მანანა თოდუა – ქართველი ექიმის ესპანური ისტორია

მანანა თოდუა-ქართველი-ექიმის-ესპანური-ისტორია1080X1080

მანონი თოდუა – ქართველი ექიმის ესპანური ისტორია/ექიმი – პედიატრი მანონი თოდუა 14 წელია, ესპანეთის ულამაზეს ქალაქ ვალენსიაში, ოჯახთან: მეუღლესთან, 4 შვილთან და 2 შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.  

შორეულ ესპანეთში გამგზავრება კი, 2008 წელს გადაწყვიტა:

,,ეს გზა ძალიან რთული  იყო… როდესაც ჩამოდიხარ, არავის იცნობ, ენა არ იცი, ძნელია.

ჩემი ბიჭი იმ დროს 11 წლის ფეხბურთელი იყო და ძალიან უნდოდა ესპანურ გუნდში ეთამაშა.

საქართველოშიც წარმატებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ ესპანური ფეხბურთი ძალიან მოსწონდა.

თან საქართველოში იმ დროს ცუდი პერიოდი იყო, ამიტომ მამამისმა, ჩემმა მეუღლემ, მოკიდა შვილს ხელი და წამოვიდა. მერე ჩამოვედით მე და ჩემი პატარა, 2 წლის ქალიშვილი“…

მანანა თოდუა-ქართველი-ექიმის-ესპანური-ისტორია748X811
მანონი თოდუა ოჯახთან ერთად

მანონი თოდუა მრავალი წლის განმავლობაში თბილისის ნომერ პირველ სამშობიარო საავადმყოფოში მუშაობდა, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე არეულობის და ნგრევის პროცესი სამედიცინო სფეროსაც შეეხო.  გამონაკლისი არც მანონი  ექიმის სამსახური  ყოფილა:

,,სამედიცინო სისტემა დაიშალა. ცოტა ხანს მეც უმუშევარი ვიყავი და გადავწყვიტე, წამოვსულიყავი. მეუღლესთან ჩამოვედი.  

ენა არ ვიცოდი… ესპანელები რომ იგებდნენ, ექიმი ვიყავი, უკვირდათ: ექიმი სხვა ქვეყნიდან – ცხოვრების მაძიებელი?

პარალელურად, ისე დადებითად განეწყობოდნენ-ხოლმე ჩემ მიმართ. პედიატრი რომ ვიყავი, ყველას ჩემი დახმარება უნდოდა.

აქ ძალიან  რთულია საბუთების გაკეთება, დროებითი, პირადი დოკუმენტების მოწესრიგება. უნდა 3 წელი იცხოვრო ესპანეთში, რომ მერე კონტრაქტი იშოვნო.

ყველა ესპანელი, ვინც ამ ქვეყანაში ჩამოსვლის პირველ წელს გავიცანი, დღემდე მომყვება და მემეგობრება“,-

ამ  ადამიანების დახმარება ქართველ ექიმს სულ ახსოვს და არასდროს ივიწყებს, ისევე,- როგორც მეუღლის მიერ გამოწვდილ ხელს და ერთად გადალახულ დაბრკოლებებს.  

ამბობს, რომ  ესპანეთში მცხოვრები ზოგიერთი ქართველი  ემიგრანტი გულს უცრუებდა, -,,შენი დიპლომი ვის რად უნდაო“, მაგრამ მაინც სცადა, ფარ-ხმალი არ დაყარა  და გამოუვიდა კიდეც.

მანონიმ მუშაობა ჯერ კერძო კლინიკაში დაიწყო, ამჟამად კი, სახელმწიფო სააავადმყოფოში ექიმ-პედიატრად მოღვაწეობს.

ახლა მანონი თოდუა, რომელიც 2017 წლიდან  ესპანელ ექიმთა რიგების სრულფასოვანი წევრია, შესაბამისი სერტიფიკატით, უცხო მიწაზე მყოფ თანამემამულეებს უანგაროდ ეხმარება.

ქართველი ემიგრანტების ჯანმრთელობაზე ზრუნვით და გამხნევებით არასდროს იღლება,  სატელეფონო კონსულტაციებს უტარებს და მათი  სმს-შეტყობინებები, თუ ზარი  უპასუხოდ არასდროს დაუტოვებია.  

როგორც მანონი თოდუა ამბობს, თუ განათლებული ხარ და მითუმეტეს, ექიმი, ან – მასწავლებელი, აქაურები ძალიან გაფასებენ.

მანონი  სწორედ ესპანელების რჩევას დაუჯერა და დიპლომის აღიარება გააკეთა, რისგანაც ქართველი ექიმი, ენის ბარიერის მიზეზით, თავს იკავებდა.

თუმცა ეს ბარიერი მალევე დასძლია და ახლა ის ვალენსიის სახელმწიფო საავადმყოფოში  სერთიფიცირებული და ყველასგან დაფასებული ქართველი ექიმი -პედიატრია.

,,რას ვეტყოდი ქართველ ემიგრანტებს?- ძნელია ესპანეთში საკუთარი თავის დამკვიდრება, წლები სჭირდება. ახლა, მითუმეტეს, რთულია.

თავიდან ყველას გვიჭირს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერი გამოგვდის… წარმატებები – ყველას!“.

თუ მანონი თოდუას ჰკითხავთ: ეს ყველაფერი, მთელი ეს გზა საქართველოდან-ესპანეთამდე და შემდეგ, ესპანეთიდან -ესპანეთში, საკუთარი თავის ძიებაში, რთული იყო თუ არა, ქართველი ექიმი  გეტყვით, რომ კი,  რთული იყო, მაგრამ ამ გზის გავლა  ამ დიდ გამარჯვებად  ღირდა…

ნატალია მეგუთნიშვილი

ნატო მეგუთნიშვილი

                                            

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI