ახალი კანონი შრომითი რისკების შესახებ/ესპანეთში მიღებული ახალი ნორმატიული ჩარჩო პრევენციის მიზნით და მასთან დაკავშირებული დადგენილება, მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს შინამოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის.
კანონი რომელიც 2025 წლის 14 ნოემბრიდან უკვე ძალაში შევიდა, ეხება ყველა იმ ადამიანს რომელიც მუშაობს “EMPLEADA DE HOGAR”- ის კონტრაქტით.
ესპანეთში, ისტორიულად, საოჯახო სფეროში დასაქმებული მუშახელი რომლის 90% ქალია, არასაკმარისად იყო დაცული უსაფრთხოების და შრომითი უფლებების თვალსაზრისით.
ის სფერო სადაც ტრადიციულად მიჩნეულია ქალის ხელსაქმედ დღემდე განიცდის დისკრიმინაციულ მიდგომას.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წლიდან გახდა შესაძლებელი საოჯახო საქმეებში დამხმარეებს და მომვლელებს ჰქონოდათ უმუშევრობის დაზღვევა იგივე პარო.
ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრას და სათანადო დაცვითი გარანტიების შექმნას ისევე, როგორც სხვა სფეროში დასაქმებულთათვის არსებობს.
რა მოთხოვნები უწესდება დამსაქმებელს
რისკების შეფასება, მათი აღმოფხვრა და დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფა
კანონის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია თავად განახორციელოს სამუშაო გარემოს რისკების შეფასება და საჭირო საკორექციო ღონისძიებები საცხოვრებელ სახლში „Prevencion10“-ის (INSST) პლატფორმის მეშვეობით.
შეფასების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა სახის რისკი, როგორიცაა სიმაღლიდან ჩამოვარდნის საშიშროება, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, მძიმე საგნების აწევა, ასევე დამცავი საშუალებებით და უსაფრთხო სამუშაო პროდუქტებით უზრუნველყოფის აუცილებლობა.
უსაფრთხოების უფასო ონლაინ-კურსის გავლა შესაძლებელია იგივე ვებპლატფორმის საშუალებით.
დამსაქმებელი ავსებს შესაბამის კითხვარს და უთითებს დასაქმებულის ელექტრონულ ფოსტას; შემდგომ დასაქმებული თავად ავსებს ანალოგიურ ფორმას, რის შემდეგაც დასაქმებულს შეუძლია გაიაროს 30-საათიანი სამუშაო უსაფრთხოების უფასო ონლაინ-კურსი სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე.
კურსის წარმატებით დასრულებისთანავე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ჩამოიტვირთონ სერტიფიკატი იმავე საიტიდან, რომელსაც შემდეგ გადაუგზავნიან დამსაქმებელს.
შინამოსამსახურის უფლებები
● ინფორმაციის მიღება სამუშაოს რისკებზე
● უსაფრთხო გარემოს მოთხოვნა
● უფასო დამცავი საშუალებების მიღება
● ტრენინგისა და კონსულტაციის უფლება
● ჯანმრთელობის მონიტორინგი
ეს კანონი უზრუნველყოფს უკეთეს სამუშაო პირობებს, უსაფრთხო გარემოს და სოციალური დაცვის უფრო მაღალ დონეს შინამოსამსახურეებისთვის ესპანეთში.
როგორც სამუშაო ინსპექციამ განაცხადა, ახალი კანონის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამსაქმებელი შეიძლება დაჯარიმდეს რვაასი ათას ევრომდე ხოლო თორმეტი ათას ევრომდე, თუკი სეგურიდად სოციალში არ დააყენებენ აღრიცხვაზე თანამშრომელს.
აღსანიშნავია, რომ წელს ქალაქ ვალენსიაში ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ემიგრანტი მარიკა კაპანაძე, რომელიც სამუშაო მოვალეობის შესრულებისას უსაფრთოხო და არასათანადო პირობებში მუშაობის გამო ფანჯრის წმენდისას საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები აღარ განმეორდება.