კატალონიური და ესპანური ენის დაპირისპირება სკოლებში / კატალონიის ადგილობრივი ხელისუფლება ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირებაში შევიდა და უზენაეს სასამართლოს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნებისმიერი სასკოლო დაწესებულება კატალონიაში ვალდებულია 25%- ის ეკვივალენტის გაკვეთილები ჩატარდეს ესპანურ ენაზე.
ჯენერალიტეტი არ ემორჩილება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და სკოლებს მოუწოდებს არ მოახდინონ ცვლილებები სასკოლო პროგრამაში.
კატალონიის მოსახლეობის აზრი ორად გაიყო და ორივე მხარე პერიოდულად ატარებს საპროტესტო აქციებს ბარსელონას ცენტრალურ ქუჩებში.

ერთის მხრივ ისმის ლოზუნგებით: „ხელები შორს კატალონიურისგან“ და მეორეს მხრივ, „დავიცვათ ესპანური ენის 25% სკოლებში“.

აღსანიშნავია, რომ როგორც ესპანეთის ყველა სხვა ორენოვან რეგიონებში, ისე კატალონიაში, კატალონიური კოოფიციალური ენაა, ესპანურ ენასთან ერთად და სახელმწიფო ენის თანაბარი ლეგიტიმაცია გააჩნია, კატალონიის ფარგლებში.
თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით, კატალონიური ენა, წლების განმავლობაში დომინანტ ენად იქცა სასწავლო კლასებში.
ამავდროულად ესპანური ენა კატალონიურ სასწავლებლებში იმდენად შემცირდა, რომ კვირაში მხოლო 2 საათი ეთმობა, როგორც რიგით საგანს, როდესაც დანარჩენი ყველა საგანი კატალონიურ ენაზე ტარდება.
კატალონიური ენა 80-იანი წლებიდან მოყოლებული კატალონიაში წამყვანი ენაა უნივერსიტეტამდელ საგანმანათლებლო ცენტრებში.
შეგახსენებთ რომ ენასთან დაკავშირებულ პროექტს კატალონიამ საფუძველი ჩაუყარა „modelo de inmersión lingüística“-ის ფარგლებში, რაც ფრანკოს დროს
რეპრესირებული ენის, გაცოცხლებას და კატალონიური ენის ცოდნის გაღრმავებას გულისხმობდა.
ეს მოდელი თავდაპირველად ბარსელონას რამდენიმე სკოლაში მოსინჯეს რის შემდეგაც, ყველა საჯარო სკოლა და ბაღი, ასევე ნახევრად დაფინანსებული საჯარო სკოლები (concertado) და კერძო ბაღებიც მოიცვა.
ესპანეთის ტერიტორიაზე, ნებისმიერ ორენოვან ავტონომიურ რესპუბლიკაში, მშობლებს უფლება აქვთ, შვილებისთვის მოითხოვონ, საგნების ესპანურ ენაზე ჩატარების უფლება, რაც შეადგენს 25% პროცენტს.
როგორც აღმოჩნდა ეს უფლება კატალონიაში მცხოვრებ მოქალაქეებს ეზღუდებათ და კონფლიქტში შედის მოქმედ კანონმდებლობასთან.
სწორედ ამ მიზეზით შევიდა მშობლების საჩივარი სასამართლოში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მათ სასარგებლოდ დააკმაყოფილა.
საგანმანათლებლო დარგის მრჩეველები კატალონიაში, ამტკიცებენ, რომ ესპანური ენის გამოყენება, სოციალური აქტივობების დროს მოსწავლეებში ისედაც მაღალია კატალონურთან შედარებით.
ამიტომ, მათი აზრით არაა მიზანშეწონილი სკოლებში, ესპანური ენისთვის, სასწავლო დროის ზედმეტად გამოყოფა.
ენის ნიადაგზე ესპანეთში დაპირისპირება ათეულობით წლებს ითვლის და ძალიან მგრძნობიარე თემად ითვლება.
კატალონიურ ენას წლების მანძილზე ავიწროვებდნენ ესპანეთში, ხოლო ფრანკოს დიქტატურის დროს კატალონიურად საუბარი საჯარო სივრცეში აკრძალული იყო.
რამაც კატალონიელების დამოკიდებულება ესპანურ ენასთან მიმართებაში კიდევ უფრო გაამწვავა და უკიდურეს ფაზაში გადაიყვანა.
კატალონიური განათლების სისტემა ესპანეთში დიდი პრესტიჟით სარგებლობს და სხვა რეგიონებთან შედარებით სწავლის დონე ბევრად მაღალია.
კატალონიაში სწავლა ყველაზე რთულად დაძლევადი, უცხოელი ბავშვებისთვისაა, რადგან ორი ენის ერთდროულად შესწავლა უწევთ, რაც ბევრად ართულებს ბარიერის გადალახვას.
ამის გამო, ბევრი ნიჭიერი მოსწავლე იკარგება განათლების სისტემაში.