,,თაობა Z“ და აქციების გამოძახილი საქართველოში ,,არა- რუსულ კანონს“,-ამ მოწოდების ქვეშ აქციები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში 7-9 მარტს მიმდინარეობდა.
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები ,,ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ და მის გაწვევას ითხოვდნენ.
აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციას, სადაც მოქალაქეები პარლამენტიდან ,,რუსული კანონის“ გაწვევას ითხოვდნენ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე ადგილი ჰქონდა სპეცრაზმსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს.
წყლის ჭავლით დაშალეს ჩიტაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე მყოფი მომიტინგეები. გაუშვეს ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.
უკვე 9 მარტს ქრონოლოგიურად მოვლენები ასე ვითარდებოდა: დაახლოებით, 1:00 საათისთვის პოლიციამ სირენები ჩართო და ასე სცადა, ეიძულებინა აქციის მონაწილეები, დაეტოვებინათ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
წასვლის ნაცვლად, აქციის მონაწილებმა სირენების ხმაზე ცეკვა დაიწყეს და ასე გაპროტესტეს ძალოვანი უწყების ქმედებები. მოქალაქეების, განსაკუთრებით კი, სტუდენტების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უკან დაიხია:
„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა.
ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც სხდომაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა დიმიტრი სამხარაძეა. მოგვიანებით, რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, დიმიტრი ხუნდაძე, იტყვის, რომ ამ კანონის არ მიღებით საზოგადოებამ ,,ხელიდან შანსი გაუშვა”.
უფრო ,,შორს წავა“ ქვეყნის პრემიერ- მინისტრი: ირაკლი ღარიბაშვილი 7-9 მარტს, თბილისში, გამართული საპროტესტო აქციებს
„დესტრუქციულ“, „ანარქისტულ“ და „ექსტრემისტულ“ ძალებს დაუკავშირებს და იტყვის, რომ ,,მათი მიზანი ქვეყანაში „ქაოსისა“ და „დესტაბილიზაციის“ შენარჩუნება იყო“.
ყველა ამ ,,შეფასების“ მიუხედავად, ფაქტი ფაქტად დარჩება: მიზანი – მიღწეულად და ე.წ. ,,რუსული კანონი“ -,,გაწვეულად“.
თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტებზეც დიდი გავლენა იქონია, იმდენად დიდი, რომ სამშობლოდან შორს წასული ქართველები, სოლიდარობის ნიშნად, ქუჩებში, აქციებზე, გამოვიდნენ.
ნათია ზუროშვილი ესპანეთში ცხოვრობს და საქართველოს ,,ამბებზე“ გულგრილად ვერ საუბრობს:
,,ჩვენ დავბრუნდებით გაზაფხულის აჯანყების შემდეგ, – ამ სიტყვებმა საოცარი ძალა შეიძინა და სულ სხვაგვარად გაიხმიანა.
რაც საქართველო დავტოვე, მას შემდეგ მოვლენები ისე ნეგატიურად განვითარდა, რომ მხოლოდ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში:
,, იქ რაღა მინდა?!“ მაგრამ ამ საოცარმა აფეთქებამ სრულიად დაანგრია ის ნიჰილიზმი, რაც ასე ფესვგადგმული იყო ჩემში და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა.
საიდან ასეთი თავდადება, ასეთი რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა და ასეთი სიყვარული თავისუფლებისა?!
ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ის თაობა, რომელიც მხოლოდ ეკრანს მიჯაჭვული და ვირტუალურ სამყაროში გზააბნეული მეგონა, ამხელა სითბოს და სენტიმენტებს გადმოგვაფრქვევდა გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს.
უცრემლოდ ვერ ვუყურებდი, როგორ ცდილობდნენ გოგონები ,,რობო-კოპების” გულის გათბობას, იების გაწვდით…
რამდენი რამ გვასწავლეს ამ ორ დღეში, საოცარი მორალური გაკვეთილი ჩაგვიტარეს და ბევრი საფიქრალიც დაგვიტოვეს.
პირველად მრცხვენოდა, რომ აქ, უცხოეთში, ვიყავი,თბილად მოკალათებული, მაშინ, როდესაც ჩემ ქვეყანას უჭირდა.
იმ ქალს მხარი რომ ვერ შევაშველე , ზურგი რომ ვერ გავუმაგრე დროშის ფრიალში, ჭავლთან მოცეკვავე გოგოსთან ,,არ შემდგარი დუეტის” მრცხვენოდა…
სინდისს დღემდე ვერ ვიმშვიდებ, ეს ცალკე იყოს, მაგრამ მათ, თუ რცხვენიდათ რაიმის, იმ მეორე მხარეს დარჩენილებს, იმათ სინდისმა თუ გაიღვიძა?“-ამბობს ნათია.
ნუცა ძანძავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო მიმართულების სტუდენტია.
ის თბილისში გამართულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. ამბობს, რომ ისტორიულად, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტებში, სტუდენტები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და სწორ მხარეს იდგნენ:
,,მიმაჩნია, რომ რუსული კანონის მიღება/არ მიღების საკითხი სწორედ ასეთი გადამწყვეტი მომენტი გახლდათ ჩვენი ქვეყნისთვის
და პირადად მე, როგორც სტუდენტებმა, თავი ვალდებულად მივიჩნიე, შორიდან არ მეყურებინა ამ პროცესებისთვის და ჩემი წვლილი შემეტანა ამ ბრძოლაში.
ამისათვის, მე და ჩემმა მეგობრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო მიმართულების სტუდენტებმა, დავაარსეთ სტუდენტური მოძრაობა, რომლის მთავარი მიზანი სწორედ ამ კანონის მიღებისთვის ხელის შეშლა გახლდათ.
ამისთვის მივმართეთ რამდენიმე ხერხს: როგორც აკადემიური, ისე აქციებზე დგომის კუთხით. ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც მოწვეული სპიკერები საუბრობდნენ ამ კანონის დამაზიანებელ ეფექტებზე;
ჩავატარეთ რამდენიმე დემონსტრაცია და გამუდმებით ვუერთდებოდით საჯარო პროტესტებს. მიგვაჩნია, რომ იმ მოკლევადიან მიზანს, რაც ამ საქმის დაწყებისას დავისახეთ, ნამდვილად მივაღწიეთ.
თუმცა, ვთვლით, რომ ჩვენ მოძრაობას და ზოგადად, სტუდენტურ ძალას, ბევრად მეტი პოტენციალი აქვს, ჩვენ ქვეყანაში არსებული რეალობის უკეთესობისკენ შემობრუნებისთვის. შესაბამისად, სამომავლო გეგმებსაც ვისახავთ.“-განაცხადა ნუცამ.
ჟანა ბოკუჩავა, პროფესიით ჟურნალისტი, ნუცას დედაა. აქციებში შვილების გვერდით, მათი მშობლებიც იდგნენ. ასეა ჟანაც.
მისი თქმით, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან, ,,რუსული კანონის“ მიღებით, სწორედ მათი მომავალი წყდებოდა:
,,ახალგაზრდობამ ღირსეულად დაამტკიცა, რომ მათი ადგილი და მომავალი ევროპულ, დიდ ოჯახშია, თუმცა ეს სხვადასხვა თაობების წარმომადგენლების დიდი სურვილი და მისწრაფებაა- წლების მანძილზე.
დარწმუნებული ვარ, ეს თაობა ყოველთვის იქნება სწორი დემოკრატიული ღირებულებების სადარაჯოზე.
გონიერი ახალგაზრდობის დიდი ძალის გათვალისწინება და მათი მოსმენა ყველა ხელისუფლებას უნდა შეეძლოს. საქართველოს მომავალი ჩვენი ჭკვიანი და გონიერი ახალი თაობის ხელშია“,-ფიქრობს ჟანა ბოკუჩავა.
ნინო პაატაშვილი სამოქალაქო აქტივისტია. ფიქრობს, რომ ახალგაზრდების მხრიდან საპროტესტო აქციების გამართვა და ზოგადად, კანონის გაპროტესტება ძალიან კარგი ნაბიჯი იყო.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ არასდროს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მისივე დამკვეთებთან, ანუ ხალხთან:
,,მეორეს მხრივ კი, საჭიროა მეტი ეთიკურობა და შემწყნარებლობა, როდესაც ქუჩაში გადის მოქალაქე, რაიმე კანონის გასაპროტესტებლად, აუცილებელია, იმოქმედოს სწორად.
დაიცვას თავი, თუ ხორციელდება მასზე რაიმე ფორმით ზეწოლა, მაგრამ თავად არ გახდეს მაპროვოცირებელი ძალადობის“.
P.S. დრო გავა, შეფასებები- შეფასებებად დარჩება… აქციებზე მდგარ ახალგაზრდებზე იტყვიან, რომ ეს თაობა ,,თაობა Z“-ია,– ასე მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებიც 1990 წლების ბოლოს და 2000 წლების დასაწყისში დაიბადნენ;
რომ ეს არის თაობაა – early adapter, ანუ თაობა, რომელიც პირველი ითვისებს ტექნოლოგიურ სიახლეებს და მუდამ აქვს წვდომა ინტერნეტთან...
დრო გავა, გაჩნდება ახალი შეფასებები და მოსაზრებებიც, თუმცა მთავარ კადრებად მაინც ისტორიას ის ქალბატონი შემორჩება, -ევროკავშირის დროშით ხელში,- წლის ჭავლის რომ არ ეშინოდა;
წყლის ჭავლთანვე მოთამაშე პატარა გოგო და ის ახალგაზრდები, აქციებზე ,,ხორუმს“ რომ ცეკვავდნენ, -გარდაუვალი გამარჯვების ნიშნად.
მათი განწირული ყიჟინა კი, აქციებზე მდგარ ,,ძველ თაობას“ 90-იან წლების საკუთარ ახალგაზრდობას გაახსენებს და 9 აპრილის ღამეს, როდესაც ერთი ბიჭი რუსულ ტანკს უბრალო ჯოხს ურტყამდა და არაფრის ეშინოდა…
ავტორი – ნატო მეგუთნიშვილი