თბილისობა 2023-ქართული კულტურის დღეები ბარსელონაში.

თბილისობა-2023-ქართული-კულტურის-დღეები-ბარსელონაში1080X1080

თბილისობა 2023-ქართული კულტურის დღეები ბარსელონაში. ქართული ემიგრაცია, რომელიც ყოველწიურად ელვის სისწრაფით იზრდება ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ თვალშისაცემია.

მათ შორის არც ესპანეთია გამონაკლისი, სადაც ქართული ემიგრაცია ყველაზე დიდი რაოდენობით ქ. ბარსელონაშია წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყოველთვის იგრძნობა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელშეწყობა, იშვიათია ვიხილოთ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომელიც ჩვენს ემიგრაციას გააერთიანებს და ერთ მუშტად შეკრავს.

წელს პირველად მოხდა გამონაკლისი შემთხვევა იმ მხრივ, რომ ქ. ბარსელონაში ღიაცისქვეშ, ულამაზეს პარკში ჩატარდა თბილისობის დღესასწაული.

ამ ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ უშუალოდ ქართული ეკლესიის წინამძღოლი ლუკა ფალავანდიშვილი, ირმა სიხარულიძე და ბარსელონაში ქართული ტაძრის, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის წევრები და ეკლესიის მრევლი, ასევე ის ემიგრანტები რომლებმაც სათითაოდ შეიტანეს წვლილი ამ გრანდიოზულ საქმეში.

პროექტი დაფინანსდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში და ბარსელონას საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.

ასევე ემიგრანტებმა გაიღეს საკუთარი ფინანსები და რესურსები საჭირო ინვენტარის და დეკორაციების გასაფორმებლად.

ასე რომ პროექტი აღმოჩნდა საკმაოდ კარგად ორგანიზებული, რომელშიც ჩაიდო არამხოლოდ ფინანსური, არამედ უდიდესი შრომა და ძალისხმევა ორგანიზატორების და მონაწილეების მხრიდან.

ღონისძიებაზე გაიშალა კარვები დახლებით, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს თითოეული კუთხე ადგილობრივი სახასიათო ნიშნებით და კულტურული ღირსშესანიშნაობებით.

საქართველოს საკონსულოს ღონისძიებაზე მოწვეული ჰყავდა ბარსელონაში მოღვაწე 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი (მათ შორის ისრაელის კონსული, რომელმაც მოგვიანებით საპატიო სტუმრებთან ერთად გაჭრა ტორტი), ადგილობრივი ხელისუფლებიდან საკრებულოს წარმომადგენლები.

ასევე საქართველოდან გვეწვია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი და დიასპორასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მუხრან გულაღაშვილი. სპეციალურად ამ დღისთვის მადრიდიდან ჩამოვიდა საქართველოს ელჩიც ილია გიორგაძე.

საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილის მასპინძლობით, წინ მიუძღვოდა დიპლომატიურ კორპუსს, რომლიც საქართველოს თითოეული კუთხისთვის გამოყოფილ კარავთან ჩერდებოდა.

ბატონი ალექსანდრე ყოველ ჯერზე, სტუმრებს აცნობდა ყველა კუთხისთვის დამახასიათებელ ადათ-წესებს.

ქართველი მასპინძლები ყველა კუთხიდან სტუმრებს ეგებებოდნენ პატარა თეატრალური წარმოდგენით, ლექსით, სიმღერით ან ცეკვით.

მთელი ამ მსვლელობის განმავლობაში ვიხილეთ და ვიმოგზაურეთ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში.

აღსანიშნავია, რომ ამდენი ქართველი ადამიანის ერთად ხილვა იყო ძალიან სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელი მოვლენა.

ემიგრანტებს საშუალება მოგვეცა გვენახა და გაგვეცნო ერთმანეთი. განსაკუთრებით მოხიბლულები დარჩნენ პატარა ქართველები, რომლების უმეტესობამაც პირველად იხილა ასე ლამაზად წარმოჩენილი ქართული ღირსშესანიშნაობები.

ქართული საკვირაო სკოლის ბავშვებს მიეცათ საშუალება გამოევლინათ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები.

დამსწრე საზოგადოების უმეტესობა იყო აღფრთოვანებული და ბედნიერი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მსგავსი მასშტაბების ღონისძიება იშვიათად ტარდება საზღვარგარეთ, მართალია თბილისობა შარშანაც ჩატარდა ქართული ეკლესიის ეზოში, მაგრამ წლევანდელი მასშტაბები ბევრად აღმატებოდა შარშანდელს.

ამიტომ მონაწილეების და ორგანიზატორების მხრიდან იყო დიდი ნერვიულობა და ვნებათაღელვა, თუ როგორ ჩაივლიდა ეს ყველაფერი.

სამწუხაროდ ქართული კერძებისთვის გამოყოფილ კუთხეში ვერ მოხდა ელექტრო მომარაგების უზრუნველყოფა, მერიიდან არ იყო არ ცეცხლის დანთების ნებართვა.

ამის გამო ვერ ჩაირთო ღუმელები და ადგილზე ვერ მოხდა საკვების დამზადება, რამაც ქართული კერძების დაგემოვნების მსურველები გაანაწყენა.

თუმცა უნდა ითქვას რომ რესტორანმა ELITÉ-მ შეუძლებელი შეძლო და საბოლოოდ ადგილზე, გამზადებული საჭმელი მოიტანა რესტორნიდან, რაც რა საკვირველია საკმარისი არ აღმოჩნდა იმ რაოდენობის ხალხზე, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა.

დარწმუნებული ვარ ეს წინააღმდეგობები მომავალი წლისთვის აღმოფხვრილი იქნება.

დარწმუნებული ვარ იმაშიც რომ წლევანდელმა ლაფსუსებმა მაინც ვერ დაჩრდილა ღონისძიების ძირითადი აზრი, რომ ერთად შეკრებილ ქართველ ემიგრანტებს გაეხსენებინათ საქართველო და ყველაფერი ქართული.

ერთ-ერთმა რესპოდენტმა ისიც გვითხრა „თბილისობაზე პირველად მოვხვდი ისიც ბარსელონაში-ო“.

რას ისურვებდნენ ქართველი ემიგრანტები მომავალი წლის თბილისობისთვის?!

დამსწრე საზოგადოების ნაწილმა გამოხატა გულისწყვეტა, რომ საქართველოსთან ასოცირებული სამახსოვრო ნივთების შეძენა ვერ შეძლეს.

ამიტომ ემიგრანტების უმრავლესობამ სურვილი გამოხატა ბარსელონაში ჩატარებულ ქართულ დღესასწაულებზე, ისევე როგორც საქართველოში, შესაძლებელი გახდეს გაიმართოს ხელნაკეთი ნივთების და სუვენირების გამოფენა, ყიდვა-გაყიდვა.

რაც ხელოვან ხალხს სტიმულს მისცემს ემიგრაციაში შექმნან საკუთარი ნაწარმი, მოახდინონ ამ ნივთების რეალიზაცია და არ დაივიწყონ საყვარელი საქმე.

ასევე გამოითქვა სურვილი, ქართული სამზარეულო წარდგენილი იყოს უფრო ფართოდ, რამდენიმე რესტორნის მხრიდან გრძელი რიგების და საკვების კრიზისის აღმოსაფხვრელად.

საბოლოო ჯამში როგორ მამა ლუკამ გააკეთა კომენტარი:

„მთავარია მსოფლიოში იყოს მშვიდობა“- და ალბათ მსგავსი ლამაზი დღესასწაულებიც არ მოგვაკლდება თუ ერთად ვიდგებით და ერთმანეთის კარგად ყოფნა გაგვიხარდება.

გამოხმაურება ბარსელონას მერიიდან

უნდა ავღნიშნოთ, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებულმა ღონისძიებამ უყურადღებოდ არ ჩაიარა, რაც იმის დასტურია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა მეორე დღეს, ქართულ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრა გამართა ქ. ბარსელონას ვიცე მერთან მარია ეუჰენია გაი როსეიოსთან.

„შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ხაზი გაესვა კულტურისა და ხელოვნების სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებას, ასევე ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს“ – ვკითხულობთ ამ ინფორმაციას საკონსულოს ოფიციალურ გვერდძე.

პს: ჩვენი გაზეთის რედაქცია ეცდება მომავალი წლისთვის უკეთესი აღჭურვილობით შეხვდეს მსგავს ღონისძიებებს. ბოდიშს გიხდით ტექნიკური ხარვეზებისთის, რადგან პირდაპირი ეთერის დროს ინტერვიუების ჩაწერის პროცესში, აღმოჩნდა რომ რესპოდენტებისთვის განკუთვნილი მიკროფონი არ მუშაობდა.

კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის და ულამაზესი დღისთვის, რომელმაც საქართველოში გვამოგზაურა, თუნდაც ერთი დღით.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI