თეონა მოსიას – ეთნო – ჯაზი ვენაში/საქართველოზე ნოსტალგია დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა, შემდეგ კი, თანდათან გაუქრა. ახალ გარემოსაც შეეჩვია, სადაც საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლეობლობა მიეცა.
ეთნო – ჯაზის ქართველი მომღერალი, თეონა მოსია, 18 წელია, ვენაში ცხოვრობს. 2005 წელს წელს ის, Au Pair-ის პროგრამით, ავსტრიაში სამუშაოდ, ჩავიდა, ჩავიდა და დარჩა:
,,როგორც პროფესიით გერმანისტს, მინდოდა გერმანულენოვან ქვეყანაში, ენის ცოდნის გაღრმავების მიზნით, მეცხოვრა რამდენიმე წელი, თუმცა 18 წელია, უკვე აქ ვარ“,-ამბობს თეონა.
თეონა მოსიამ 2014 წელს პრაინერის კონსერვატორიის ჯაზ-ვოკალის ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად კი, ვენის ერთ-ერთ სამუსიკო სკოლაში მუშაობს.
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ბენდიც შექმნა, სერბ პიანისტთან, ნიკოლა სტანოსევიჩთან, ერთად, რომელიც, როგორც თეონა ამბობს, მის მუსიკას უბადლოდ უკრავს.
ბენდი სერბი და ავსტრიელი მუსიკოსებისაგან შედგება და დღემდე ამ ბენდთან ერთადაა.
წარმოშობით, ზუგდიდელი, სტანდარტულ ჯაზთან ერთად, ქართულ-მეგრულ ეთნო ჯაზს ასრულებს.
,,ეს გზა დაუსრულებელია და ახლაც ამ გზას გავდივარ. წარმატებას მოვლა და გაფრთხილება უნდა. ის არ გვპატიობს გზაზე შეჩერებას და სიზარმაცეს.
ეს უცხოეთშიც და სამშობლოშიც რთული გზაა, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც არაკომერციულ მუსიკას აკეთებ“,-გვიყვება ქართველი მუსიკოსი.
თეონა აქტიურად მართავს კონცერტებს სხვადსხვა ბენდებთან. 3 მარტს დაგეგმილია კონცერტი ბრაზილიელ პიანისტთან, ფაგნერ ვესლისთან, სადაც შესაძლებელი იქნება ქართულ-ბრაზილიური ჯაზის მოსმენა:
,,საქართველოში დაბრუნებაზე, სამწუხაროდ, ჯერ არ ვფიქრობ. ჩემი ქვეყნისთვის აქ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია…
მე არც წავსულვარ სხვაგან. აქ, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი ფესვები მაძლიერებს. სხვაგვარად ვერ შევძლებდი ასე სიმღერას,“ -ამბობს თეონა.
საქართველოში კონცერტები ჯერ არ დაუგეგმავს, სამშობლოზე კი, ტკივილით გვიყვება, ამბობს, რომ დღეს საქართველო ბედს შეგუებული, უიმედო და უმოქმედოა:
,,არადა, ჩვენ ხომ შეგვწევს ძალა, ვიყოთ უკეთესად და უკეთესები. ტრაგიზმში, დრამაში ჩაფლული ქვეყანა... რაც დრო გადის, მით უფრო საგრძნობი ხდება, რომ ვცოცხლდებით მაშინ, როდესაც ტრაგედია ხდება. ამ ტრაგედიისგან არაფერს ვსწავლობთ.
უბრალოდ ველოდებით მორიგ ტრაგედიას, რომ სასიცოცხლო ენერგია მივიღოთ. ტრაგედია უნდა დაგეხმაროს შეცვალო ჯერ საკუთარი თავი და შემდეგ – ქვეყანა.
მე ეს პირადად გამოვცადე მაშინ, როდესაც დედა გარდამეცვალა. არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა მის გარეშე.
ამ ტკივილმა გამანადგურა და გამაძლიერა, ერთდროულად. მე დედის გარეშე თავიდან ვისწავლე ცხოვრება, თითქოს, ახლად ავიდგი ენა და ფეხი“…
ემიგრანტობის გზაც ეკლიანი იყო, სირთულეებით სავსე. ამ გზაზე ხან ეცემოდა, ხან ძლიერდებოდა. ბევრჯერ წამოდგომა და გზის გაგრძელებაც შეძლო, რადგან კონკრეტული მიზანი ჰქონდა და იმედიც არასდროს დაუკარგავს.
ახლა საკუთარ გამოცდილებას სხვა ემიგრანტებსაც უზიარებს და მოუწოდებს, რომ საკუთარ ოცნებებზე უარი არ თქვან:
,,ქართველ ემიგრანტებს მინდა, ვუსურვო წარმატებები, სიბეჯითე, მოთმინება და რაც მთავარია, იმ ქვეყნისადმი პატივისცემა და სიყვარული, სადაც ისინი ცხოვრობენ.
მადლობა ამ ქვეყნებს, რომ მოგვცა საშუალება, აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში შესაძლებლობები, მიზნების და ოცნებების განსახორციელებლად, რაც,სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში შეუძლებელია“.
ნატო მეგუთნიშვილი