ილია თოფურიას ესპანური ,,ილიადა”/მას შემდეგ, რაც ილია თოფურია UFC-ს ჩემპიონი გახდა, ესპანეთის ტელევიზიები არ წყვეტენ ილიაზე საუბარს, გაზეთები აჭრელებულია ქართველი სპორტსმენის ფოტოებით.
ქუჩებში ხშირად შეხვდებით „გრაფიტებს“ ქართველი სპორტსმენის გამოსახულებით.
ეს გამაოგნებელი ყურადღება რომელსაც ესპანელები ქართველი სპორტსმენის მიმართ იჩენენ ჯერ არ ნახულია.
არ მახსენდება არც ერთი ადგილობრივი სპორტსმენი, რომლისთვისაც ამხელა პატივი მიეგოთ, მით უმეტეს ემიგრანტისთვის.
მეტი დამაჯერებლობისთვის გეტყვით, რომ 12 წლიანი ემიგრაციის განმავლობაში ბოლო დღეებში, რამდენჯერაც საქართველო ახსენეს ამის ერთი პროცენტიც კი არ უხსენებიათ ამ წლების განმავლობაში.
ესპანეთში დაინტერესდნენ საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და კულინარიული შესაძლებლობებით, რაზეც ძმებ თოფურიებს ხშირად უწევთ საუბარი.
ილია თოფურია მიიწვიეს ქვეყნის უმაღლესმა პირებმა, როგორიცაა ქვეყნის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი, მადრიდის კომუნიდადის პრეზიდენტი ისაბელ აიუსო და ბოლოს, გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს ალიკანტეში, ქალაქში, რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
ჩასვლისთანავე ალიკანტეს მთავარ თეატრში შეხვდა მის გულშემატკივრებს, შემდეგ კი ალიკანტეს მერიის შენობაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და ცისფერ დარბაზში, ალიკანტეს ისტორიულ წიგნში შეიტანეს მისის სახელი.
ამ საზეიმო დახვედრაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ალიკანტეს ადგილობრივი ქართული დიასპორის წევრებმა, რომელსაც ხელმძღვანელობს მანანა გოგოლაძე.
ზუსტად ორ დღეში მოხერხდა მერიასთან დეტალებზე შეთანხმება, იმისთვის, რომ ემიგრანტ ბავშვებს ქართული ცეკვებით, პატივი მიეგოთ ქართველი ჩემპიონისთვის, ქორეოგრაფ ქ. ნონა ცხადაძეს ხელმძღვანელობით.
ეს კადრები მოიარა მთელი ქვეყნის ტელევიზიებმა, რაც საოცრად ამაღელვებელი იყო ემიგრანტებისთვის, განსაკუთრებით ალიკანტის ქართული ემიგრაციისთვის, რომლებიც როგორც პირად საუბარში მიყვებოდნენ იმდენად აღელვებულები იყვნენ დამამშვიდებლები დასჭირდათ.
იყო უამრავი სიხარულის ცრემლი და აღტაცებული ბავშვები, რომლებსაც ქართველ სპორტსმენთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ.
აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული ბარსელონაში ალექსანდრე ჭკუასელი, რომელიც ფორსმაჟორულ სიტუაციაში სასწრაფოდ ჩავიდა ალიკანტეში სპეციალურად ამ დღისთვის.

სწორედ ასე დაწერა ქართულ-ესპანური ისტორია ილია თოფურიამ. ქართველების და ესპანელების სასახელოდ და ეს დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა.
ილიამ ისეთი რამ შეძლო, რაც ჯერ ვერც ერთმა დიპლომატმა ვერ გააკეთა საქართველოსთვის. მუშტის ერთი მოქნევით რადიკალურად შეცვალა საქართველოს იმიჯი.
ვისი სახელით იბრძოდა ილია თოფურია?!
რაც შეეხება გაუგებრობას თუ ვისი სახელით იბრძოდა ილია თოფურია, თავდაპირველად ამან დიდი დაბნეულობა გამოწვია, როგორც ქართველ ისე ესპანელ საზოგადოებაში.
რადგან ბრძოლამდე ადგილობრივ მედიასთან არაერთ ინტერვიუში ილია თოფურია აცხადებდა, რომ რინგზე ესპანეთს წარადგენდა და ქამრის მოგებისთანავე განაცხადა, რომ მეორე ბრძოლა ესპანეთში ბერნაბეუს საფეხბურთო სტადიონზე მოეწყობოდა, ამიტომ პირადად ჩემთვისაც ბოლო მომენტამდე ბუნდოვანი იყო ქვეყნების ფაქტორი.
საბოლოოდ, ყველა გაურკვევლობა პედრო სანჩესის განცხადებამ გაფანტა, რომელმაც საჯარო პირობა გასცა რომ ილია თოფურიას დოკუმენტში სულ მალე ესპანელი ჩაიწერებოდა.
სულ რამდენიმე წუთში, სანჩესის განცხადებას მოჰყვა ესპანეთის ეროვნული პოლიციის შეტყობინებაც სოც. ქსელში, სადაც თოფურიასთვის მოქალაქეობის მინიჭების პირობა დაიდო.
ამ მომენტისთვის უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ილია თოფურიას „ნატურალიზაციის“ შესახებ და სულ 180 დღე აქვს ფიცის დასადებად.
აღსანიშნავია, რომ ილიას გარდა სხვა უცხოელი სპორტსმენებიც სარგებლობენ მოქალაქეობის მინიჭების პრიორიტეტით, რომელსაც ჰქვია „nacionalidad por carta de naturaleza“ და მიღებული პრაქტიკაა სპორტსმენებთან მიკმართებაში.
თუმცა თოფურიების ოჯახი უკვე 15 წელია, რაც ესპანეთში ცხოვრობს.
დიდი ალბათობით, ილია თოფურია მომავალ ბრძოლებს უკვე ესპანეთის სახელით გამართავს, რადგან იგი ესპანეთის ფედერაციაში ჩაირიცხება.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქეობაზე მოუწევს უარის თქმა, თუმცა შეუძლია განცხადების საფუძველზე მოითხოვოს, რომ საქართველომ ორმაგი მოქალაქეობა შეუნარჩუნოს.
მანამდე კი ესპანელები ილიას ყოველ დღე მოიხსენიებენ, როგორც Hispano georgiano-ს, რომელმაც ესპანეთის ისტორია დაწერა და ადრე თუ გვიან ესპანეთის ისტორიაში პირველად, UFC-ს ორთაბრძოლების რინგს ჩამოიტანს ესპანეთში.
ოფიციალური ინფორმაციით, ილია საქართველოს 21 მარტისთვის ეწვევა და დინამო არენაზე პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე, სადაც ერთმანეთს საქართველო – ლუქსემბურგი ხვდება ჩემპიონის ქამარს წარადგენს.
ილიამ ისეთი რამ შეძლო, რაც ჯერ, ვერც ერთმა დიპლომატმა ვერ გააკეთა საქართველოსთვის.
დიდი მადლობა ამ გამარჯვებისთვის.
VIVA GEORGIA ❤️ VIVA ESPAÑA