ბინების თაღლითური სქემა ბარსელონაში – ნაწილი 2

ბინების-თაღლითური-სქემა-ბარსელონაში1600X1600

ბინების თაღლითური სქემა ბარსელონაში – ნაწილი 2/ ბარსელონაში მოქმედ თაღლითურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ყოველდღე ვიღებთ ახალ-ახალ ინფორმაციებს, რაც დაზარალებულების მონაყოლს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის.

ისტორიები ყველასთან ერთიდაიგივე სცენარით მეორდება მცირე სხვაობებით, მაგრამ ყველა ადამიანის ბოლო, სახლიდან გამოსახლებაა. ბინის პატრონები ამბობენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ ვინ არის გიორგი გვირგვლიანი

და ამტკიცებენ, რომ მათ ბინის ქირა არასდროს მიუღიათ, შესაბამისად ბინაში მცხოვრები ხალხის გასახლების პროცედურები დაწყებულია.

დღეს, ერთ-ერთი ბინის ესპანელი მეპატრონე, მარგარიტა, პირადად გვესაუბრა იმის შესახებ, თუ მის ბინაში როგორ დააკავა პოლიციამ გიორგი გვირგვილიანი, (მათ ჰგონიათ რომ ბინას ე.წ. „იტალიელზე“ აქირავებენ).

როგორც ჩანს მარგარიტამ მეზობლების დახმარებით, შეძლო მდგმურთან დაკავშირება და ინფორმირებული იყო იმის შესახებ რომ ბინაში მცხოვრებ ოჯახთან, ვიღაც სხვა პირი მიდიოდა მისი სახლის გასაღების წასაღებად.

დათქმულ დროს, ადგილზე მყოფ მეპატრონეებს ქართველი „მაკლერი“ უმტკიცებდა, რომ ბინა მისი იყო და გასაღების წასაღებად იყო მისული.

სწორედ ამ დროს მეზობლებმა გამოიძახეს პოლიცია, რომელსაც გიორგი გვირგვლიანმა წარუდგინა ყალბი საბუთები, იგი ადგილზევე დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

როგორც გავარკვიეთ, დაკავების მიუხედავად, პოლიციამ ქართველი „მაკლერი“ მალევე გამოუშვა და ჩაინიშნა სასამართლო.

როგორც პოლიციაში გვიდასტურებენ, გამოძიება პროცესშია, სასამართლო გადაწყვეტილება კი ჯერ არ დამდგარა.

ამიტომ სანამ სასამართლო განაჩენი დადგება, ინფორმაციის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია, ამით სხვა ადამიანებს აარიდებთ საფრთხეს.

დღეს მივიღეთ კიდევ ერთი დაზარალებულის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

(წინა სტატია იხილეთ ტექსტის ბოლოში)

იოსავა ნინო

მე, იოსავა ნინო 2018 წლიდან ვიმყოფები ესპანეთში ქ. ბარსელონაში. ჩამოსვლის დღიდან სურვილი მქონდა მექირავებინა ბინა, რასაც ვერ ვახერხებდი საბუთის უქონლობის გამო.

2021 წლის ნოემბერში შემთხვევით წავაწყდი განცხადებას, რუსულ-უკრაინულ Facebook გვერდზე, სადაც ვინმე „Lunia Vibliani“ აქვეყნებდა რომ შესაძლებელი იყო ბინის ქირაობა კონტრაქტის გარეშე, დავინტერესდი და დავუკავშირდი, როგორც გაირკვა ლუნია ამ საქმეში მოქმედებდა თავის მეუღლესთან გიორგი გვირგვლიანთან ერთად.

დავნიშნეთ შეხვედრა, გიორგიმ გამაცნო პირობები რაზეც დავთანხმდი, რამდენიმე თვეში მომიძებნა ბინა (დაახლოებით 3 თვეში) 2022 წლის მარტის დასაწყისში გიორგიმ გადმომცა ბინის გასაღები, რის სანაცვლოდაც გადავუხადე 5200€.

მან არანაირი წვდომა არ მომცა ბინის მეპატრონესთან. კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ივნისის თვის დასაწყისში გადმომცა კონტრაქტის ფურცელი რომ მესარგებლა და ჩაწერა დამეფიქსირებინა იქ სადაც ვცხოვრობდი, გაირკვა რომ ივნისის დასაწყისში გიორგის ბინაში ჩაწერილი ჰყავდა რუსეთის 10 მოქალაქე (თითოეულის ჩაწერა 200€ სანაცვლოდ).

კონტრაქტი, რომელიც მე გადმომცა გიორგიმ მითითებული იყო ორი იტალიის მოქალაქე ვინმე – Sepe Pasquale და Giorgio Romano ( შემდეგში როგორც გაირკვა ფოტოსურათებით ორი საქართველოს მოქალაქე იტალიური სახელებით და გვარებით).

ბინაში შესვლის დღიდან დაწყებული ბინის ქირას ვუხდიდი ყოველი თვის დასაწყისში- 1000€-ს, გიორგის ვხვდებოდი მისთვის შესაფერის და დათქმულ ადგილას (ადგილი სადაც არ ფიქსირდებოდა სათვალთვალო კამერები).

პარალელურად აკონტროლებდა თვითონ და მე წვდომის საშუალებას არ მაძლევდა კომუნალურ გადასახადებთან. გადასახადებს მიწესებდა ორმაგად, სამმაგად (როგორც შემდგომში გავარკვიე წლიური ამონაწერიდან).

2023 წლის იანვრის თვეში გიორგი ბინაში მესტუმრა ორ თანმხლებ უცხო მამაკაცთან ერთად ( სავარაუდოდ ლათინოამერიკელები), ერთ-ერთი გამაცნო როგორც ბინის მეპატრონე და სასწრაფოდ ითხოვდა ბინის დაცლას.

საეჭვოდ მომეჩვენა ყველაფერი, დავუკავშირდი ბარსელონაში ქართველ სამეგობრო წრეს და შევატყობინე მომხდარის შესახებ. გავარკვიე და დავადგინე რომ ანალოგიური სცენით, სპექტაკლი ჰქონდა დადგმული სხვა ქართველებთან.

პირადი ურთიერთობის საშუალება მომეცა ერთ-ერთ დაზარალებულთან ექიმ-კოსმეტოლოგ, ნინო ხუნდაძესთან, ამის შემდგომ, მივმართე კატალონიელ-ესპანელ და ქართველ ადვოკატს.

ადვოკატების მეშვეობით გავარკვიე ნამდვილი ბინის მეპატრონის ვინაობა და 11 თვის მანძილზე ბინის ქირის გადაუხდელობა მეპატრონისადმი გიორგის მიერ.

აპრილის დასაწყისში წავიკითხე Facebook გვერდზე „ქართველები ბარსელონაში” ძმები წიკლაურების გამოქვეყნებული პოსტი, სადაც იუწყებოდნენ რომ თაღლითობაში ამხელდნენ გიორგი გირგვლიანს.

ვისარგებლე შემთხვევით დავუკავშირდი ძმებ წიკლაურებს და აგრეთვე მათი მეშვეობით რამდენიმე ათეულ დაზარალებულ ქართველს. შეიქმნა ჩვენი (დაზარალებულთა) ერთობლივი ჯგუფი.

მივაწოდეთ ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით და საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს საკონსულო ადგილობრივ სამართალდამცავებთან ერთად.

ბინების-თაღლითური-სქემა-ბარსელონაში1600X1600

ბინების თაღლითური სქემა ბარსელონაში- ნაწილი 1

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI