„მადლობელი ვარ, რომ საკუთარი თავი არ დავკარგე“ – ნანა კუხალეიშვილი

„მადლობელი-ვარ-რომ-საკუთარი-თავი-არ-დავკარგე“-ნანა-კუხალეიშვილი1200X800

ახდენილი ოცნება და ქართული კულტურის ახალი მისამართი ბარსელონაში

„მადლობელი ვარ, რომ საკუთარი თავი არ დავკარგე“- ეს სიტყვები 2022 წლის მარტში, ჩვენი პირველი ინტერვიუს დროს, ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველმა მსახიობმა, ნანა კუხალეიშვილმა, მითხრა.

მაშინ მისი პასუხი კითხვაზე, იპოვა თუ არა საკუთარი თავი ესპანეთში, ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე ერთი ადამიანის პირად განცდას. ამ სიტყვებში არაერთი ემიგრანტის სათქმელი ამოვიცანი.

ოთხი წლის შემდეგ კვლავ ვუბრუნდები ნანას ისტორიას, ოღონდ უკვე ახალი ამბით: ბარსელონაში, საგრადა ფამილიას მეტროსთან ახლოს, ნანამ ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი შემოქმედებითი სივრცე შექმნა.

ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო, ჯერ კიდევ ესპანეთში ჩამოსვლის დღიდან. მაშინ, როდესაც ქართული თეატრის რეპეტიციებისთვის დარბაზის დაქირავებაც კი ფინანსურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ნანა არ დანებდა.

დღეს კი თავად ქმნის სივრცეს, სადაც სხვებსაც შეეძლებათ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენა.

ემიგრაციაში ხშირად ვსაუბრობთ სამსახურზე, საბუთებსა და ყოველდღიურ პრობლემებზე, თუმცა ნაკლებად ვახსენებთ კულტურულ შიმშილს, რომელსაც სამშობლოდან შორს მცხოვრები ქართველები განვიცდით.

გვაკლია ქართული სიტყვა სცენაზე, მშობლიურ ენაზე თეატრი, შემოქმედებითი ურთიერთობები და გარემო, სადაც ჩვენი შვილები საკუთარ კულტურასთან კავშირს შეინარჩუნებენ.

სწორედ ამიტომ ამ სივრცის მნიშვნელობა მის კედლებს სცდება.

ქართული თეატრი ბარსელონაში – GEO ART

ქართული თეატრი, რომელიც მაყურებელს აღაფრთოვანებს

ამ წლების განმავლობაში ბარსელონაში, ქართულმა თეატრმა განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარა. დაიდგა არაერთი საოცარი სპექტაკლი, რომლებშიც განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბავშვებისა და უფროსების მონდომება, სცენაზე მათი თავდადება და შემოქმედებითი ენერგია.

ცალკე აღნიშვნის ღირსია წარმოდგენების მხატვრული გაფორმება, არაჩვეულებრივი კოსტიუმები და თითოეული დეტალი, რომელშიც აშკარად იგრძნობა მაღალი გემოვნება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი განსაკუთრებული სიყვარული.

საოცარია, როგორ ახერხებენ სხვადასხვა ასაკის ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები, სცენაზე ისეთი ემოციის შექმნას, რომელიც მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს.

ეს უკვე მხოლოდ ემიგრანტების მიერ შექმნილი თეატრალური დასი აღარ არის, ეს არის შემოქმედებითი საზოგადოება, რომელიც წლების განმავლობაში იზრდება, ვითარდება და საკუთარ სტილს ქმნის.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართულ ენაზე დადგმულ სპექტაკლებს ესპანურენოვანი წარმოდგენებიც შეემატა. ამით ქართული თეატრი საკუთარ საზღვრებს გასცდა და ესპანელ მაყურებელსაც მისცა შესაძლებლობა გაეცნოს ქართულ ხელოვნებას.

წლების წინ ნანასთან საუბრისას ესპანური თეატრისკენ გზის გაკვალვაც ერთ-ერთ სამომავლო სურვილად გვესახებოდა. დღეს ესეც უკვე რეალობად იქცა.

თეატრზე მეტი – ახალი შესაძლებლობები ყველასთვის

ახალ შემოქმედებით სივრცეში თეატრალურ საქმიანობასთან ერთად სხვადასხვა მიმართულების განვითარებაც იგეგმება.

ბავშვებს ქართული მეტყველების, ცეკვისა და ბალეტის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ, ქართულ სპექტაკლებში მონაწილეობას კი ზრდასრულებიც შეძლებენ.

სივრცე ასევე განკუთვნილია პოდკასტების ჩასაწერად, პროფესიული ფოტოგადაღებისთვის, დაბადების დღეებისა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნანას შვილების, გიგისა და ანანოს, საქმიანობაც. ახალგაზრდებმა ესპანეთში ფოტო-ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის მიმართულებით პროფესიული განათლება მიიღეს და დღეს აქტიურად მონაწილეობენ როგორც თეატრის, ისე ახალი შემოქმედებითი პროექტების განვითარებაში.

სამომავლოდ ისინი ფილმებისა და სხვა საინტერესო პროექტების განხორციელებასაც გეგმავენ.

დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე ბევრ ადამიანს დაეხმარება საკუთარი ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებაში, ჩვენი გაზეთიც შეძლებს ამ სივრცის დაქირავებას სხვადასხვა პროექტების განსახორცილებელად.

სტუდიის მისამართი: El Espacio 216, C/ de Padilla, 216, Eixample, 08013 Barcelona

პროექტი ახალი შესაძლებლობებისთვის

ოთხი წლის წინ ნანა კუხალეიშვილი საკუთარი თეატრალური დასისთვის სივრცეს ეძებდა, დღეს კი თავად გაუღო კარი სხვებს- მათ, ვისაც ემიგრაციაში საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობებისა და ოცნებების რეალიზება სურს.

ნანამ არა მხოლოდ შეინარჩუნა საკუთარი თავი ემიგრაციაში, არამედ შექმნა ადგილი, სადაც სხვებსაც შეუძლიათ საკუთარი თავის პოვნა.

ასეთი ისტორიები განსაკუთრებით გვჭირდება ჩვენ, ემიგრანტებს. რაგ იმის მაგალითია, რომ სამშობლოდან შორსაც შესაძლებელია საკუთარი პროფესიის, ნიჭისა და ოცნებების ერთგულება.

იმედი მაქვს, ბარსელონაში ეს ახალი შემოქმედებითი სივრცე ბევრ ქართველს გააერთიანებს, ბავშვებს მშობლიურ კულტურასთან დააახლოებს და ესპანელ მეგობრებსაც უკეთ გააცნობს ქართულ ხელოვნებას.

რადგან კულტურა მხოლოდ ის არ არის, რაც სამშობლოდან თან წამოვიღეთ – არამედ ისიც, რასაც აქ, ერთმანეთის გვერდით, ყოველდღე ვქმნით.

„ქართველები ბარსელონაში“

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI