ესპანეთში მოსალოდნელი მასობრივი რეგულარიზაცია: პოლიტიკური კონტექსტი, სამართლებრივი საფუძველი და გავლენა ემიგრანტებზე
ბოლო დღეებში ესპანეთის მედიაში აქტიურად განიხილება მთავრობისა და პარტია Podemos-ის შესაძლო შეთანხმება, რომლის მიზანია არარეგულარული მიგრაციის მასობრივი რეგულარიზაცია. ინიციატივა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, შესაძლოა შეეხოს 500,000-მდე ადამიანს, რომლებიც წლებია ესპანეთში ცხოვრობენ და მუშაობენ სამართლებრივი სტატუსის გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ საკითხი აშკარად პოლიტიკურ კონტექსტშიც ჯდება, იგი არ არის მხოლოდ მოლაპარაკებების პროდუქტი. ინიციატივა ეფუძნება მოქალაქეთა საკანონმდებლო წინადადებას და რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებას, რომელსაც ქვეყანა უკვე წლებია განიცდის.
ისტორიული პრეცედენტი: 2005 წლის რეგულარიზაცია
ესპანეთისთვის მასობრივი რეგულარიზაცია ახალი მოვლენა არ არის. 2005 წელს, ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს მთავრობის დროს, განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეგულარიზაცია, რომლის შედეგადაც დაახლოებით 600,000 მიგრანტმა მიიღო ლეგალური სტატუსი.
ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა:
- გაიზარდა გადასახადების გადამხდელთა რაოდენობა
- შემცირდა შრომითი ექსპლუატაცია
- გაძლიერდა სოციალური დაცვა
- გაიზარდა ეკონომიკური ბრუნვა
დღევანდელი ინიციატივაც სწორედ ამ პრეცედენტს ეყრდნობა.

რატომ გახდა საკითხი აქტუალური ახლა?
პედრო სანჩესის მთავრობა რთულ პოლიტიკურ ეტაპს გადის. პარლამენტში მხარდაჭერის შემცირება, სკანდალები და საკანონმდებლო პროცესის შეფერხება აიძულებს მთავრობას, პარტნიორ პარტიებთან კომპრომისებზე წავიდეს.
ამ კონტექსტში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას განსხვავებული მოთხოვნები აქვს:
- ERC – ფინანსური მოდელის რეფორმა
- PNV – კომპეტენციების გაფართოება
- Podemos – მიგრანტების რეგულარიზაცია
თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეგულარიზაციის იდეა არ არის მხოლოდ პოლიტიკური „ვაჭრობის“ ნაწილი. ის პასუხობს ქვეყნის რეალურ გამოწვევებს: მუშახელის დეფიციტს, დაბერებულ მოსახლეობასა და ეკონომიკური ზრდის შენელებას.
რა მოთხოვნები იქნება გასათვალისწინებელი?
თუ კანონპროექტი დამტკიცდება, მოსალოდნელია შემდეგი ძირითადი მოთხოვნები:
- ესპანეთში ყოფნა 2025 წლის 31 დეკემბრამდე
- ნასამართლეობის არქონა როგორც წარმოშობის ქვეყანაში, ისე ესპანეთში
- მინიმუმ 5 თვის ფაქტობრივი ყოფნა ქვეყანაში
მიგრანტებს მოუწევთ წარმოადგინონ ესპანეთში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის:
- მისამართზე ჩაწერის ქონა (პადრონი)
- სამედიცინო ცნობები
- ქირავნობის ხელშეკრულება
- ფულადი გზავნილები და სხვა მტკიცებულებები
რაში სჭირდება ესპანეთს ემიგრანტების რეგულარიზაცია?!
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ესპანეთი დღეს სერიოზული დემოგრაფიული და შრომითი კრიზისის წინაშე დგას, რიგ სექტორებში მუშახელის მწვავე დეფიციტია, სადაც ადგილობრივ ესპანელს ნაკლებად სურს დასაქმება (მოვლა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, მომსახურების სფერო).
არალეგალურად დასაქმებული ადამიანები ვერ იხდიან გადასახადებს, ვერ სარგებლობენ სოციალური დაცვით და ხშირად ხდებიან შანტაჟისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი.
ემიგრანტების რეგულარიზაცია სახელმწიფოსთვის ნიშნავს:
- მეტ საგადასახადო შემოსავალს
- უკეთეს სოციალურ კონტროლს
- ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებას
რას მოუტანს რეგულარიზაცია ემიგრანტებს?
კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ათასობით ემიგრანტს გაუჩნდება შესაძლებლობა:
- ლეგალურად იმუშაოს
- გააფორმოს შრომითი კონტრაქტი
- მიიღოს სოციალური და სამედიცინო დაცვა
- გახსნას საბანკო ანგარიში
- კანონიერად იქირავოს საცხოვრებელი
- მომავალში ოჯახის გაერთიანებაზე იფიქროს
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადავიდეს დაუცველი მდგომარეობიდან სამართლებრივ სივრცეში.
რა ეტაპზეა ეს პროცესი?!
ამ ეტაპზე რეგულარიზაცია ჯერ კიდევ ინიციატივის დონეზეა. მისი მიღება შესაძლებელია, თუმცა სანამ ოფიციალური დოკუმენტი არ გამოქვეყნდება BOE-ში (ესპანეთის სახელმწიფო ბიულეტენი), პროცესი დასრულებულად არ ჩაითვლება.
მარტივად რომ ვთქვათ, რეალური შანსი არსებობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოსახლოებაში ეს კანონ-პროექტი დიდ უკმაყოფილებას და ვნებათაღელვას გამოიწვევს გამომდინარე იქიდან, რომ არის საკმაოდ სენსიტიური საკითხი და თავის ქვეყანაში ამ რაოდენობის ემიგრანტების დაკანონება არავისთვის არ იქნება სასიამოვნო ფაქტი.
მიუხედავად ამისა, თუ კანონპროექტი დამტკიცდა, ეს არ იქნება მხოლოდ ისტორიული შესაძლებლობა ათასობით ემიგრანტისთვის, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ესპანეთის ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობისკენ.