იცით რას ნიშნავს Caga Tió?
ძვირფასო მეგობრებო, ახლოვდება საშობაო დღესასწაულები და ძალაუნებურად მახსენდება სხვადასხვა კურიოზები. მათ შორის ყველაზე მეტად სასაცილოა კატალონიურ დღესასწაულთან დაკავშირებული ამბავი, რომელიც ჩვენს ემიგრანტს თავს გადახდა.
ეს სასაცილო ისტორია ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში და ჩვენი ჯგუფის: „ქართველები ბარსელონაში“ 2020 წლის დეკემბერში გამარჯვებულ ანეგდოტადაც კი დასახელდა, რომელსაც ტექსტის ბოლოში შემოგთავაზებთ.
მანამდე კი გეტყვით, რომ, კატალონიაში მცხოვრები ემიგრანტები უკვე ვიცნობთ ადგილობრივ ტრადიციულ დღესასწაულებს სხვადასხვა სახასიათო სიმბოლიკით. საშობაოდ ყველაზე პოპულარულია კატალონიური ე.წ. “Caga Tió“. რომელიც წარმოადგენს ხის მორს და ბავშვები საშობაოდ ჯოხით ტყეპენ, თან უმღერიან, ის კი ამ დროს იწყებს ტკბილეულის დეფეკაციას!
დიახ არ მოგეჩვენათ…
დ ე ფ ე კ ა ც ი ა ს.
მორის მიტყეპა შობის დღესასწაულზე კატალონიელი ბავშვების უსაყვარლესი რიტუალია…
მოგეხსენებათ კატალონიურ კულტურა ძალიან სკაბრეზულია, ამიტომ ადგილობრივებში ძალიან ხშირად შეხვდებით ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად საუბრები: კუჭში გასვლაზე, შარდზე, ქალთა წესის აღსრულებაზე (ციკლზე), ხშირად მოიხმარენ სიტყვა განავალს და ფეკალიებთან დაკავშირებულ მსგავს სიტყვებს, რაც ქართულ საზოგადოებაში ძალიან დიდ უზრდელობად ითვლება (მათ შორის მადრიდშიც უზრდელობაა). ეს ფაქტი განსხვავებული კულტურის ქვეყნების წარმომადგენლებს ხშირად შოკში აგდებს, მაგრამ აქ კატალონიაში აკრძალული და ტაბუირებული თემა სულაც არაა.
Tió, კატალონიურად ნიშნავს, ხის მორს. Caga-დეფეკაციას. კატალონიური და ესპანური ანუ კასტილიური ენები განსხვავდებიან. ესპანურ და კატალონიურ ენაში მახვილის სწორად დასმას დიდი მნიშვნელობა აქვს, მახვილმა შესაძლოა სრულიად შეიცვალოს სიტყვის არსი. მეც და ბევრ უცხოელს ვინც მახვილს არ მოიხმარს ხშირად შეგვშლია, ასეა ამ შემთხვევაშიც:
Tió-ხის მორია კატალონიურად, ხოლო: Tío-ბიძა/ძია კასტილიურად. განსხვავება მხოლოდ დასმულ მახვილშია და ბევრ ჩვენთაგანს, Tió, ჰგონია ბიძას ნიშნავს…
საშობაო მორი „El tió de Nadal“ კატალონიური კულტურის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, თუმცა ანალოგიურ საშობაო მორებს არაგონის სხვადასხვა მხარეშიც შევხვდებით, რომელიც მოიხსენება, როგორც: „Tronca de Navidad o La Toza“.
ეს ტრადიცია ქრისტეშობამდე, უძველესი დროიდან მოდის და მზებუდობის დღესასწაულს უკავშირდება. დროთა განმავლობაში ეს წარმართული რწმენის გადმონაშთი, სრულიად გადასხვაფერდა, გამორჩეულ და პოპულარულ საშობაო წეს-ჩვეულებად.
ყველა ტრადიციული ოჯახი, შობის დადგომამდე 4 კვირით ადრე ამზადებს შეშის ნაფოტს ან ხის მორს. რომელსაც აფარებენ შალს, რომ არ შესცივდეს და კვებავენ ყოველდღიურად.
ტრადიციის მიხედვით რაც უფრო კარგად მოუვლიან ბავშვები მორს მით უკეთესს საჩუქარს მიიღებენ. ასე, რომ როდესაც დადგება 24 დეკემბერი რომელის ღამესაც ქვია: „La Noche Buena“ (კარგი ღამე). იმავე დღეს, შობის ღამის დადგომამდე, სახლის ყველაზე პატარა ბინადრები საშობაო მორის გარშემო შემოიკრიბებიან და მომარჯვებული ჯოხებით მორს მიტყეპენ, რომ უკანალიდან გადმოყაროს ტკბილეულობა;
თან უმღერიან ტიპიურ სადღესასწაულო სიმღერას, რომელიც ძალიან ჰგავს საეკლესიო სადღესასწაულო საგალობლებს „Villancicos“.
ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენი წინაღობა ხვდება ემიგრანტ ადამიანს უცხო ქვეყანაში, როდესაც განსხვავებულ კულტურასთან და წეს-ჩვეულებებთან უწევს ადაპტაცია. მით უმეტეს როდესაც საქართველოდანაა ემიგრანტი და მსგავს თემებზე მშობლიურ საზოგადოებაში საუბარი ყოვლად მიუღებელი და ტაბუირებულია.
ახლა კი ცოტა გავმხიარულდეთ..
ირმა მაისურაძის საშობაო კურიოზი
აუ მე რომ კურიოზი შემემთხვა, არა მგონია მსგავსი ვინმეს შემთხვეოდეს.
ჩემს ბიჭუნას სკოლაში მისცეს დავალება, ენა არ ვიცი, მხოლოდ ცალკეული სიტყვები…
ჰოდა დავალება იყო ,,კაღა ტიოზე”, ალბათ იცით ვინც აქ დიდი ხანია ცხოვრობთ, მე კი წარმოდგენა არ მქონდა მაშინ.
ტიო ვიცოდი მარტო რომ ბიძას ნიშნავდა…ჰოდა ვიფიქრე, ალბათ ჩემს ძმას ეხება ეს კითხვები თქო და მეც ვპასუხობ შესაბამისად….
-რას ჭამს ტიოო?
მეც ჩამოვწერე ხორცი, კვერცხი, ყველი, მაკარონი განსაკუთრებით „კალბასით“ თქო….
– დახატეთ ან ფოტო ჩააკარითო
და ეხლა ჩემი ძმა როგორ უნდა დავხატო თქო და ჩავაკარი მისი ფოტო.
მინდოდა დავალება კარგად შეგვესრულებინა…. ასე შევავსე მთელი დავალება და ბოლო კითხვა იყო:
– Cuando caga tioo?
ნუ ვერაფრით გავარკვიე რას მეკითხებოდნენ, რას წარმოვიდგენდი, სანამ ერთ ესპანელს არ ვკითხე Cagar რას ნიშნავს თქო და რომ მითხრა რასაც ნიშნავდა… გავოცდი, მაგრამ რას გავოცდი…
მეთქი ამას რას მეკითხებიან ჩემ ძმაზე თქო?! მაგრამ დავალება, დავალება იყო და უნდა მეპასუხა და მეც მივაწერე Cada día მეთქი (ანუ ყოველ დღეო)……
მეორე დღეს მასწავლებელი სიცილისგან გალურჯებული დამხვდა. დღემდე მეც ვხარხარებ ყოველ გახსენებაზე.
თუ გაქვთ საშობაო თემაზე მსგავსი კურიოზები კომენტარებში დატოვეთ….