბედა მეფუტკრის – ნინელი ამურველაშვილის ,,მეორე ცხოვრება“ ესპანეთში/ 7 აპრილს ზუსტად 5 წელი გახდა, რაც ნინელი ამურველაშვილი ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში, ჩამოვიდა.
ყველაფერი კი, გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე შორეულ, უცხო გზას დაადგებოდა. საქართველოდან წასვლის მიზეზები ბევრი იყო: ფინანსური პრობლემები, საკუთარი თავის ძიების, თუ უკეთ შეცნობის სურვილი და ა.შ.
,,ერთი სიტყვით, საერთოდ მინდოდა ჩემი ცხოვრება შემეცვალა. 3 წელი საკუთარ თავზე ვმუშაობდი და მორალურად ვემზადებოდი. ვიცოდი, რომ ან დამლაგებლად უნდა მემუშავა, ან – მოხუცის მომვლელად.
ვაცნობიერებდი იმას, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ საპასუხისმგებლო სამუშაოა და სულ ვფიქრობდი, შევძლებდი, თუ, არა?!“
2005 წელს დაქვრივდა და ორ ვაჟთან ერთად, მარტო დარჩა. უფროსი შვილი დუბაიში წავიდა სამუშაოდ. მაშინ კი, როდესაც უმცროსმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა, მივხვდა, რომ შვილებს საკუთარი ცხოვრება უკვე ჰქონდათ და მის გარეშეც, დამოუკიდებლად, შეძლებდნენ ფეხზე დადგომას:
,,ვფიქრობ, რომ რაც მეტად ვერევით შვილების პირად ცხოვრებაში, მით მეტად ვასუსტებთ და ვზღუდავთ საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში და ამით მათ ვამუხრუჭებთ.
ამიტომ ჩემებს ვუთხარი, მოვიდა ჩემი წასვლის დროც–მეთქი. 46 წლის ვიყავი. გავყიდე მანქანა. ვიყიდე ბილეთი და 7 აპრილს ჩემს მეგობართან ჩამოვედი, რომელიც ესპანეთში უკვე 8 წელი ცხოვრობდა. ნაწილობრივ, მისი დამსახურებაა ის, რომ ესპანეთში ემიგრირება გადავწყვიტე.
არ ვიცი, რა და როგორ იქნებოდა, ჩემი მეგობარი რომ არ ყოფილიყო აქ. მისი მეგობრების დახმარებით ვიშოვნე ჩემი პირველი სამსახურები.
ბევრი არ იყო, თვეში 240 ევრო გამოდიოდა, მაგრამ საიდანღაც უნდა დაიწყო, ხომ? ჩამოსვლის მეორე დღიდან ენის უფასო კურსებზე შევედი,– რა თქმა უნდა, ესეც ჩემი მეგობრის დახმარებით. პარალელურად, კერძო მასწავლებელთან დავიწყე ენის შესწავლა. პირველი ,,სერიოზული” სამუშაო, ანუ ოჯახში დარჩენით, 3 თვის მერე ვიშოვნე. 500 ევრო მქონდა ხელფასი,– დასვენების დღეების გარეშე.
ჰქონდათ 2 კერძო ბინა და სასტუმროს სტილის 27 ნომრიანი აპარტამენტები. დღეს რომ ვფიქრობ, როგორ, რანაირად ვახერხებდი და ვასწრებდი ყველაფერს, პასუხს ვერ გეტყვით.
ზუსტად 10 თვე ვიმუშავე. სრული, 24 საათიანი დატვირთვით. წონაში საგრძნობლად დავიკელი. ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო“, –ამაზეა ნათქვამი. საქართველოში ბანკის კრედიტს ვიხდიდი და ვითმენდი ასეთ გრაფიკს“.
ერთ დღეს კი, როდესაც მარტო ალაგებდა აპარტამენტებს, სეზონის გახსნისთვის, მხოლოდ მინის საწმენდი საშუალებით (სხვა არ უყიდეს), უფროსმა შენიშვნა მისცა, რომ ყველაფერი ისე არ ბრწყინავდა, როგორც საჭირო იყო.
სწორედ იმ მომენტში საკუთარ თავს უთხრა: ,,მორჩა, ნინელი, აქ აღარ უნდა გაჩერდე. აქ შენი ადგილი არაა!“ ბევრი აღარც უფიქრია, მეორე მეგობარს დაურეკა და სთხოვა, რომ სამუშაო ადგილიდან წასვლაში დახმარებოდა, რადგან იქ არანაირი ტრანსპორტი არ დადიოდა…
შემდეგ იყო ესპანელების ოჯახი, რომელთანაც დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს, ასევე,- 93 წლის ბებო, საკმაოდ რთული ურთიერთობით…

ერთხელ, შვებულების დროს, გადავწყვიტა „სანტიაგოს გზა“ გაევლო. ახალი ისტორიაც და ქართველი ემიგრანტის მეორე ცხოვრებაც სწორედ აქ იწყება:
,,20 დღე, ფეხით, 373 კილომეტრი გავიარე. სადაც ჩემი მომავალი მეუღლე, რაფაელი, გავიცანი. თუმცა იქ, გზაში, არაფერი მომხდარა, მხოლოდ ერთმანეთს ვამხნევებდით.
ვუყვებოდით ერთმანეთს ჩვენ ცხოვრებაზე. 8 დღე ვიარეთ ერთად და დავშორდით. მე გავაგრძელე გზა. 3 თვის მერე დამირეკა, შენი ნახვა მინდაო. 300 კმ–ის დაშორებით ცხოვრობდა.
შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, როდესაც მე ვისვენებდი. მესამედ რომ ჩამოვიდა, ბეჭედი ამოიღო და ხელი მთხოვა. ძალიან სწრაფად მოხდა ჩვენი ურთიერთობის დაწყება. 2022 წლის 11 ივნისს, ქალაქ რეუსიდან, უცებ, ვალენსიის პროვინციის, სოფელ ალკუბლასში ამოვყავი თავი.

სექტემბერში ვიქორწინეთ. ვინაიდან ჩემ მეუღლეს ბავშვობიდან ფუტკართან ჰქონდა შეხება, ანუ მეფუტკრეების ოჯახში გაიზარდა და კარგად იცის ეს საქმე, გადავწყვიტეთ სკები გვეყიდა. 100 სკა ვიყიდეთ. ჩემს მაზლს 500-ზე მეტი სკა ჰყავს. ბევრი რამე მან ამიხსნა, მაგრამ ლომის წილი ჩემს ქმარს ეკუთვნის...“
1 წელიც არ არის, რაც ახალ პროფესიას ეზიარა, დღეს კი, უკვე 150-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ჰყავს.
,,პირველად ჩემი ხელით თაფლი მარტის დასაწყისში მოვჭერი. დასაქმებით, ჯერ არავინ დაგვისაქმებია, ჯერ ჩვენც ავუდივართ საქმეს. ხანდახან ვმოგზაურობთ, ადგილებს ვეძებთ,სადაც შეგვიძლია სკები გადავიტანოთ– ხოლმე, სეზონის მიხედვით.
ამის გამო გვიწევს ადგილობრივ მერებთან მოლაპარაკებაც. საკმაოდ მალე ავუღე ალღო ყველაფერს. ასე მგონია, ამ საქმეში უკვე დიდი ხანია, ვარ. იმდენად საინტერესო და სასიამოვნოა ფუტკართან მუშაობა, რომ, მგონი, ვიპოვნე ის, რასაც ვეძებდი“.
სამსახურში ჯერ არავინ დაუსაქმებიათ, მაგრამ, როგორც ნინელი ამურველაშვილი ამბობს, ფუტკრების 200 ოჯახს რომ მიაღწევენ, აუცილებლად დასჭირდებათ ხალხი.

სიცხის გამო ამ ადგილებში ხშირად წვიმას ნატრობენ. ამბობს, რომ 7 თვეა, არ უწვიმია. ამიტომ ცოტას ნერვიულობს, ფორთოხლის ხის ყვავილობა რომ მორჩება, თუ არ იწვიმა, ყვავილიც არ გამოვა და არ იცის, რა უნდა ქნას.. და ასე, საქმიან ფუსფუსსა და სამომავლო გეგმებზე ფიქრში გადის დრო…
ამ ხუთი წლის მანძილზე ნინელიმ ცუდიც ბევრი ნახა და კარგიც. ყველაზე მტკივნეულად კი, დის და მამის გარდაცვალება განიცადა. ახლობელი ადამიანები ვერც ბოლო გზაზე გააცილა. ამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებს, რომ აღარ არიან…
,,კარგი ის მოხდა, რომ ჩემს ორივე შვილს მშვენიერი მეუღლეები ჰყავთ. დედამთილი კი, მქვია, მაგრამ უფრო მეგობრები ვართ მე და ჩემი რძლები,- ორი პაწაწუნა გოგოს: ალექსანდრას და თუთას ბებო ვარ.
ალექსანდრა 1 წლის ხდება მაისში. თუთა ჯერ 1 თვისაც არაა… ზოგი გვტოვებს და ზოგი შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. როგორც ესპანელები იტყვიან, ,,es la vida”
ნინელი ამურველაშვილი ქართველ ემიგრანტებსაც მიმართავს და ურჩევს, რომ არასდროს შეწყვიტონ თავისი მიზნისკენ სვლა, ,,არასდროს ჩამოყარონ ხელები“.
,,სამყარო ერთ კარებს გიხურავთ და მეორეს გიხსნით. მე მჯერა ნიშნების სამყაროსგან. საკუთარ თავზე გამოვცადე. ბევრი რამე აღმოვაჩინე და ვისწავლე, საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩი.
ისწავლეთ, იყოთ ბედნიერი საკუთარ თავთან. ბევრჯერ გამიგია, საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი ოჯახს აღარ სჭირდებაო. ამასთან დაკავშირებით, აი, რას გეტყვით:
საკუთარ თავს როგორც სცემთ პატივს, ისე გექცევათ მერე ყველა; ყველა პრობლემა ჯერ საკუთარ თავში ეძებეთ; არასდროს დააბრალოთ სხვას საკუთარი უიღბლობა; გაზარდეთ შვილები ისე, დამოუკიდებლები რომ იყვნენ; ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ყველაფერს;
17-18 წლის ახალგაზრდებს მიეცით საშუალება, დაუშვან საკუთარი შეცდომები; მიეცით აირჩიონ ის გზა, რაც თვითონ უნდათ; აუცილებლად შეაქეთ და უთხარით, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ეს გამოცდილებას მისცემს.
და ბოლოს, მინდა ვუთხრა იმ ქართველებს, ვისაც უნდა ემიგრაციაში წასვლა, მორალურად შეეგუეთ იმას, რომ ადვილი არ იქნება, ყველაფრისთვის მზად იყავით, მთავარია, მიზანი გქონდეთ.
მიზანში არ ვგულისხმობ ლტოლვილად ჩაბარებას.
მე მაპატიეთ ამის თქმისთვის. ბევრს ჰგონია ლტოლვილად ჩაბარდება და მერე სახელმწიფო იზრუნებს მათზე, რაც ძალიან დიდი შეცდომაა.
საკუთარმა ქვეყანამ არ იზრუნა თქვენზე და სხვა ქვეყანას ნუ მოსთხოვთ შეგინახოთ და გაცხოვროთ უშრომელად. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და გაიაზრეთ, რომ უშრომელად ვერაფერს ვერ მიაღწევთ.“
საქართველოში დაბრუნდება, თუ -არა?- ნინელი ამურველაშვილი ამბობს, რომ სამშობლოში, ახლობლების მოსანახულებლად, აუცილებლად გაემგზავრება, მაგრამ დარჩება თუ არა საცხოვრებლად, ჯერ არ იცის… არც ის იცის, სამყაროს მისთვის კიდევ რა გეგმები აქვს შემონახული….

ნატო მეგუთნიშვილი