დედა-შვილის ბრძოლა ემიგრაციაში თვითდამკვიდრებისთვის / როგორც გავარკვიეთ, მარტოხელა დედის ემიგრაციაში განვლილი გზა, საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა.
სანამ 7 წლის დავით არჩემაშვილი ესპანეთში, ,,რეალ-მადრიდ-დეპორტივოს“-ს ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში „ORCASITAS“-ში მოხვდებოდა, 2 წელი და 6 თვე უნდა გასულიყო.
სწორედ ეს დრო დასჭირდა საქართველოს ულამაზეს და მზიან ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ რუსუდან ომეროღლის ყველასთვის საოცნებო ქალაქ მადრიდში თავის დასამკვიდრებლად:
,,მე ქობულეთში დავიბადე, ზღვისპირა ქალაქში, იქ, სადაც მუდამ სიყვარულია, მზე და ტურისტები“,-ამბობს რუსუდანი.
შემდეგ იყო უცხო ქვეყანაში ლტოლვილად ჩაბარების რთული ეტაპი, შემდეგ- რესტორნის, სკოლის სასადილოს, თუ მასაჟის კურსები, საოცნებო სერტიფიკატის მისაღებად, რაც ესპანეთში მუშაობის დასაწყებად აუცილებელი პირობაა:
,,ავდექი, ბავშვი გულზე მივიკარი და მარტო ჩამოვედი აქ, სადაც არავინ დამხვდა. მივადექი კარს, რომელსაც თავშესაფარი ჰქვია ,,სამური“.
ძალიან გულიანად მიგვიღეს. დღემდე ლტოლვილობას ვაფარებ თავს, იმიტომ, რომ არაფერი გამაჩნია და დღემდე ვიბრძვი… სიცივე, ტკივილი, დარდი,- ბევრი რამ გავიარე, მაგრამ არ დავნებდი“…
ესპანეთამდეც ბევრი ტკივილი ჰქონდა, ყველაზე მეტად კი, მამის გარდაცვალებამ მიაყენა უდიდესი დარტყმა:
,,მამაჩემის სიკვდილმა გული გამიპო, მის საფლავს ვერც კი შევეხე, მაგრამ მამის სურვილი ავასრულე“…
რუსუდანის მამის სურვილი კი, მისი შვილიშვილის ფეხბურთელობა და უცხოეთის პრესტიჟულ გუნდში თამაში იყო.
რუსუდანს და მისი შვილი იმ ერთეულებში მოხვდნენ ვისაც ძალიან გაუმართლათ. სოციალური სამსახურის თანამშრომელი მარტოხელა დედას დაეხმარა დაფინანსების მოპოვებაში, რაც საფეხბურთო კლუბის გადასახადს მნიშვნელოვნად ამცირებს.
როგორც აღმოჩნდა, ქართველი ემიგრანტების გარკვეული ნაწილი ესპანეთში სწორედ ამ მიზნით მიდის, რომ მათი შვილები საფეხბურთო კლუბებში მოხვდნენ, თუმცა სანუკვარი მიზნის მიღწევა ძალიან რთულია.
ქართველი ბავშვები, ხშირ შემთხვევაში საფეხბურთო კლუბში თამაშს ვერ ახერხებენ, უსაბუთობის, დიდი კონკურენციის, ან მაღალი გადასახადების გამო.
,,ბავშვი ,,რეალ მადრიდში“ შევიყვანე. მეორე წელია, რაც თამაშობს, თან ისე კარგად, რომ გაგიჟებულია ტრენერი –კარლოს ამორი “,-გვიყვება ქართველი ემიგრანტი.
რუსუდან იმედი აქვს, რომ მისი შვილი მალე ცნობილი ფეხბურთელი გახდება და დიდ გუნდში, მადრიდის ,,რეალში“ ითამაშებს:
,,საქართველო ძალიან მენატრება, მაგრამ მე ვიბრძვი და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი შვილის წარმატებისთვის“…
სტატიის ავტორი
ნატო მეგუთნიშვილი