„ვოკალ ვირკანის“ ქართული პოლიფონია ესპანეთში (ვიდეო)

„ვოკალ ვირკანის“ ქართული პოლიფონია ესპანეთში / „ვოკალ ვირკანი“, ქართულ-კატალონიური პოლიფონიური ვაჟთა გუნდია ქართულ-ესპანური კულტურის ნაზავით, რომელიც უკვე წლებია ასრულებს ქართულ მრავალხმოვან სიმღერებს ესპანეთში.

ჯგუფში, ტრადიციულად 4 კატალონიელი და 4 ქართველი მომღერალია.

გუნდის თითოეული წევრი მაქსიმალურად ცდილობს ადგილობრივ საზოგადოებას გააცნოს, შეაყვაროს და დაახლოვოს ქართულ კულტურასთან.

ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უცხოელები ინტერესდებიან ქართული კულტურით.

მით უმეტეს, როდესაც ვიცით, რომ ესპანელ და განსაკუთრებით კატალონიელ ხალხს სიმღერა და ცეკვა ნამდვილად არ უკვირთ და ძალიან მდიდარი, კულტურული მემკვიდრეობა გააჩნიათ.

უკვე ფაქტია, რომ მოყვარულობის დონეზე დაწყებულმა ქართულ-ესპანურმა თანამშრომლობამ, ჩვენი ხალხების დაახლოვების უმნიშვნელოვანესი მისია იკისრა.

ეს ალბათ, ბუნებრივად აღებული ვალდებულებაა, რომელიც სპონტანურად გამოიწვია ამ ორი კულტურის გაერთიანებამ.

როდესაც 4 იანვარს გამართულ კონცერტზე მიმიწვიეს (როგორც ადგილობრივი გაზეთის წარმომადგენელი), იუთუბიდან უკვე ვიცნობდი მათ რეპერტუარს.

თუმცა, მიუხედავად ამისა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა…

აღსანიშნავია, რომ „ვოკალ ვირკანის“ კონცერტები ძირითადად კათოლიკური ეკლესიების სივრცეში იმართება.

ტაძარში გალობისას, აკუსტიკური ეფექტის დამსახურებით მათი ნამღერი, განსაკუთრებით ჟღერადი და მდიდარია.

როდესაც ეკლესიის კვარცხლბეკზე ქართული ჩოხებით და ფეხზე კატალონიური ესპადრელებით შემოსილი მომღერლები წარმოგვიდგნენ უკვე ვიგრძენით, რომ რაღაც სრულიად განსხვავებული მოვლენის შემსწრეები ვიქნებოდით.

ეს არამიწიერი ხმები, რომელიც მოვისმინეთ საოცრად სასიამოვნო მოსასმენი და ამაღელვებელი აღმოჩნდა ყველაფერ ქართულს მოწყურებული ემიგრანტებისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტი იყო მომღერლების მიერ ქართული წეს-ჩვეულების, ხასიათის და სიმღერების შესახებ პატარა შესავალი იმ მსმენელისთვის, რომელიც არ იცნობს საქართველოს და მის ისტორიას.

„ვოკალ ვირკანის“ მომღერლებმა დამსწრე საზოგადოებას, სიღრმისეულად დაანახეს ჩვენი სამშობლოს ავი და კარგი, გამარჯვება და დამარცხება, ჭირი და ლხინი.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მტკივნეული თემა.

ყველაფერი ის, რასაც მთელი თორმეტი წელია ვცდილობ ავუხსნა ჩემს უცხოელ მეგობრებს „ვოკალ ვირკანმა“, მხოლოდ ერთი კონცერტის განმავლობაში მოახერხა.

კონცერტის მსვლელობისას ყველა ჩვენი ნაკლოვანება, სისუსტეები გაუფერულდა  და საუკეთესო კუთხით წარმოვჩნდით, როგორც უძველესი კულტურა, როგორც ქვეყანა.

ფასეულობებით, რამაც დღემდე მოგვიყვანა და გადაგვარჩინა როგორც ერი.

საუბარი იყო ქართულ სტუმართ-მასპინძლობაზე, ქართული სიმღერების და მეტყველების სირთულეზე, ტრადიციულ სამოსზე და ა.შ.

ალბათ, იმ დღეს ბევრმა ესპანელმა პირველად გაიგო ორი იბერიის არსებობის შესახებაც.

ისევე როგორ „ვოკალ ვირკანის“ ერთ-ერთმა წევრმა მოსემ,  წლების წინ, როცა ქართველებისგან პირველად შეიტყო ქართული იბერიის არსებობის შესახებ…

კონცერტს, საპატიო სტუმრების რანგში ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი მეუღლესთან ერთად და ვიცე-კონსული ლიკა ახალბედაშვილი.

ბოლოს კი, როგორც დასკვნითი ნაწილი მინდა გირჩიოთ, რომ – არ გამოტოვოთ „ვოკალ ვირკანის“ კონცერტები.

აუცილებლად მოიწვიეთ თქვენი უცხოელი მეგობრები და მოასმენინეთ ის საოცრებები, რასაც ჩვენზე ჰყვებიან აუდიტორიის წინაშე.

ასეთ კონცერტებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვატაროთ ჩვენი შვილები, რომლებსაც დარწმუნებული ვარ ჩვენგან ბევრი სმენიათ საქართველოს შესახებ.

მაგრამ სრულიად სხვა თვალით დაინახავენ საკუთარ სამშობლოს, როდესაც ამ ყველაფერს ჩვენი უცხოელი მეგობრები მოუყვებიან.

ჩვენი რედაქციის სახელით, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო „ვოკალ ვირკანის“ წევრებს მიწვევისთვის და ვუსურვო დიდი წარმატება ამ დიდებულ საქმეში.

მსგავსი თემები

Vocal-Vircan-ხიდი-ქართულ-კატალონიურ-კულტურებს-შორის755X499
გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI