ესპანეთში მოგზაურობა – ლიტერატურული პერსონაჟების კვალდაკვალ. / ესპანეთი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი და იდუმალი ქვეყანა, სადაც მოგზაურობაზე ადამიანთა უმრავლესობა ოცნებობს.
ხოლო თუ ეს მოგზაურობა უმდიდრესი ესპანური კლასიკური კულტურის ფონზე, ლიტერატურული პერსონაჟების კვალდაკვალ, ხდება, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგმართლებიათ.
არადა, ეს ოცნება, შესაძლოა, რეალობად იქცეს, თუ ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების:
დიანა ციხისთავის და ანა კორძაია – სამადაშვილის ტურისტულ კომპანიას Travel as art / მოგზაურობა როგორც ხელოვნება“ – დაუკავშირდებით.
,,მრავალი საუკუნეა, ყვებიან პოეტები და მწერლები, რომ არის მიწა, სადაც ღამის სიჩუმეს სერენადები და დაშნების ჟღარუნი არღვევს.
იქ კი, ისეთი ამბები ტრიალებს, ისეთები ხდება, როგორიც არსად არასოდეს მომხდარა.
ამ მიწაზე, ეს ნამდვილად ვიცი, დღესაც ცხოვრობს დონჟუანი და ამ მიწას ჰქვია ესპანეთი“, -წერს ტურის ორგანიზატორი.
ხოდა, თუ გინდათ, განსხვავებული და ამბებად მოყოლილი ესპანეთი აღმოაჩინოთ, მაშინ ახალ პროექტს შეუერთდით და სევილიაში ანა კორძაია-სამადაშვილის მოყოლილი ამბების კვალდაკავალ იარეთ…
ასე, რომ გზას გაუდექით და ნახეთ, რა ხდება სევილიიდან – გრანადამდე: დიდ მოედნებზე, ძველისძველ ქუჩებში, უზარმაზარ ტაძრებსა და სამოთხის ბაღებში:
,,ნახეთ, ეგებ, ტყუოდა პოეტი, როცა ამბობდა: ,,სევილია დაგჭრის და კორდობა დაგმარხავსო“.
ეგებ, ტყუილად გვიჩქარდებოდა გული, როცა ვკითხულობდით: „გრანადა, ჩემო გრანადა,“-ამბობს ანა კორძაია-სამადაშვილი.
მოგზაურებს, მართლაც, რომ არნახული სილამაზე, გემრიელი საჭმელი, ცხელი მიწის ღვინო, ბევრი ცეკვა და ჯადოსნური ამბების მოსმენა გელით, მათ შორის, სიყვარულზე. ტურის პირველი გაჩერება სევილიაა.
,,თორმეტკუთხიანი ოქროს კოშკი გვადალკვივირის ნაპირებზე გაშენებულ ქალაქს დასცქერის.
ეს სევილიაა, სასტიკი მმართველების, დიდი პოეტების, საბედისწერო ქალების და თავზეხელაღებული ავანტიურისტების სამშობლო.
ჰყვებიან, თავად გმირმა ჰერაკლემ დააარსაო, მაგრამ ეს არავინ იცის.
ის კი, ნამდვილად ვიცით, რომ სევილიის კათედრალური ტაძარი ზეცამდეა აღმართული, ხეივნებში ვარდის სურნელი ტრიალებს და ფორთოხლის ხეები დგანან მწკრივად.
საუკუნეების განმავლობაში დიდი მეფეები ალკაზარის სასახლიდან მართავდნენ ესპანეთს“.
შეგიძლიათ, ასევე, მოინახულოთ ესპანეთის ერთ-ერთ მთავარი მარგალიტი, მსოფლიოს ყველაზე დიდი გოთიკური ტაძარი, აჟურული ორნამენტებით შექმნილი არაბული კოშკი
– ,,ხირალდა“, რომელიც მე-12 საუკუნიდან მოყოლებული, ასი მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს ქალაქს:
,, მოისმენთ „ოქროს ვაშლების“ ლეგენდას და ფორთოხლების ბაღის გავლით, მიხვალთ მდინარის პირას ეულად დარჩენილ ოქროს კოშკამდე.
ესტუმრებით 1761 წელს აშენებულ კორიდის სახელგანთქმულ მოედნს, Real Maestranza, სადაც უძველესი ტრადიციის ირგვლივ განვითარებულ ამბებს ნახავთ და მოისმენთ“.
დრო თავბრუდამხვევი სისწრაფით გავა და მეორე დღეს დონ ჟუანის მარშრუტს გაუყვებით: სანტა კრუზის კვარტალს მოივლით, რომლის უძველესი პატიოების, მოედნების და ტაძრების გავლით, წარსულში მოხვედრა ძალიან მარტივია.
აღმოჩნდებით მებაღეობის ნამდვილ შედევრში. მოინახულებთ სამეფო სასახლეს, – სევილიის ალკაზარს,- რომელშიც ერთმანეთს ერწყმის არაბული სტილი და გოთიკა.
ბოლოს კი, სევილიის გამორჩეულ სივრცეს – ოვალური ფორმის ესპანეთის მოედანს ესტუმრებით, რომლის გასაოცარი სილამაზის კერამიკული პანო არაერთ საინეტერსეო ამბავს გადმოსცემს…
თუ გოთიკა გიზიდავთ, თუ აღორძინების ხანა გაინტერესებთ, თუ ბოშების გამოქვაბულების უბნის ნახვა გნებავთ, თუ მავრიტანული ხუროთმოძღვრების ტრფიალი ბრძანდებით, მაშინ გრანადას ეწვიეთ:
,,მათთვის, ვინც ეძებს სიყვარულს, არსებობს გრანადა. მათ გასახარად, ვისაც უცხო სურნელი და გემო იზიდავს, გრანადას უამრავი სასწაული აქვს მომზადებული.
„გრანადასდარი ქალაქი ამქვეყნად სულ ერთი ან ორია“ – ამტკიცებენ ქალაქით მონუსხული პოეტები, თუ მოგზაურები“.
ალბათ, სევილია, იქნებ, კორდობა,- ეს უკვე თავად უნდა გადაწყვიტოთ“,- მოგვმართავენ ტურის ორგანიზატორები
გრანადაში მისვლამდე „ანდალუსიის გულში“, ისტორიულ პატარა ქალაქ ანტეკერაში აღმოჩნდებით, რომელიც არსებობის 6000- ზე მეტ წელს ითვლის და გეზს გრანადასკენ აიღებთ, სადაც ესტუმრებით კათედრალს
– სანტამარია დე ლა ენკარნასიონს, რომელიც ესპანეთში რენესანსის პერიოდის ყველაზე მშვენიერ ქმნილებად ითვლება.
მარშრუტს კი. სან ხერონიმოს მონასტრის მონახულებით დაასრულებთ, რომელიც რეკონკისტას შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნიმუშია ამ მიწაზე.
ამ დღის მოგზაურობის განრიგი ევროპის უკანასკნელ არაბულ ციხე-სიმაგრესთან მიგიყვანთ, რომელზეც გეომეტრიული ფიგურების და კალიგრაფიის ნაზავი უნიკალურ ერთობას ქმნის. გაუყვებით გარსია ლორკას გზას,-
ქალაქის განსაკუთრებულ კვარტალში, სადაც ერთმანეთს ერწყმის არაბული და ქრისტიანული კულტურა და რომელიც თავის ქუჩებში მაგნიტივით იზიდავს არა მარტო ჩასულ სტუმრებს, არამედ,-ადგილობრივებს, მუსიკოსებს, მხატვრებს.
როგორც ტურის ორგანიზატორები გვპირდებიან, ეს მოგზაურობა დიდი რომანტიკული თავგადასავალია, სადაც იხილავთ ადგილებს რომელსაც ცნობილი ესპანელი მწერალი ფედერიკო გარსია ლორკა ეტრფოდა.
,,კორდობა გულში ჩაგვიკრავს, რომაულ ხიდზე გადაგვატარებს, ოკრობოკრო ქუჩებში საჩუქრებს დაგვახვედრებს, ტაძრების და სასახლეების კარს გაგვიღებს და თუ დავნებდებით, თავი პროსპერ მერიმეს “კარმენის“ გმირები გვეგონება“.
იმ ქვეყანაში, სადაც შენც გაგიმართლა და ,,მიწიერი სამოთხის“ თანაზიარი გახდი, სამოგზაურო ტურის ფარგლებში, ორი რელიგიის თანაცხოვრების უნიკალური ადგილს, კორდობას მეჩეთსაც, ეწვევით.
ეს ქალაქის ისტორიული ცენტრის მარგალიტია, რომელიც სიდიდით, მესამე მეჩეთია მსოფლიოში.
ასევე, ნახავთ მედინა აზაჰარს- „ ბრწყინავი ქალაქს“, სადაც მასშტაბური არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნათლად ჩანს ისლამური კორდობას დიდება.
სევილიაში დაბრუნებისას კი, მოინახულებთ სოკოებად წოდებულ თანამედროვე ძეგლს, ხის კონსტრუქციას, რომლის საშუალებითაც,
ყველა მსურველი სევილიის ცაში გასეირნებას და ქალაქის სულ სხვა სიმაღლიდან აღმოჩენას შეძლებს.
და ეს ყველაფერი არ არის, რადგან ესპანეთი ამოუწურავი მხიარულების, ხმის ჩაწყვეტამდე, გაბმული, თავგანწირული
სიმღერების, სიკვდილამდე მისული სიყვარულის და დაგლეჯილი ვენებიდან მილიონ ნაკადულად გადმოღვრილი სისხლია, მბრწყინავ მარგალიტებად რომ მიუყვება მოკირწყლულ, ვიწრო ქუჩებს.
თუ შეძელი, თუ ამ სასწაულს – მიწაზე თვალი ცოტა ხნით თვალი მოსწყვიტე და ზეცაში აიხედე, აივნებიდან, თითქოს, შენ თავზე დაყრილ ათასფერ ყვავილებს დაინახავ და მათ ჩრდილში მზეს თვალს ვერც კი, გაუსწორებ;
თუ შეძელი და მონუსხულმა, სმენა დაძაბე, გამაყრუებელ, მხიარულ ხმაურში ანდალუსიელი ქალების ტკივილიან
სიმღერებსაც მოისმენ დაკარგულ სიყვარულზე, მზად რომ არიან, საყვარელი კაცისთვის მაჯები კიდევ ერთხელ გადაიხსნან და თავის სიყვარულს კიდევ ერთხელ უმღერონ, თუნდაც, – უკანასკნელად…
Información de contacto
JANASHIA 28, Tiflis, Georgia
ekagelovani@yahoo.comDirección de correo electrónico
ნატო მეგუთნიშვილი