თამარ ბურდულის გერმანული  ისტორია

თამარ-ბურდულის-გერმანული -ისტორია1080X974

თამარ ბურდულის გერმანული  ისტორია / როგორც ემიგრანტობის პირველ პერიოდში ხდება თავიდან მასაც ძალიან გაუჭირდა,  დღეებს ითვლიდა, მაგრამ 8 თვის შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მიეღო:

ან საქართველოში დაბრუნდებოდა, ან -უცხო ქვეყანაში დარჩებოდა. უკან აღარ დაბრუნებულა  და 23 წელია, გერმანიაში ცხოვრობს.  ოჯახიც აქვე შექმნა.

ახლა  ორი შვილი ჰყავს:18 წლის სამირა  და 13 წლის ბაქარი, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ქართულ ენას და ლიტერატურას, ისტორიას და კულტურას. უფროსი შვილი ნახევარი წლით საქართველოშიც ჩავიდა, ,,ნიუტონის სკოლაში” სასწავლებლად.

თამარი ამბობს, რომ სამირას იქ არაჩვეულებრივი გარემო დახვდა, როგორც პედაგოგების, ასევე, კლასელების და მათი მშობლების სახით:

,,ახლ ის ნიდერლანდებში სწავლობს. უნდოდა ,,საქართველოს პრეზიდენტიგამოსულიყო, ამ ბოლო პერიოდში  ამის სურვილი გაუქრა...

ჩემი შვილი ყოველთვის მეკითხება: ,, დედა, როგორ შეძელი და დატოვე საქართველო? მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

ჩემ წამოსვლას უცხო მხარეში დიდი ისტორია აქვს… 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც ყველაფერი იყიდებოდა ქვეყანაში:

ჯანდაცვა, სამართალი, სწავლა, რთული იყო რაიმეს დაგეგმვა, საკუთარი შესაძლებლობით განვითარება და პროფესიონალად ჩამოყალიბება.

თუმცა ეს ყველაფერი ჩემმა ტყუპისცალმა დამ შესძლო. ის  ბათუმის ილია ჭავჭავაძისსახელობის  დრამატული თეატრის მსახიობია.

მე კი, შორს ვცდილობ, დავმკვიდრდე… არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ ცდად მაინც მიღირს, ჩემი ეროვნული ღირებულებებით წარვდგე გერმანელების წინაშე“,

ამბობს გერმანიის ქალაქ კიოლნში მცხოვრები თამარ ბურდული და ჩვენი ისტორიაც მასზეა, მხოლოდ მასზე…

თამარი გერმანიაში დაეუფლა იმპროვიზაციის  ცეკვის თეატრის პედაგოგიკის და ქორეოგრაფიის სპეციალობას.

ახლა ქალაქ კიოლნში ქართული ცეკვის სკოლა აქვს შექმნილი, სადაც  არა მარტო პატარებს ასწავლის, არამედ,- მოზარდებს და უფროს თაობას.

თამარ ბურდულის მოსწავლეები მხოლოდ  საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ქართულ ცეკვას  გერმანელები და სხვა  ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასული ემიგრანტებიც ეუფლებიან,

მათ შორის, სლავები. თამარი  პატარებს ქართულ ენაზე  ესაუბრება და ქართული ცეკვის გაკვეთილიც მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობს:

გერმანიაში,-ქ.-კიოლნში,-ქართველი-ემიგრანტები-თბილისობას-აღნიშნავენ732ხ529
თამარ ბურდული და ვაკო მანძულაშვილი

,,ცეკვასთან ერთად, ვაცოცხლებ ქართულ კულტურას. ამ საქმეს მარტო მე ვერ გავუძღვებოდი, რომ არა ჩემი მეუღლე, ვაკო მანძულაშვილი, რომელიც, ასევე, მსახიობია და თილო ჰერდერი, რომელიც საქართველოზეა შეყვარებული და, მართლაც, ძალიან ბევრს აკეთებს, ჩვენთან ერთად.

ქართულ კულტურაში ვგულისხმობ თეატრს, ნაციონალურ ცეკვას, ხალხურ სიმღერას, ლიტერატურას, კულინარიას და ღვინოს. არა ერთი ღონისძიება ფესტივალი და სპექტაკლი გავმართეთ ქართველი ემიგრანტებისთვის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

პარალელურად, ვიყავი ,,Komödien“ თეატრში დაკავებული და ნათამაშები მაქვს სპექტაკლები: ,,კამპიელო”, ,,ბრმების ქალაქი” ქართულ- გერმანული მონო პიესა ,,ქვები ქარიშხალში”,

,,დონ -ჟუანის დაბრუნება”, პროექტის სახით, ქართულენოვანი სპექტაკლი – ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია”,  რომელიც ქართული თეატრის დღეს მივუძღვენით.  

პროექტი ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოვიდა, რომელშიც ლიტერატურული თეატრის, ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის მსახიობები და გერმანიში მცოვრები ქართველი მსახიობები შევხვდით ერთმანეთს; ასევე, საკუთარი დრამატურგიით შემნილი პიესა  ,,შინ მოუსვლელი  ემიგრანტები

აქტიურად ვითანამშრომლეთ ლევერკუზენის ჯაზის ფესტივალთან, სადაც მაყურებლის წინაშე ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე და ჯგუფი ,,ლილე” წარსდგნენ, რომლებმაც ძალიან ემოციური დღეები გვაჩუქეს,“-გვიამბობს თამარი.

თამარმა და ვაკომ ერთმანეთი ხელოვნების წიაღში იპოვეს, თამარი უკვე გერმანიაში მოღვაწეობდა როდესაც ვაკო მანძულაშვილი, როგორც ლიტერატურული თეატრის მსახიობი სპექტაკლისთვის გერმანიაში ჩავიდა სადაც მსახიობები ასახიერებდნენ გაყრილ წყვილს.

მათი თანამშრომლობა და სიყვარულის ისტორიაც აქედან იწყება…

ქართველი წყვილის მიერ გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ამსახველ ღონისძიებებს, თითქოს, ბოლო არ უჩანს. ოჯახი აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ თეატრებთან და საზოგადოებასთან კულტურის სფეროში.

თამარმა შექმნა მიუზიკლების ქორეოგრაფია ,,Oper Werkstatt“-ის თეატრალური წარმოდგენებისთვის: ,,ბაბელ”,  ,,სისხლი”, ობერჰაუზენის თეატრ გლდანსკსში პიესისთვის- ,,ტროას ჰელენა”;  საინტერესო იყო, ასევე ,ქართულ- გერმანული კულტურის დღე, როდესაც თამარ ბურდულმა    გერმანელი და ქართული ფოლკლორი ,,შეახვედრა“ ერთმანეთს.

საღამოს ლიტერატურულად უღვებოდა მწერალი  ლაშა ბუღაძე:

,,მართლაც, დაუვიწყარი საღამო იყო…  ჩვენ პატარ ქართულ რესტორან ,,კავკასიაში“ ორია წელია,  ვმასპინძლობთ  ფესტივალ ,,თბილისობას. ამ საქმეში   საქართველოს საელჩოსა და საკონსულოსგან დიდი თანადგომა გვაქვს.  

ჩვენი სტუმრები ამ წელს იყვნენ ბენდი ,,ჩვენებურები, მწერალი დათო ტურაშვილი, დიჯეი დუდუნია; ასევე, გვესტუმრნენ ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის მერი, არაჩვეულებრივი ემიგრანტი მწერალი, ქალბატონი ირმა შიოლაშვილი.

აქვე მინდა  აღვნიშნო დათო ტურაშვილის ,,ჯინსების თაობა” რომელიც გერმანულ ენაზე ითარგმნა და  გერმანიაში იყო გაყიდვაში. სამწუხაროდ, 2011 წლიდან ამოიღეს გაყიდვაიდან, ხოლო ჩვენი მოწიწებული და ემოციური თხოვნის შემდეგ, გამომცემლობა „Wagenbach“-მა დაგვიბეჭდა უსასყიდლოდ 50 წიგნი და ქართულ -გერმანულ კულტურის გაცვლით საზოგადოებას გადმოგვცა“- ამბობს თამარ ბურდული

ზღვა მასალაა, უამრავი გეგმა და ღონისძიებათა ჩამონათვალი… ყველაფერზე ვერ დაწერ…თამარმა ბევრი რამ უკვე მოასწრო და   გააკეთა, საქართველოში თუ არა, – საქართველოსთვის! ახლაც სამომავლო გეგმებზე გვიყვება, მათგან უახლოესი ღონისძიებები  მარიამ ქირიას და ბექა ბუჩუკურის კონცერტია ქალაქ კიოლნში, ასევე, – ქართული ღვინის ფესტივალის, რატი ამაღლობელის და ჯგუფი ,,ბანი”-ს მასპინძლობა…

ნატალია მეგუთნიშვილი

ავტორი – ნატო მეგუთნიშვილი

                                                              

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI