29 ოქტომბერს, ქარიშხალ „დანას“ მიერ გამოწვეული დამანგრეველი შედეგები, ხუთი დღის შემდეგ კიდევ უფრო შემზარავი ჩანს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ტრაგედიის მასშტაბები სულ უფრო და უფრო ხილული ხდება, მიცვალებულთა რაოდენობა კი დრამატულად იზრდება.
ვალენსიის ჟენერალიტეტმა ბოლო ორი დღის განმავლობაში დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვები სამშაბათამდე გაახანგრძლივა და მოქალაქეებს სთხოვა, რომ თავი შეიკავონ V30 და V31 გზებზე გადაადგილებისგან.
„თუ ვერ შევამცირებთ მობილობას, გადაუდებელი მომსახურების სერვისებს გაუჭირდებათ ყველაზე მეტად დაზარალებულ ზონებამდე მიღწევა“,
-განაცხადა გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის მინისტრმა, ვისენტე მარტინეს მუსმა და აღნიშნა, რომ „არსებობს კოლაფსის უკიდურესი რისკი“.
ვალენსიის მუნიციპალიტეტმა, ორშაბათს, ქალაქის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაკვეთილები შეაჩერა, „მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ გარეუბნებში“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ზომები მიღებულია ვალენსიის ჟენერალიტატის მიერ გამოცხადებული მობილობის შეზღუდვისა და საგანგებო სამსახურის სამუშაოების გასამარტივებლად.
დილით, პაიპორტაში (ტრაგედიის ერთ-ერთ ეპიცენტრში ვალენსიაში), ასობით ადამიანი საპროტესტო შეძახილებით დახვდა დაზარალებულების მოსანახულებლად ჩასულ მეფეს, მთავრობის პრეზიდენტს, პედრო სანჩესს, და ვალენსიის ჟენერალიტატის პრეზიდენტს, კარლოს მაზონს.
ხალხმა მეფე-დედოფალს და მთავრობის წევრებს ესროლეს ტალახი და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, განსაკუთრებით დიდი აგრესია გამოავლინეს სანჩესის მიმართ.
უყვიროდნენ, რომ ისინი იყვნენ „მკვლელები!“, მოსახლეობას მიაჩნია, რომ სათანადოდ გაფრთხილებული არ იყო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
ქალაქის სანიაღვრეები არ იყო კარგად გაწმენდილი და დაზარალებულებისთვის დახმარების აღმოჩენა დააგვიანეს, პარტიული დაპირისპირების გამო.
დიპლომატიური ვიზიტი შეწყვეტილი იქნა. მეფემ აღნიშნა, რომ „აუცილებელია გავიგოთ ადამიანების აღშფოთება და იმედგაცრუება, რადგან მათ ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარეს“.
ხოლო პედრო სანჩესმა მოგვიანებით, პოლიტიკურ სპეკულაციებზე და პროვოკაციებზე ისაუბრა.
ხალხის აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური ხელისუფლებისგან შეთავაზებულ დახმარებაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, რის გამოც დღემდე ცხედრები არ არის ამოყვანილი მიწისქვეშა ავტოფარეხებიდან.
ამ დრომდე შეფერხებით გრძელდება გაწმენდითი სამუშაობი.
მოსახლეობას მიეწოდება დახმარების სახით პირველადი საჭიროების ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და სასმელი წყალი.
რაც სამწუხაროდ საკმარისი არ არის. ქალაქებში და დაზარალებულ ზონებში განსაკუთრებით იგრძნობა წყლის დეფიციტი.
ძირითადი დამხმარე ძალა ისევ ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც მოხალისეებად ჩაერთვნენ ქალაქის გამწმენდ სამუშაოებში და ძალ-ღონეს არ იშურებენ.

როგორც ადგილობრივი სამსახურები აცხადებენ, მიწისქვეშა სადგურები სავსეა ცხედრებით, რადგან უამრავი ადამიანი მანქანების გადარჩენას ცდილობდა და ამასობაში თავად ემსხვერპლენ წყალდიდობას.
ამ ზონებში ცხედრების ამოსაყვანად სამუშაოები ჯერაც არ ჩატარებულა.
ამ ეტაპზე, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 214 ადამიანი „დანას“ მიერ გამოწვეული სტიქიური უბედურების გამო (210 ვალენსიაში, სამი კასტილია-ლა მანჩაში და ერთი ანდალუსიაში). თუმცა ეს ციფრი ბევრად უფრო დიდია ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
ქალაქის სამმართველომ „Feria Valencia-ის“ ტერიტორიაზე ,დროებით მოეაწყო მორგი.
აღსანიშნავია, რომ ჯერ-ჯერობით, საფრთხე ბოლომდე გავლილი არ არის.
დღეს, 3 ნოემბერს წვიმებმა დღის განმავლობაში ზეგავლენა მოახდინა მურსიასა და ალმერიაში და ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა ვალენსიაში, კასტელიონსა და ტარაგონაში.