სამშობლოს
მაშ ასე, ჩემო სამშობლოვ,
უნდა მოგშორდე, ეს არი
და სხვაგან გადავიხვეწო,
მარადის შენთვის მკვნესარი!
(…)
დუტუ მეგრელი
თვითმყოფადობა ემიგრაციაში: ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები ჩვენს ეროვნულ და კულტურულ ღირებულებებს, როგორც საგანძურს ისე დაატარებენ, თუმცა ახალი თაობები რომლებიც საზღვარგარეთ იბადებიან, ან პატარა ასაკიდან ჩამოიყვანეს და აქ იზრდებიან, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად კარგავენ კონტაქტს შორეულ სამშობლოსთან. ეს იმდენად ხანგრძლივი და ნაკლებად თვალსაჩინო პროცესია, შესაძლოა თავდაპირველად ვერც კი შეამჩნიონ მშობლებმა, თუმცა ერთ დღესაც შეიძლება შეეფეთონ იმ მწარე რეალობას, როდესაც შვილებს აღარანაირი ემოციური კავშირი აღარ გააჩნიათ მშობლების სამშობლოსთან.
„ასიმილაცია“ რა თქმა უნდა ბუნებრივი პროცესია, როდესაც ძირითადად ისეთ გარემოში იზრდებიან ბავშვები, სადაც რომელიმე კონკრეტული ენა ან კულტურა დომინირებს. ბევრს გონია ქართულს ბავშვი ისედაც ისწავლის სახლში, რაც არასწორი მიდგომაა. სამწუხაროდ ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს არ აქვთ დრო არა თუ შვილებისთვის, არამედ საკუთარი თავისთვისაც კი. სკოლა და მუდმივი კონტაქტი ადგილობრივ ბავშვებთან სწრაფად ახდენს გავლენას, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ მოზარდზე.
„ასიმილაცია“ არ შეგეშალოთ „ინტეგრაციაში“ რაც ადაპტაციას, ადგილობრივ კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობას ნიშნავს, თვითმყოფადობის დაკარგვის გარეშე. ადგილობრივი ესპანური სახელმწიფო პროგრამები არაჩვეულებრივად არიან მორგებულები ემიგრანტებზე და უზრუნველყოფენ ჩვენი შვილებისთვის, იოლად შესაგუებელ კომფორტულ გარემოს. ენისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება უკვე ოჯახზეა დამოკიდებული, თუ ოჯახი ვერ უზრუნველყოფს ამ გარემოს მაშინ ქართულ სკოლას უნდა მიმართოს, არა მარტო ენის შენარჩუნებისთვის არამედ ახალი თაობების სიახლოვისთვის.
მახსოვს ერთმა ქალბატონმა დიდი გულის წყვეტით მითხრა რომ იმდენად იყო დაკავებული სამსახურში როდესაც უკან მოიხედა აღმოაჩინა, რომ მისი შვილები ისე გაიზარდნენ ესპანურ კულტურაში სრულიად გაუცხოვდნენ ქართველებთან და ყველაფერ ქართულთან რაც შეუქცევადი პროცესია ასეთ შემთხვევაში.
ეს რომ არ მოხდეს სწორედ ამიტომ არსებობს საკვირაო სკოლები, რომელსაც ქართული დიასპორის წევრები მაქსიმალურად ავითარებენ, რასაც შეგვიძლია დავარქვათ ბრძოლა. ბრძოლა გამოიხატება იმაში რომ ეს ადამიანები, ძირითადად საკუთარი ძალებით უმკლავდებიან იმ დიდ გამოწვევას, რასაც უამრავი საორგანიზაციო თუ ტექნიკური საკითხი მოითხოვს.
მიუხედავად ბოლო წლებში, სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ყურადღებისა დიასპორის ორგანიზაციების მიმართ, არასაკმარისია ჩართულობა და მოითხოვს გაცილებით მეტ დახმარებას, რაც მოახერხებს ქართლი საკვირაო სკოლების შენარჩუნებას, რადგან უმეტესწილად მოსწავლის გადახდილი თანხა დაქირავებული ფართის თანხას გაჭირვებით ფარავს.
სკოლები ხშირად დგებიან დაკეტვის საშიშროების წინაშე. სახელმწიფო სტრუქტურებმა სტაბილური ფუნქციონირებისთვის მინიმუმ ქირის გადასახადი უნდა დააფინანსოს რომ ეს ქართული კულტურის კუნძულები შევინარჩუნოთ. ხშირ შემთხვევაში საკვირაო სკოლებს არ ძალუძს ქირის ხარჯების გაღება და იშვიათად აქვთ საშუალება იქონიონ მუდმივი შენობა სადაც მოახერხებენ კლასებისა თუ კულტურული ღონისძიებების ჩატარებას. ვისაც აქვს ნაქირავები შენობა წარმოუდგენელი ძალისხმევა ჭირდება შესანარჩუნებლად, რაც პრაქტიკულად აუნაზღაურებელი შრომაა. მასწავლებლებიც ხშირ შემთხვევაში გაკვეთილებს ატარებენ კეთილი ნებით „დაეხმარონ ბაშვებს“ მინიმალური ანაზღაურების ფასად.
ხშირია ბავშვებში ენების აღრევა და ლინგვისტური პრობლემები, რომელიც ასაკთან ერთად აღმოიფხვრება და ლაგდება. აღნიშნული პრობლემა ხშირად სპეციალისტების ჩარევასაც მოითხოვს, რაც ადგილობრივი სკოლის მხრიდან ჩარევით გამოიხატება. თუმცა ქართული ენა ამ შემთხევაში განყენებულია და ქართული ენის ბარიერი დღითიდღე ღრმავდება.
დღეს დღეობით საქართველოდან გამოსულია მილიონი (შეიძლება მეტიც) საქართველოს მოქალაქე. ესპანელი იურისტის დავიდ მოიას მიერ წარმოდგენილი სტატისტიკით კი პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ცხოვრობს, ბარსელონას მოყვება მადრიდი, ვალენსია და ალიკანტე.
აი ამ ხალხის შესახებ ვეცდები მოგიყვეთ შემდგომ რუბრიკაში და გაგაცნოთ ჩვენი დროის საგანმანათლებლო საზოგადოება, უკვე ემიგრაციაში, საზღვრებს გარეთ, ახალ რეალობაში. ქართული გენის გადასარჩენად.