ისტორიული წარმატება-ორი ქართველი ჩემპიონი კატალონიაში

ისტორიული-წარმატება-ორი-ქართველი-ჩემპიონი-კატალონიაში1536X1024

კატალონიის გრეპლინგის ჩემპიონატი, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ოფიციალურ შეჯიბრებად ჩამოყალიბდა ესპანეთის საბრძოლო სპორტის სივცეში, წელს განსაკუთრებული მოვლენით აღინიშნა.

პირველად, კატალონიის ჩემპიონატის ისტორიაში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვება ორ ქართველ სპორტსმენს ერგო

ისტორიული-წარმატება-ორი-ქართველი-ჩემპიონი-კატალონიაში540X620
ისტორიული-წარმატება-ორი-ქართველი-ჩემპიონი-კატალონიაში

ზუკო კაციტაძე (-66 კგ და -71 კგ) და ბექა ართილაყვა 2026 წლის 17 იანვარს კატალონიის გრეპლინგის ჩემპიონები გახდნენ. ტურნირის, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს ოფიციალურ რეგიონულ ტიტულს და ეროვნული ჩემპიონატისკენ გზას ხსნის.

მსგავსი ფაქტი კატალონიის გრეპლინგის ისტორიას აქამდე არ ახსოვს: ორი ქართველი ჩემპიონი, სხვადასხვა წონაში, ერთსა და იმავე ჩემპიონატზე.

ამ წარმატების უკან, მხოლოდ მედლები და ტიტულები არ დგას-დგას მეგობრობა, საერთო გზა და დიდი შრომა. როგორც თავად ზუკო კაციტაძე იხსენებს, მათი გაცნობა სრულიად შემთხვევით მოხდა.

ერთ ჩვეულებრივ დღეს, ერთ-ერთ დარბაზში ვარჯიშისას, ზუკომ შეამჩნია, როგორ ავარჯიშებდა ბექა ესპანელ ბავშვებს და ესპანურად, მაგრამ გამოკვეთილი ქართული აქცენტით მიმართავდა მათ. სწორედ ამ დეტალმა მიიქცია მისი ყურადღება. მიესალმა, გამოელაპარაკა და მალევე გაიგო ბექას სპორტული ისტორია, გამოცდილება და მიზნები.

ამ შეხვედრიდან დაიწყო ერთობლივი სპორტული გზა, რომელიც ახლა უკვე კატალონიის უმაღლეს მწვერვალზე ასვლით დასრულდა. წლების შრომა, დისციპლინა და ბოლოს ერთმანეთის მხარდაჭერის შედეგად აისახა ოფიციალურად, ფედერაციის მიერ აღიარებული ჩემპიონობის ტიტულით.

ორივე სპორტსმენი აღნიშნავს, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. გეგმები უფრო შორს მიდის და უახლოეს მომავალში ზუკო კაციტაძე და ბექა ართილაყვა უკვე ესპანეთის ჩემპიონატზე იბრძოლებენ, სადაც მიზანი ეროვნული ტიტულის მოპოვებაა.

ქართველი მებრძოლების ეს წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული საბრძოლო სკოლა საერთაშორისო არენაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი.

რჩება მხოლოდ წარმატების სურვილი ამ ბიჭებისთვის და იმედი, რომ მათი სახელები კიდევ არაერთ დიდ გამარჯვებას დაუკავშირდება, როგორც კატალონიაში, ისე მთელი ესპანეთის მასშტაბით.


მათი გამარჯვება, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართველი მებრძოლი სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ბრძოლას არ წყვეტს. უცხო მიწაზე მოპოვებული გამარჯვება მხოლოდ სპორტული შედეგი არ არის, ეს არის საკუთარი ქვეყნის, კულტურის და ხასიათის წარმოჩენა.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI