გიორგი ლაბაძე ესპანეთის და კატალონიის ჩემპიონი

გიორგი ლაბაძე — ბარსელონაში მოღვაწე ქართველი ჩემპიონი, რომელიც გზას UFC-სკენ იკვალავს

„ცნობადობაზე მეტად დაფასების პრობლემაა“ — ამბობს გიორგი ლაბაძე, ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, რომელიც წლებია ბარსელონაში ცხოვრობს და უკვე არა ერთი გამარჯვებით ამაყობს. მისი სიტყვები ზედმიწევნით აღწერს იმ გამოწვევებს, რომელთა ფონზეც სპორტსმენები ხშირად უწევთ საკუთარი თავის დამკვიდრება — დახმარების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ძალის, ნების და მონდომების ხარჯზე.

ბავშვური გატაცებიდან საერთაშორისო წარმატებამდე



გიორგი ლაბაძე 25 წლისაა. ჭიდაობაში მომზადება ბავშვობიდან — 12 წლის ასაკიდან დაიწყო. 17-18 წლის ასაკში, საცხოვრებლად ესპანეთში გადასვლის შემდეგ, მან სპორტში აქტიურობა არ შეწყვიტა. პირიქით, სწორედ აქ დაიწყო მისი პროფესიული აღმასვლა.

დღეს გიორგი უკვე ესპანეთის შვიდგზის ჩემპიონია ჭიდაობაში:
– 2-ჯერ გამარჯვებული Junior კატეგორიაში
– 2-ჯერ Sub-23 ასაკში
– 3-ჯერ სენიორებში — 2022, 2023 და 2024 წლებში

2024 წელს მან დაიწყო ვარჯიში შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) და სულ რაღაც ერთი წლის თავზე, 2025 წლის 27 აპრილს, გახდა კატალონიის ჩემპიონი 70 კგ წონით კატეგორიაში.

ბრძოლა სპორტში — და მის მიღმაც

გიორგის თქმით, ყველაზე დიდი სირთულე არა თავად ბრძოლებია, არამედ იმ რეალობასთან შეჭიდებაა, რომელშიც სპორტსმენებს თითქმის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ.

„აქ, ესპანეთში, სპორტსმენი პრაქტიკულად მარტო რჩება. იმ ადამიანებს, ვინც თავს დებს სპორტის გამო, უწევთ დღეში 10-12 საათი იმუშაონ, შემდეგ კი ვარჯიშზე წავიდნენ — უბრალოდ იმისთვის, რომ ცოტა სტაბილურობა შეიქმნან.“

მისივე თქმით, საქართველოდან ძალიან ახალგაზრდა ასაკში წამოვიდა და იმ ეტაპზე სამშობლოში არსებული სირთულეები ამ მხრივ არ უგრძვნია. სწორედ ამიტომ, ესპანური რეალობა მისთვის განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს და უფრო ნაცნობია ვიდრე საქართველოში არსებული — თავისთავად ცხადია მუშაობა და ვარჯიში პარალელურად დიდ ფიზიკურ და მენტალურ დატვირთვას მოითხოვს და კარიერული წინსვლისთვის სპორტსმენებს თავდაუზოგავი შრომა უწევთ.


მიზანი — UFC


გიორგის მიზანი ერთმნიშვნელოვანია: შესვლა UFC-ის ორგანიზაციაში და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა მსოფლიო მასშტაბით.

ეს მხოლოდ პირადი ამბიცია არ არის — მისთვის ეს არის გზა, რომ დაამტკიცოს: ქართული სპორტული ნიჭი არ უნდა ჩაიკარგოს სისტემის გულგრილობის ფონზე.

უახლოესი გეგმებია:


– 10 მაისი — Copa del Rey, ჭიდაობა (67 კგ)
– 6-7 ივნისი — ესპანეთის MMA ჩემპიონატი
– 14 ივნისი — ესპანეთის ჩემპიონატი ჭიდაობაში, რომელიც ბარსელონაში პირველად ტარდება ბოლო 30 წლის განმავლობაში


ქართველები ბარსელონაში

გიორგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბარსელონაში მრავლად არიან ქართველი სპორტსმენები, როგორც ჭიდაობაში ისე ბოქსში, ქალაქში აგრეთვე ფუნქციონირებს ქართული კლუბი Club de Boxa Iberia რომელშიც ქართველი და ესპანელი სპორტსმენები ერთად ვარჯიშობენ.

ბრძოლა ღირსებისთვის

გიორგი ლაბაძის გზა არ იყო მარტივი და არც მისი მიზნებია იოლად შესასრულებელი. მაგრამ სწორედ ასეთ გარემოებებში ყალიბდებიან ნამდვილი სპორტსმენები — ისინი, ვინც პირად კომფორტზე მეტად საკუთარ საქმიანობას აყენებენ და საკუთარი ძალებით იკვლევენ გზას.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI