ბექა ართილაყვა – გურიიდან ესპანეთის ჩემპიონობამდე

ბექა ართილაყვა -გურიიდან-ესპანეთის-ჩემპიონობამდე2048X1366

ბექა ართილაყვა — 25 წლის ქართველი სპორტსმენი გურიის სოფელ სუფსიდან — დღეს უკვე ესპანეთის ჩემპიონია MMA-ს სამოყვარულო ასპარეზობაში. მან 2025 წლის 26 აპრილს GAMMA-ს ორგანიზებით გამართულ ესპანეთის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა და სპორტული კარიერის მნიშვნელოვან ეტაპს ჩაუყარა საფუძველი.

ბექამ სპორტული გზა 11 წლის ასაკში, თავისუფალი ჭიდაობით დაიწყო. როგორც თავად ამბობს, სპორტზე “შეყვარებული” ბავშვობიდან იყო და არ შეუწყვეტია ვარჯიში მანამ, სანამ პანდემიამ საცხოვრებელი პირობები არ გაურთულა:

„როცა საქართველოში ვარჯიშობდი, ვცხოვრობდი სპორტულ საცხოვრებელში, სადაც ყველაფერი უზრუნველყოფილი მქონდა. კოვიდის პერიოდში ეს საცხოვრებელი დაიკეტა, სოფელში მომიწია დაბრუნება. ერთი წელი ვერ ვვარჯიშობდი. შემდეგ თბილისში დავბრუნდი, მაგრამ საცხოვრებელი ისევ დაკეტილი დამხვდა. ამ დროს ერთმა კარგმა ოჯახმა შემომთავაზა ესპანეთში ჩამოსვლა…“

2023 წელს ბექა ესპანეთში ჩამოვიდა. თავდაპირველად მუშაობდა მშენებლობაზე, შემდეგ დაეუფლა ენას და დაიწყო ჭიდაობის სწავლება ბავშვებისთვის, პარალელურად კი MMA-ში ვარჯიში. სწორედ აქ, ბარსელონაში, 2024 წლის მაისში ჩაება MMA-ს სამყაროში და პირველივე დიდ ტურნირზე გაიმარჯვა.

„ჩემი პირველი დებიუტი დიდი ორგანიზაციის ფარგლებში WAR-ში შედგა, სადაც გამარჯვება მოვიპოვე. ამის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონიც გავხდი და ახლა ვემზადები პროფესიონალურ MMA-ში დებიუტისთვის.“

ბექას ხედვაა მკაფიო — სურს პროფესიონალურ რინგზე ბრძოლა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ესპანურ ორგანიზაციაში, რომელის ერთ-ერთი მფლობელი ცნობილი ქართველი მებრძოლი ილია თოფურიაა და რომელსაც სიმბოლურად „WOW“ ჰქვია.

თუმცა ბექას გზა მარტივი არ ყოფილა. ის, როგორც ემიგრანტი სპორტსმენი, ყოველდღიურად აწყდება სირთულეებს:

„არ მაქვს საბუთები და ამიტომ ვერ მივდივარ მსოფლიო ჩემპიონატზე. რთულია ერთდროულად იმუშავო და ვარჯიშიც შეძლო. ფიქრი გიწევს ყველაფერზე, ამიტომ ბოლომდე ვერ ეძღვნები სპორტს.“

უახლოესი გეგმების შესახებ

ბექა ხაზს უსვამს, რომ 6 თვეში უკვე პროფესიონალურ ორთაბრძოელებს გამართავს.
,,რა თქმა უნდა მინდა გავხდე მსოფლიო ჩემპიონი”- აცხადებს ქართველი ჩემპიონი ჩვენთან საუბარში…

მისი გამოცდილება შთამაგონებელია იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც უცხოეთში ცხოვრების და სპორტული ასპარეზობის გზაზე ფიქრობენ. უნდა იცოდნენ, რომ ეს გზა მარტივი ნამდვილად არა არის და მიზნების მისაღწევად, დიდი მსხვერპლის გაღება უწევთ ევროპაში მოღვაწე სპორტსმენებსაც.


წარმატებას ვუსურვებთ ბექას და მოუთმენლად ველით მის დებიუტს პროფესიონალურ არენაზე!

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI