ბინების თაღლითური სქემა ბარსელონაში/ მოგეხსენებათ, უცხო ქვეყანაში მოხვედრისას ემიგრანტის უპირველესი საფიქრალი არის საცხოვრებელი ადგილის მოძებნა, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც ბარსელონაა.
ამ ფონზე, სოციალურ ქსელში ყველაზე აქტუალური თემა სწორედ საჭირო დოკუმენტაციის მოძიებაა.
არავისთვის საიდუმლო არის, რომ ბევრი ადამიანი თავის სამუშაო კონტრაქტებს ყიდის, ამ მეთოდით უსაბუთო ემიგრანტებიც ახერხებენ სხვის სახელზე ბინის დაქირავებას.
ასევე ვიცოდით რომ ბარსელონაში ქართველი ახალგაზრდა ადამიანი უწევდა სამაკლერო მომსახურებას ქართველო ემიგრანტებს და მათთვის საჭირო დოკუმენტაციის და ბინების მოძიებას უზრუნველყოფდა, მისი დახმარებით ბარსელონაში უამრავმა ემიგრანტმა მოახერხა საცხოვრებელი სახლის დაქირავება.
2023 წლის 2 აპრილს, სოც. ქსელში კონკრეტულად კი „ქართველები ბარსელონაში“ შალვა წიკლაურმა გამოაქვეყნა ძალიან შემაშფოთებელი პოსტი, სადაც ჰყვებოდა მისი გამოცდილების შესახებ.
მისი თქმით უძრავი ქონების აგენტმა, გიორგი გვირგვლიანმა გააყალბა მისი ხელმოწერა და მისი დოკუმენტების გამოყენებით, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მის სახელზე დაიქირავა 18 ბინა (უკვე 20), რომელიც ფიქსირდება INCASOL-ის რეესტრში.
განმარტებისთვის გეტყვით რომ:
INCASOL (Instituto Catalán del Suelo) არის სახელმწიფო ინსტიტუცია, სადაც ბინის გაქირავების შემდეგ მეპატრონეს 2 თვის ვადაში კონტრაქტის თანხლებით შეაქვს საგარანტიო თანხა- “Fianza”, კონტრაქტში მითითებული ოდენობით.
ამის შემდეგ, კონტრაქტის მონაცემები რეგისტრირდება INCASOL- ის მონაცემთა ბაზაში, სადაც უკვე ნებისმიერ პიროვნებას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით შეუძლია გადამოწმება – არის თუ არა რაიმე ტიპის უძრავი ქონება ნაქირავები მის სახელზე.
პოსტს ჰქონდა დიდი გამოხმაურება, რის შემდეგაც სხვადასხვა ადამიანებმა, ვისაც შეხება ჰქონდა ზემოთ აღნიშნულ აგენტთან გადაამოწმეს საკუთარი მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ მათ სახელზეც ფიქსირდებოდა მათთვის უცნობი საცხოვრებელი მისამართები.
ამ პრობლემის შესახებ დაზარალებულებმა მაშინვე მოგვმართეს, ჩვენ, გაზეთის რედაქციას და გვთხოვეს ინფორმაციის გასაჯაროვება.
რამდენადაც ჩენ ვართ ადგილობრივ ემიგრანტებზე ორიენტირებული ონლაინ მედია და უზრუნველვყოფთ ქართველი ემიგრანტების ინფორმირებულობას, ვცდილობთ ყოველთვის გავავრცელოთ გადამოწმებული ინფორმაცია,
ამით პირველ რიგში ვუფრთხილდებით საკუთარ რეპუტაციას და არ გვსურს, არც ვინმეს უნებლიეთ დაზარალება და არც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
ამიტომ აღნიშნული ფაქტის შესახებ, დავუკავშირდით გიორგი გვირგვლიანს და ვთხოვეთ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, თუმცა ბ-გიორგიმ ვრცელი ახსნა-განმარტებებისგან თავი შეიკავა და ხმოვანი შეტყობინებით გვიპასუხა, რომ –
„არ აპირებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჭორებს აჰყვეს, რომელსაც შალვა წიკლაური ავრცელებს საკუთარი ნათესავების დახმარებით“.
ასევე აღნიშნა, რომ – „ბარსელონაში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ჭორები ადგილობრივი ბიზნესების საწინააღმდეგოდ“.
ჩვენი მხრიდან, შალვა წიკლაურის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ჩავატარეთ მოკვლევა და გადავამოწმეთ ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტზე ესპანეთის ძალოვან სტრუქტურებთან,
სადაც დაგვიდასტურეს, რომ ამჟამად ამ საკითხზე მიმდინარეობს აქტიური გამოძიება თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალური ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს.
გვინდა ავღნიშნოთ, რომ კონკრეტულად გიორგი გვირგვლიანის წინააღმდეგ აქვთ თუ არა რაიმე ფაქტები ესპანეთის საგამოძიებო სამსახურებს, ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ დაზარალებულოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით.
აღმოჩნდა, რომ შალვა და თორნიკე წიკლაურებს ნამდვილად უჩივიან სხვადასხვა მისამართზე რეგისტრირებული ბინების მეპატრონეები, ქირის გადაუხდელობის გამო.
ასევე მისდით საჩივრები კომპანიებიდან, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო მათთვის უცნობი მისამართებიდან.
მნიშვნელოვანი ფაქტია ის რომ სასამართლო განხილვისას ძმებმა წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა მათი ხელმოწერების გაყალბების შესახებ, რაც სასამართლომ გაიზიარა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა საიდანაც ერთ-ერთი ბინა იყო ნაქირავები, ვერც ერთი ძმა ვერ ამოიცნეს და განაცხადეს, რომ ბინის დაქირავებისას ეს პიროვნებები არ იყვნენ წარმოდგენილები მათ ოფისში.
ამ ეტაპზე ჩვენს რედაქციას შალვა და თორნიკე წიკლაურების გარდა იგივე პრობლემის შესახებ დაუკავშირდა, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე:
ხატია კუნჭულია და ხათუნა ხუბულავა, რომლებმაც გამოგვიგზავნეს წერილები, მათი პრობლემების შესახებ და უცვლელად გთავაზობთ.
შალვა წიკლაური
მე ვარ შალვა წიკლაური, 2011 წლიდან ვცხოვრობ ბარსელოში ოჯახთან ერთად, დავამთავრე 3 პროფესიული ინსტიტუტი/კოლეჯი (CFGM/CFGS) და ამჟამად ვარ დასაქმებული რკინიგზის სექტორში.
მინდა თაღლითობაში, საბუთების და ხელმოწერების გაყალბებაში ვამხილო გიორგი გირგვლიანი, რომელმაც ზემოთხსენებული არაკანონიერი ქმედებების შედეგად, ჩემი და ჩემი ძმის- თორნიკეს სახელზე, 20 ბინა მოხსნა ქირით 6 თვის განმავლობაში.
მათ ვინც ამ ბინებში შედიოდნენ საცხოვრებლად, ჩვენი კონტრაქტების სანაცვლოდ საგარანტიოს და ოფისის მომსახურების საფასურის გარდა ერთ ბინაზე საშუალოდ 3000€ ახდევინებდა.
ეს ამბავი დაიწყო 06/2022, როდესაც ბინის ქირაობის მიზნით ჩემი დეიდაშვილი ირინა ქოქაშვილი, დაუკავშირდა მაკლერ გიორგი გირგვლიანს და შეუთანხმდა, რომ მოუძებნიდა სასურველ ბინას, ჩემი და ჩემი ძმის, თორნიკე წიკლაურის სახელზე.
სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 700 ევრო, ნახევარი წინასწარ და ნახევარი საქმის დამთავრების შემდეგ. გადავეცით საბუთები რაც მოგვთხოვა და დაიწყო ბინის ძებნა.
07/2022 ბოლოს სანამ თვითონ გვინახავდა, ჩვენით ვიპოვეთ ბინა, შევატყობინეთ და შევაწყვეტინეთ ძებნა.
11/2022 კომპანია ENDESA_დან მოგვივიდა შეტყობინებები რომ ჩვენს სახელზე აფორმებდნენ დენის და გაზის კონტრაქტებს ჩვენთვის უცნობ მისამართებზე, რამაც გაგვიჩინა ეჭვი რომ ბინებიც ჩვენს სახელზე იქნებოდა და დავიწყეთ გარკვევა.
გავარკვიეთ რომ არსებობდა ასეთი ორგანიზმი INCASOL (Instituto Catalán del Suelo) სადაც არის შესაძლებელი პირადობის მოწმობით ნახვა არის თუ არა რაიმე უძრავი ქონება ნაქირავები შენს სახელზე.
01/2023 მივედით INCASOL_ში გადასამოწმებლად და გვითხრეს რომ 8 ბინა იყო რეგისტრირებული ჩვენს სახელზე, რაც 2 კვირაში 13_მდე გაიზარდა, დღეს უკვე 20 ბინაა ჩვენს სახელზე და დღითიდღე ემატება.
დღესდღეობით ვიმყოფებით უამრავი პრობლემის წინაშე:
- გვაქვს პრობლემები ბინის მეპატრონეების ნაწილთან, რადგან გვიჩივლეს სასამართლოში ქირის გადაუხდელობის გამო და გვედავებიან დავალიანების დაფარვას. როგორც გაირკვა ამ ბინებში მაცხოვრებლები გიორგის აძლევდნენ ქირას და ის არ უხდიდა ბინის მეპატრონეს.
- არის უამრავი დენის გაზის და წყლის სერვისები ჩვენს სახელზე და ბევრ მათგანზე არის დავალიანება.
- ვიმყოფებით კონტროლის ქვეშ როგორც პოლიციის ასევე “Hacienda”ს მხრიდან.
ჯამში უკვე 4 მეპატრონემ გვიჩივლა ქირის გადაუხდელობის გამო, აქედან ორმა საჩივარმა მოაღწია ჩვენამდე და მოვახერხეთ თავის დაცვა.
მოგვიწია უამრავი საბუთის წარდგენა, მათ შორის კალიგრაფიის ექსპერტიზის დასკვნის გაკეთება, რაც საკმაოდ დიდი თანხა დაგვიჯდა.
მესამე საჩივრის სასამართლო უწყება თვითონ გიორგიმ მიიღო და ვერაფერი გავიგეთ.
სასამართლოში გამოუცხადებლობის და თავდაცვის არ-შეძლების გამო, დაგვაკისრეს დავალიანების დაფარვა გამოსახლების დღემდე და მოსარჩელის სასმართლო ხარჯები.
INCASOL_ის მეშვეობით გავიგეთ მომხდარის შესახებ და მოვითხოვეთ სასამართლო განაჩენის გაუქმება, რაც მოსამართლემ დაგვიკმაყოფილა. მეოთხე საჩივარი ჯერ პროცესშია.
ამჟამად ველოდებით მეხუთე საჩივარს, რადგან ერთი ბინიდან მოგვივიდა გამაფრთხილებელი წერილი, რომ დავფაროთ დავალიანება 7 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში გიჩივლებთო.
პარალელურად შესაბამისი სტრუქტურები არის საქმის კურსში, იმის დასამტკიცებლად რომ ჩვენ ამ ყველაფერთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, ვართ დაზარალებულები გიორგის არაკანონიერი და დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად.
ხატია კუნჭულია
2021 წლის ნოემბერში ბინის ქირაობის მიზნით დავუკავშირდი გიორგი გირგვლიანს, შევთანხმდით რომ მოგვიძებნიდა ბინას, მე მას გადავუგზავნე ამისათვის საჭირო საბუთები, NIE, სამსახურის კონტრაქტი, ბოლო 3 თვის „ნომინა“ და მან დაიწყო ბინის ძიება.
დაახლოებით ერთ კვირაში დამირეკა და მითხრა რომ ჩემს სახელზე არ თანხმდებოდნენ ბინის გაქირავებას და კონტრაქტს გამიკეთებდა სხვის სახელზე, რაზეც დავთანხმდი იმიტომ რომ ბინა სასწრაფოდ მჭირდებოდა (ვცხოვრობ ჩემს დასთან ერთად და გვყავს 4 ბავშვი).
გიორგის გადავუხადეთ მომსახურების 500€, დეკემბერში გადავედი ბინაში, ამის შემდეგ მასთან კონტაქტი თითქმის არ მქონია.
აპრილში, შალვა წიკლაურმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მითითებული ვიყავი მეც, როგორც ერთ-ერთი მის სახელზე ნაქირავები ბინის მისამართზე მცხოვრები პირი და მქონდა დავალიანება, რომელიც სასწრაფოდ უნდა დამეფარა.
პოსტის ნახვის შემდეგ დავუკავშირდი შალვას, ამიხსნა სიტუაცია და მისი რჩევით წავედი Incasol-ში, ვინაიდან გიორგის წვდომა ჰქონდა ჩემს საბუთებზე, გამიჩნდა ეჭვი რომ ჩემს სახელზეც ჰქონდა ბინა ნაქირავები.
როგორც აღმოჩნდა ჩემს სახელზე ფიქსირდება 7 ბინა, მან გააყალბა ჩემი საბუთი, ჩემი ხელმოწერა, ასევე გააყალბა „ნომინაზე“ თარიღები, ჩემი სახელით სხვა ადამიანი წარადგინა inmobiliaria-ში და მოაწერინა ხელი.
რა თქმა უნდა ამის გაგებისთანავე მივიღე ზომები და მივმართე შესაბამის ორგანოებს.
ამას გარდა, ჩემს სახელზე დაწყებულია სასამართლო დავა ბინის მისამართზე, რომელიც incasol-ში რეგისტრირებული არ არის
რაც იმას ნიშნავს რომ აღნიშნულ ბინაზე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა და შესაძლოა ჩემს სახელზე დაქირავებულია 7 ბინაზე მეტი და რაღაც მიზეზების გამო, Incasol-ის ბაზაში ჯერჯერობით არ ჩანს.
ხათუნა ხუბულავა
გასული წლის ივნისში დავიწყეთ ბინის მოძებნა ბარსელონაში, ერთ-ერთ ქართულ ჯგუფში წავიკითხეთ რომ იყო ქართველი შუამავალი ვინც თანხის სანაცვლოდ მოგვიძებნიდა ბინას.
დავუკავშირდით ამ პიროვნებას სახელად გიორგი გვირგვლიანს და ვუთხარით რომ გვჭირდებოდა ბინა, მოგვიძებნა ბინა, გვანახა და შემდეგ კი შეგვექმნა პრობლემა,
საბუთების გაგზავნის შემდეგ გვრეკავს და გვეუბნება რომ:
„ბოდიში მაგრამ თქვენი საბუთები არ მოეწონა მეპატრონესო“- რადგან წითელი „ტარხეტები“ გვქონდა და „დიდი ბოდიშიო მაგრამ შემიძლია დაგეხმაროთო მაგრამ თანხის სანაცვლოდო“.
ის ითხოვდა 800€ რომ ვიღაც „ვითომ“ იტალიელების სახელზე მოეხსნა ბინა.
მომიტანა ყალბი კონტრაქტი რომელზეც ხელი მომაწერინა და მითხრა, რომ ეს იყო კონტრაქტი.
კონტრაქტში ეწერა რომ ბინის ქირის ღირებულება თვეში იყო 1050€.
რამდენიმე თვის შემდეგ ძმები შალვა და თორნიკე წიკლაურები აქვეყნებდნენ განცხადებას სადაც ამბობენ რომ გიორგი გვირგვლიანი სარგებლობდა მათი საბუთებით.
დავუკავშირდი ამ ბიჭებს და გაირკვა რომ ბინა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ მათ სახელზეა და არა ვიღაც იტალიელის, გაირკვა ისიც რომ ყოველთვიური გადასახადი 850€ ყოფილა 1050 ევროს მაგივრად.
მინდა განვაცხადო რომ ამ ადამიანმა მოგვატყუა და ყოველთვიურად დამატებით თანხასაც იგებდა ჩვენგან….
28 აპრილს მირეკავს სახლის მეპატრონე და მეუბნება, რომ 10-ში ბინა უნდა დავტოვოთ, რადგან აგვისტოს თვიდან თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გიორგის ვუხდიდით, თურმე მეპატრონემდე არ მიდიოდა და უკვე გასახლება გვემუქრებოდა.
მადლობა უფალს რომ დაგვიჯერა ბინის მეპატრონემ და მოგვცა იმის შანსი რომ დავრჩენილიყავით ბინაში მაგრამ ამისათვის ჩვენ ყველა ხარჯები თავიდან და მეორედ გვექნა გადასახდელი,…..
ამ თემასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან გაზეთის ფეისბუქ გვერდზე ან დაუყოვნებლივ მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს.
Email: georgianosenbarcelona@gmail.com
ფეისბუქ გვერდზე მოსაწერად დააწკაპუნეთ აქ 👈
იხილეთ სტატიები თემებზე:
როგორ ვიქირაო ბინა ესპანეთში?