გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ პრეზენტაცია ბარსელონაში

გიორგი-კეკელიძის-წიგნის-„დედა-და-ილია“-პრეზენტაცია-ბარსელონაში821X859

გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ პრეზენტაცია ბარსელონაში / პირველ თებერვალს, ბარსელონაში, Casa Seat-ის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ პრეზენტაცია.

ღონისძიება, ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის მაკო სამხარაძის ორგანიზებით ჩატარდა და განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ემიგრანტ ქართველებში, რისი მთავარი მიზეზიც ილია თოფურიას ფაქტორი გახლდათ.

გიორგი-კეკელიძის-წიგნის-„დედა-და-ილია“-პრეზენტაცია-ბარსელონაში1536X2048

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში პირველი პრეზენტაცია 2024 წლის დეკემბერში შედგა ქალაქ ალიკანტეში, სადაც ამჟამად ილია თოფურიას ოჯახი ცხოვრობს. წიგნი შეეხება ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელ და უნიკალურ ცხოვრებისეულ გზას, რომელიც იწყება აფხაზეთის ომის საშინელებებით და ილია თოფურიას ისტორიული ტრიუმფით სრულდება.

მკითხველს ელოდება ემოციური მოგზაურობა სოხუმიდან ჭუბერამდე, რუსთავიდან ჰალემდე და ბოლოს ალიკანტედან კალიფორნიამდე – გზა, სავსე ბრძოლით, მოთმინებითა და უპირობო სიყვარულით.

რა თქმა უნდა წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ მძიმე პერიოდს, რომელიც ინგა ბენდელიანმა ოჯახთან ერთად გამოიარა სამოქალაქო ომის დროს, როდესაც მან ფეხით გადალახა უმძიმესი გზა ჭუბერის უღელტეხილის გავლით, სხვა დევნილებთან ერთად, სიცოცხლის გადასარჩენად.

თუმცა, როგორც თავად ამბობს, ამ განსაცდელებმა მისი ოჯახი მხოლოდ გააძლიერა და სწორედ ამ სირთულეებმა მისცათ შვილებს ბრძოლისა და გადარჩენის ძალა, რამაც საბოლოოდ ისინი დღევანდელ წარმატებამდე მიიყვანა.

„დედა და ილია“ მხოლოდ ერთი სპორტსმენის ისტორია არ არის – ეს არის დედის ისტორია, რომელიც არ გატყდა, არ დანებდა, ყველა სირთულე გადალახა და თავის შვილებს გამარჯვებისკენ გზის გაკვალვაში დაეხმარა. თავად ინგა ბენდელიანი ამბობს: „დედა არ უნდა იყოს საბრალო და ცოდო, არ უნდა დაჯაბნოს ცხოვრებამ. პირიქით, დედის გაუტეხელობა აძლიერებს შვილებს, ოჯახს და საბოლოოდ – ერს.“

პრეზენტაციის ორგანიზატორის, მაკო სამხარაძის, თქმით, Seat-ი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კომპანია, დიდი სიხარულით დათანხმდა ამ ღონისძიებაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ილია თოფურიას საოცარ პოპულარულობას არა მხოლოდ სპორტულ, არამედ საზოგადოებრივ და კულტურულ დონეზეც.

გიორგი-კეკელიძის-წიგნის-„დედა-და-ილია“-პრეზენტაცია-ბარსელონაში2048X1536

შეხვედრამ საოცრად თბილ და დახვეწილ გარემოში ჩაიარა, სადაც ემიგრანტებმა შეძლეს საკუთარი სიმპათია და მადლიერება გამოეხატათ ილია თოფურიას ოჯახის მიმართ.

მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ილიამ UFC-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ქართველების ცნობადობა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად შეიცვალა – ადრე თუ რუკაზეც ვერ პოულობდნენ ჩვენს ქვეყანას, ახლა უკვე ჩვენს დროშასაც კი უკვე ყველგან ცნობენ.

ეს გიორგი კეკელიძის რიგით მეორე წიგნია სპორტსმენებზე – პირველი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაიწერა. თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს წიგნები მხოლოდ სპორტზე არ არის.

ისინი უპირველესად ქართველი ადამიანების თვითდამკვიდრებასა და დაუღალავ ბრძოლაზე გვიყვებიან. კეკელიძის მიზანია, მკითხველს ის ინსპირაცია და ძალა უჩვენოს, რამაც ეს ადამიანები წარმატებამდე მიიყვანა.

ღონისძიება ემოციურად დატვირთული, საინტერესო და შთამაგონებელი გამოდგა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ „დედა და ილია“ მხოლოდ ერთ-ერთი ოჯახის ამბავი კი არა, არამედ ქართველი ერის დაუმორჩილებლობისა და წარმატების ისტორიაა.

პს: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იგეგმება მოხდეს წიგნის ესპანურ ენაზე თარგმანიც.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI