თბილისობის დღესასწაული ემიგრაციაში/მოგეხსენებათ საქართველოსთვის მოსახლეობის მასიური გადინება და ემიგრაცია ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამოწვევაა.
განსაკუთრებით დიდ საშიშროებას ბოლო დროს ათასობით, უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქე წარმოადგენს. ამას შეიძლება მშვიდობიანი ოკუპაციაც კი დავარქვათ.
ვფიქრობ, ემიგრაციის და ოკუპაციის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში თანაბრად დგას, რადგან საქართველოს მოსახლეობის ყოველი მე-5-ე წევრი ემიგრანტია, ჩვენს დაცარიელებულ სახლებში კი უცხოტომელები იდებენ ბინას.
რაც შეეხება ემიგრანტებს, ალბათ ყველამ იცის ყველაზე მეტად რაც ემიგრანტს ენატრება ესაა: საკუთარი კერა, სიმღერა, ცეკვა, სუფრა, ტრადიციები რომელიც ხშირად იდეალური შეიძლება არ იყოს მაგრამ, ეს ყველაფერი მაინც ჩვენია და რას ვიზავთ, თუ მაინც მოგვენატრება?!
რადგან გარკვეული დღესასწაულები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ვცდილობთ ემიგრაციაშიც არ დავივიწყოთ ტრადიციები და ათასობით კილომეტრის დისტანციაზეც ვახერხებთ მოვიწყოთ ქართული კერა და აღვნიშნოთ დღესასწაულები.
თბილისობა როგორც ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაული, რომელიც მხოლოდ თბილისის ფენომენს ცდება. ამიტომ ეს დღესასწაული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აღინიშნა ქართველი ემიგრანტების მიერ. მათ შორის ბარსელონაში.
გაგეცინებათ და ბარსელონაში აღნიშნული თბილისობის დღესასწაულს გაუგონარი აჟიოტაჟი მოყვა ჩვენს არც თუ მცირე ემიგრაციულ საზოგადოებაში.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესპანეთის მასშტაბით ქართული ემიგრაციის უდიდესი ნაწილი ბარსელონაშია მობილიზებული.
ქალაქში აქტიური ემიგრანტების მიერ დაფუძნებული სხვადასხვა ასოციაციები და ორგანიზაციები ხშირად ატარებენ ისეთ შეხვედრებს და კულტურულ აქტებს, რომლის შესახებაც ემიგრაციის უმეტესობას ინფორმაცია არ მოეპოვება.
ხშირად სწორედ ეს „არა“ ინფორმირებულობა იწვევს იმედგაცრუებას და პროტესტის გრძნობას, ქართველ ემიგრანტებში, რადგან რიგით ემიგრანტსაც სურს რაიმე დოზით მიიღოს გარკვეულ პროცესებში მონაწილეობა.
ალბათ ეს ფრუსტრაცია გაამძაფრა იმ ფაქტმაც, რომ 9 ოქტომბერს ქართული ეკლესიის ეზოში გამართული თბილისობის დღესასწაულის შესახებ, მხოლოდ მრევლმა და ეკლესიასთან არსებული საკვირაო სკოლის მოსწავლეების ოჯახებმა იცოდნენ.
ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ქართული დიასპორის ხელმძღვანელობა და საქართველოს საკონსულოს თანამშრომლები ბარსელონაში.
წვეულების დეკორაციაში და მოწყობაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საკვირაო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა.
ზეიმი დაიგეგმა წმინდა ნინოს სახელობის ბარსელონის ეკლესიის წინამძღოლის მიერ, ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში.
9 ოქტომბრისთვის ემიგრანტებმა ეკლესიის ეზოში საგულდაგულოდ მოაწყვეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ეთნოგრაფიული გამოფენა.
სახლებიდან მოიტანეს ყველა ნივთი და ჭურჭელი, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა. ასევე საკუთარი სახსრებით შეიძინეს სხვადასხვა ინვენტარი, გასაფორმებელი აქსესუარები, ტორტები, პროდუქტი თუ ნუგბარი რომელიც ქართულ სამზარეულოს და შემოდგომის ნობათს ახასიათებს.
ეკლესიის ეზოში სიმბოლურად მოეწყო რთველიც, ქართველმა პატარებმა საწნახელში დაწურეს ღვინო.
ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები გამოვიდნენ ლექსებით, იცეკვეს იმღერეს და მოილხინეს უფროსებთან ერთად.
ქართულ ზეიმს, ხალხური მრავალხმიანი სიმღერებით ამშვენებდა, ქართულ ეკლესიასთან არსებული ვაჟთა გუნდი სახელწოდებით „Georgian Folk“
დღესასწაულმა ჩაიარა ძალიან თბილ ქართულ, კულტურულ გარემოში.
თბილისობის ზეიმის ორგანიზებაში ჩაიდო უდიდესი, შრომა და ენერგია ორგანიზატორების მიერ, რომლებიც ქართველი ემიგრანტები არიან.
მსგავსი ღონისძიებები აუცილებელია განსაკუთრებით იმ ქართველი ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოსგან შორს იზრდებიან და მშობლიურ კულტურას და ტრადიციებს უცხოეთში სწავლობენ.
სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს მოყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება და საყვედურები, გააკრიტიკეს ღონისძიების ორგანიზატორები.
ორგანიზატორებმა კი თავი იმართლეს, რომ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და ეკლესიის ანტიპიარში დაადანაშაულეს მოწინააღმდეგე მხარე.
ორივე მხარე დარჩა ძალიან განაწყენებული და გულდაწყვეტილი.
გაზეთის რედაქციაში შემოვიდა უამრავი საპროტესტო და სასაყვედურო წერილი ორივე მხრიდან.
ერთის მხრივ გვისაყვედურეს იმის შესახებ რომ, ჩვენ არ გავაცანით საზოგადოებას დაგეგმილი თბილისობის შესახებ.
მეორეს მხრივ კი გვისაყვედურეს იმის გამო რომ, არ დავინტერესდით და არ გავაშუქეთ ეს თემა.
გაზეთის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის არავის მოუწოდებია ინფორმაცია მსგავსი აქტივობების შესახებ არც წინასწარ და არც შემდეგ.
გადავამოწმეთ ქართული ეკლესიის ფეისბუქ გვერდი და სხვადასხვა ჯგუფები.
გარდა პირადი ფეისბუქ გვერდის ინფორმაციისა, რომელიც სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა განათავსა ვერსად აღმოვაჩინეთ ძველი თარიღით განთავსებული ინფორმაცია.
გავესაუბრეთ საკვირაო სკოლის რამდენიმე მშობელს (ვინაობას არ დავასახელებ მათივე სურვილით).
მშობლებმა გვითხრეს რომ ღონისძიება დაიგეგმა ეკლესიის მრევლის და საკვირაო სკოლის მოსწავლეების ახლო წრისთვის, რადგან ეკლესიის ეზო ფიზიკურად ვერ დაიტევდა ფართომაშტაბიან სტუმრიანობას.
ასევე გადავამოწმეთ ინფორმაცია და გავიგეთ რომ დასწრება იყო თავისუფალი და ეკლესიაში შემთხვევით მისული არც ერთი ქართველი, უკან არავის გამოუბრუნებია.
მომხდარი გაურკვევლობიდან და შექმნილი უხერხულობიდან გამომდინარე, რომელიც ქართულ ემიგრაციაში გუშინდელმა ზემმა გამოიწვია ვფიქრობ
ურიგო არ იქნებოდა, თუკი ქართული დიასპორის ასოციაციები (რომლებიც არა ერთია ქ. ბარსელონაში) საქართველოს საკონსულოსთან ერთად გაითვალისწინებენ ქართველი ემიგრანტების მხრიდან გამოხატულ დიდ სურვილს და
მომავალ წელს თბილისობის დღესასწაულს გაუწევდნენ ორგანიზებას ბარსელონაში.
ეს იქნებოდა შესანიშნავი შესაძლებლობა ბარსელონაში ათასობით მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მოგვეწყო ნამდვილი დღესასწაული რომელიც იქნებოდა მაშტაბური და დაიტევდა ყველა მსურველს.
ქართული ფესტივალი მოგვცემდა უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი კულტურული ღირსშესანიშნაობები წარმოგვეჩინა ჩვენი ესპანელი მეგობრებისთვისაც.
ჩენი გაზეთის მხრიდან უპირობოდ გექნებათ საინფორმაციო მხარდაჭერა.
პატივისცემით თამარ ბურდული „ქართველები ბარსელონაში“.