ბარსელონაში, ახალგაზრდა ქართველი ქალი დაიღუპა

როგორც ადგილობრივი პრესა და პოლიცია იტყობინება, ტრაგიკული შემთხვევა მარაგალზე, გინარდოს უბანში, 3  ივნისს, გამთენიისას მოხდა, სადაც ახალგაზრდა ქალი მე-4 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა მაშინ, როდესაც ოჯახის წევრებიც სახლში იყვნენ.  

გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა აუტოფსია და დადებულია წინასწარი დასკვნა, თუმცა ამ ეტაპზე სამართალდამცავები ძირითად დასკვნას ელოდებიან.

ასევე, დალუქულია საცხოვრებელი ბინა. სრულყოფილი მოკვლევის ჩასატარებლად ხდება, პირადი ნივთების და მიმოწერის გადახედვა.

ჩასწორება: ამჟამად, საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ნათია გ. გადმოვარდა, დალუქულია მხოლოდ ის ოთახი სადაც წყვილი ცხოვრობდა (08/06.2024).

ამ დროისთვის, როგორც დანაშაულში ეჭვმიტანილი, დაკავებულია ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, რომელთანაც როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა სულ რამდენიმე დღეა რაც გარდაცვლილმა ოჯახი შექმნა.

მომხდარი ფაქტის შესახებ ვრცელდება სხვადასხვა ვერსიები, რომელზეც სამართალდამცავებს ჯერ-ჯერობით არ აქვთ კონკრეტული პასუხი, თუ გამოძიება რა კვალიფიკაციას მიიღებს.

მეზობლების თქმით, სახლიდან ხშირად ისმოდა ხმაურის და კამათის ხმა.

როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები გვეუბნებიან, ქართველი ქალი უკვე ორი წელია რაც ემიგრაციაში ცხოვრობს, ესპანეთში და აქ ჰყავს ძმის ოჯახიც.

ჩვენ დავუკავშირდით დაკავებულის დედას, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი და გარდაცვლილი ქალი, ერთმანეთს დიდი ხანია რაც ხვდებოდნენ, მაგრამ ურთიერთობის პერიოდში ჰქონდათ გარკვეული შეუთავსებლობა და თითქმის ნახევარი წელი ერთმანეთთან არ კონტაქტობდნენ.

თუმცა სულ ახლახან შერიგდნენ და გადაწყვიტეს შეუღლება. დაახლოვებით ოცი დღის წინ, გოგონა საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა.

ქართველი წყვილის ერთ-ერთი მეგობარი, ორივეს ძალიან დადებითად ახასიათებს და გვეუბნება, რომ ასე, ერთი შეხედვით ვერ ატყობდა თუკი რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლებოდა ჰქონდათ ურთიერთობაში.

როგორც გარდაცვლილის მეგობარი გვეუბნება 2 ივნისს, დღისით, მეუღლესთან ერთად სტუმრობდა მათ ოჯახს და საჭვო არაფერი შეუმჩნევია გარდაცვლილისთვის, არც სხეულის დაზიანებები, არც ხასიათის ცვლილება, რაც მის მდგომარეობაში დააეჭვებდა.

ჩვენს გაზეთთან საუბრისას თავად დაკავებულის დედა ნინო ი. აცხადებს, რომ იმ ღამით თვითონაც სახლში იყო და „თვითმხილველია“ თუ როგორ გადახტა მე-4 სართულიდან ნასწია (ნათია) გ.-

„პირველი საათი იქნებოდა დაწყებული, როდესაც დასაძინებლად წავედით, ათი წუთი იქნებოდა გასული რომ ნასწია გამოვიდა ოთახიდან, ამ დროს მე საწოლს ვშლიდი, როდესაც დავინახე რომ უკვე მოაჯირზე იყო ასული.

შევკივლე და მისკენ გავიქეცი, კივილზე ჩემი შვილიც გამოვარდა ოთახიდან, ამ დროს მე წავიქეცი, ჩემი შვილი გადამახტა და ისიც მისკენ გაიქცა, თუმცა ვერ მიუსწრო, ის უკვე  იქ აღარ იდგა.

თავზარდაცემულები გავიქეცით დაბლა, ჩემმა შვილმა რომ დაინახა ძირს იწვა გაუნძრევლად, ჩვენს მახლობლად მცხოვრებ ნათესავებთან შველის სათხოვნად გაიქცა და უკან რომ მობრუნდა მაგ დროს აიყვანა პოლიციამ.

მე და ერთი ქალბატონი ბოლომდე, სასწრაფოს მოსვლამდე ნასწიას რეანიმაციას ვცდილობდით გულის მასაჟით, მერე უკვე აღარც მიგვაკარეს მიცვალებულს.

პრესა წერს ჩემს შვილზე რომ – „გაიქცაო“, არსად არ გაქცეულა, შოკში იყო და არ იცოდა ვისთვის დაეძახა, ახლაც ვერ გამოდის მდგომარეობიდან.

ამ ყველაფრის შემსწრე არის ერთი ქალბატონი, რომელიც ამჟამად ტურისტული ვიზიტით იმყოფება ჩვენთან სახლში.

ქ. ნინო, მეზობლები ამბობენ რომ ხშირად ჩხუბობდნენ და ხშირად ისმოდა სახლიდან ხმაური.

თქვენი შვილი ფიზიკურად ძალადობდა გარდაცვლილზე?

მე 24 საათიან სამსახურში ვმუშაობ, ინტერნაზე, ძალიან იშვიათად მიწევს სახლში ყოფნა, სულ რამდენიმე დღეა რაც ჩვენთან ცხოვრობს, არასდროს შემიმჩნევია არანაირი დაზიანება.

ასე რომ ყოფილიყო ზომებს მივიღებდი, მეც ქალი ვარ და ხომ მესმის ამდენი?

შეგიძლიათ მითხრათ მათი ასაკი?

თანატოლები არიან, 33 წლისები.

რაც შეეხება ხმაურს, ახალი მოყვანილი იყო და სუფრა იყო სულ გაშლილი, სტუმრები მიდიოდნენ-მოდიოდნენ, იმ ღამითაც ტერასაზე ლუდი დავლიეთ.

თქვენც იცით ალბათ ესპანელების ამბავი… ხმაური თუ გადიოდა, მიზეზი იყო – სტუმრიანობა.

პრესაშიც, შენც კარგად იცი ბევრი არასწორი ინფორმაცია იწერება ხოლმე. ჩემს შვილს ვერ უმტკიცებენ დანაშაულს, არანაირი მტკიცებულება არ არის ნაპოვნი.

ყველაფერს შეისწავლიან, გამოიძიებენ და დასკვნას დადებენ, თუ რა მიზეზით მოხდა ეს უბედურება.

ანგელოზივით ბავშვი იყო, ხელს ვინ ახლებდა და გადააგდებდა?!

ერთმანეთი როგორ გაიცნეს?

მე ნასწიას დედას ბავშვობიდან ვიცნობ, მაგრამ ბექამ და მან ერთმანეთი გოგოს ძმის ოჯახში გაიცნეს, რომელიც ბარსელონაში ცხოვრობს.

ერთ წელზე მეტია რაც ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ხასიათით ვერ შევეწყეთო და ექვსი თვე დაშორებულები იყვნენ.

სულ ერთი ორი თვე იყო რაც შერიგდნენ და რამდენიმე კვირის წინ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს.

ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთს ვულოცავდით ოჯახები და… აი, ეს უბედურება დაგვემართა…

არ ვიცი ეს რატომ გააკეთა, რა ხდებოდა მის თავს, მე ვერ წარმომიდგენია ასეთი რამ რატომ გააკეთა.

თავისი ნებით იყო ჩემს შვილთან, თავად გადმოვიდა ჩვენთან სახლში, ძალა არავის დაუტანებია.

გამოძიება გრძელდება და ყველაფერი გაირკვევა, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ არასწორია თითის ასე გაშვერა, როცა ჯერ გამოძიება არ დამთავრებულა და არავინ იცის დანამდვილებით რა მოხდა.

გარდაცვლილის ოჯახი რას ამბობს?

არაფერი არ ვიცი, ისინი საქართველოში არიან, აქ ძმა ჰყავს – გვიყვება ქ. ნინო ჩვენთან მოკლე ინტერვიუში.

როგორც თავშივე აღვნიშნეთ, წინასწარი ინფორმაციით პოლიცია არც ერთ პირვანდელ ვერსიას არ გამორიცხავს.

ჩვენებებში ყველა მეზობელი ჰყვება, რომ წყვილი გამუდმებით ჩხუბობდა, თუმცა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ქართველ ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს საჩივრით.

ჯერ-ჯერობით, საქმეში, არც რაიმე სამედიცინო მტკიცებულება არ დევს ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, თუმცა ძლადობის უამრავი ფორმა არსებობს და ყველა კითხვას, სავარაუდოდ პირადი მიმოწერების ამოღების შემდეგ გაეცემა პასუხი.

წინა სასამართლოს გადაწყვეტილებით, სავარაუდო დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ბექა ი. გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში რჩება.

ჩასწორება: სასამართლო გადაწყვეტილებით ბექა ი. გადაყვანილია ციხეზე (08/06/2024).

გვესმის რომ ეს თემა ძალიან მტკივნეული და სენსიტიურია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ობიექტურობა.

უკვე ბევრი ვერსია დაიწერა და ითქვა ესპანურ პრესაში და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თუ დაზუსტებულ ინფორმაციას შემოგვთავაზებთ უმჯობესი იქნება ჩვენთანაც გაშუქდეს.

ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებს, თუკი დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შეგიძლიათ, გთხოვთ მოგვწერეთ.

ჩვენი გაზეთის და ქართველი ემიგრანტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI