ბარსელონაში უკრაინის კონსულის მადლობა ქართველ ემიგრანტებს. ბოლო დროს უკრაინაში არსებული დაძაბულობის გამო,
ევროპის ქალაქებში ქართველი ემიგრანტები აქტიურად მართავენ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
მსგავსი აქცია გაიმართა ქ. ბარსელონაში, პლაცა კატალონიაზე, კვირა დღეს, 13 თებერვალს, რომელსაც შემოუერთდნენ უკრაინელი ემიგრანტებიც.
ერთობლივი აქციის მონაწილეებმა პერფორმანსის სახით, ქართულ და უკრაინულ დროშებზე მხარდაჭერის ნიშნად დატოვეს ხელმოწერები შემდეგ კი გადასცეს უკრაინული დიასპორის წარმომადგენელს, უკრაინის საკონსულოში წასაღებად,
როგორც ქართველი ხალხის თანადგომის სიმბოლო, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.
ამ პროტესტმა თავის მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, როგორც ადგილობრივ ისე ქართულ და უკრაინულ მედიაში.
(Ara, 20 minutos, Europapress, Abc, ფორმულა, მთავარი არხი)
ძალიან ემოციური აღმოჩნდა ერთობლივად ნამღერი უკრაინის ჰიმნი და გამამხნევებელი შეძახილები.
აქციის მონაწილეებმა ასევე დააფიქსირეს მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნა.
16 თებერვალს „უკრაინის ერთიანობის“ დღეს უკვე უკრაინელებმა მოუხმეს ქართველ მხარდამჭერებს, უკრაინის საკონსულოს შენობასთან, სადაც ისევე ააფრიალეს წინა კვირას ხელმოწერილი უკრაინულ-ქართული დროშები.
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდა უკრაინის კონსული და ქართველ ემიგრანტებს და ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თანადგომისთვის.
ბარსელონაში შეკრებილმა ქართველმა ემიგრანტებმა აღნიშნეს, რომ „საკუთარ თავზე აიღეს უკრაინის ერთიანობის მხარდაჭერის დემონსტრირება რაშიც უკიდურესად პასიურია საქართველოს ხელისუფლება და დიპლომატიური წარმომადგენლობა“.
მიუხედავად გამოთქმული უკმაყოფილებისა აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
16 თებერვალს უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც თბილისში, უკრაინის საელჩოში გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა:
„კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი.“
ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური გვერდიდან.