მართა და ,,კატი“-ქართველი ემიგრანტის ისტორია

მართა-და-,,კატი“-ქართველი-ემიგრანტის-ისტორია1600X1110

მართა და ,,კატი“-ქართველი ემიგრანტის ისტორია / ლელა (მართა) დიდებაშვილი,- პროფესიით, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ფილოლოგიური განათლებით, უკვე  1 წელია, თბილისში ცხოვრობს.

სამშობლოში დაბრუნებამდე  კი, იყო ქართველი ემიგრანტის უჩვეულო ისტორია, რომელიც  სხვა ემიგრანტებისგან სრულიად განსხვავებულია და იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის, არასდროს ხდება.

მე მოგიყვებით, როგორ შეცვალა დიდი ტრაგედიის შემდეგ ქართველი პედაგოგის ცხოვრება  მადრიდელმა მოხუცმა, სახელად,- ,,კატიმ“ და როგორ დააბრუნა სამშობლოში ესპანელი სენიორას მიერ დიდი მადლიერების და სიყვარულის ნიშნად გადადგმულმა  ნაბიჯმა ქართველი ემიგრანტი.  

ყველაფერი კი, ასე დაიწყო: ლელა დიდებაშვილმა ესპანეთში 5 წელი იცხოვრა. ოჯახის ახლობლებმა ლა-რიოხაში, ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში,  ჩაიყვანეს.

მიზეზი ლელას  ოჯახში დატრიალებული დიდი  ტრაგედია და  ოჯახის წევრების დაკარგვა იყო, რის გამოც რამდენიმე წელი ვერ მუშაობდა, მთელ დღეებს სახლში ატარებდა და ტრაგედიასთან გამკლავება ძალიან გაუჭირდა.

,,რჩევა მომცეს და  ჩემი  შვილის თანხმობაც იყო, რომ  ესპანეთში წავსულიყავი: ,,დედა, როდემდე შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში იყო, რადგან გეუბნებიან და შანსი გამოჩნდა, წადი, 3 თვე დრო გაქვს, შეხედე, თუ მოგეწონება, დარჩები, თუ არ მოგეწონება, დაბრუნდები“.

ასე გავყევი ჩემ ახლობელს, ჩავედით პირდაპირ ლა რიოხაში. ეს ის რეგიონია, სადაც ბევრი ქართველი ცხოვრობს,“-იხსენებს ლელა.

ამასობაში, ის ,,დათქმული“ 3 თვეც გავიდა… შემდეგ იყო მადრიდი, სადაც ლელა დიდებაშვილის შვილის მეგობარი ცხოვრობდა, რომელიც მას  ახალი გზის გაკვალვაში დაეხმარა:

,,არ იყო ყველაფერი იოლი, რა თქმა უნდა. იყო ისეთი დღეებიც, როდესაც გარეთ ვსეირნობდი, წვიმდა და ცრემლიც მისველებდა სახეს, რადგან როდესაც არ იცნობ უცხო ქვეყანას და ბოლომდე სხვაზე ხარ დამოკიდებული, რთულია“.

ასე დაიწყო ცხოვრება ესპანეთის დედაქალაქში. 2018 წლის დასაწყისი იყო. დაბრკოლებები კეთილი ადამიანების დახმარებით გადალახა და ძიძად მუშაობა კოლუმბიელი ახალგაზრდა წყვილის ოჯახში დაიწყო, სადაც  მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა, რადგან მათი მშობლები ჩამოვიდნენ და ლელას დახმარება აღარ დასჭირდათ.

,, შემდეგ გამოჩნდა ჩემი კატალინა. ის ძალიან ცოტას იხდიდა, რადგან მდიდარი ადამიანი არ იყო.

თუმცა იმ მომენტმა, რომ მარტო იყო და მე ძალიან მჭირდებოდა სიმშვიდე, რის გამოც ბავშვებთან მუშაობას მოხუცთან ურთიერთობა მერჩია, მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ დავთანხმებულიყავი“, -ამბობს ლელა დიდებაშვილი.

მოხუცის მოთხოვნით, არა ,,სენიორა“-ს, როგორც ესპანეთშია მიღებული, ლელა მოხუცს ,,კატის“ ეძახდა, რაც ორი ადამიანის ურთიერთობაში უკვე კარგი დასაწყისი იყო. ასე იცხოვრეს 4 წელიწადზე მეტი ერთად.  

,,92 წლის იყო, როდესაც პირველად მივედი კატისთან და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. თავიდან რთული  იყო, რა თქმა უნდა, რადგან უცხო ვიყავი მისთვის, ენაც კარგად არ ვიცოდი და კომუნიკაცია გვიჭირდა.

ფეხით დამოუკიდებლად დადიოდა, ყოველდღე ბარში ჩავდიოდით, ხელკავით. ისეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანებს შეიძლება, რომ  ჰქონდეთ.

ეს ძალიან იშვიათობაა და ჩვეულებრივი ამბავი არ არის. მე შემხვდა ასეთი კეთილშობილი ადამიანი“,-იხსენებს ლელა.

გავიდა დრო და ,,კატის“ ცხოვრების დასასრულიც მოახლოვდა. რამდენჯერმე საავადმყოფოში იწვა… ლელას მისი ხელი ხელში ეჭირა, ერთი წუთითაც არ მიუტოვებია.

,,კატიმ“  კი, მისი საყვარელი ადამიანისთვის, ქართველი მეგობრისთვის  კი,  ის გააკეთა, რომ საკუთარი  ქონების ნაწილი ლელა დიდებაშვილს, როგორც თავად ეძახდა იგივე მართას უსაჩუქრა:

უბრალოდ, უთხრა, რომ უნდოდა, მის მომავალზე ეზრუნა. ოფიციალური პროცედურების  გავლის შემდეგ ქართველმა ქალბატონმა ამ თანხით, თბილისში ბინა იყიდა, რის შემდეგაც მიეცა შესაძლებლობა ემიგრანტობა დაესრულებინა.

ლელა კატის ასე იხსენებს,

,,კატი“ პენსიონერი იყო, არ ჰქონდა შემოსავალი, პენსიაზე ცხოვრობდა და ეშინოდა, რომ ჩემთვის გადახდილი შედარებით დაბალი ხელფასის გამო, მე წავიდოდი და ის მარტო დარჩებოდა.

მე, საპასუხოდ, ვუთხარი: კატი, მე ძალიან მადლიერი ვარ, კარგად ვგრძნობ თავს და თუ თქვენ ამოგეწურებათ ეს შემოსავალი, მე არ მიგატოვებთ“.

გარდა ამისა კვირაობით ვასწავლიდი ქართულ ენას ,,საკვირაო სკოლაში“, რომელიც ქართულ სამლოცველოსთან მდებარეობდა. კატი საშუალებას მაძლევდა, ნებისმიერ დროს, სადაც მინდოდა, იქ გავსულიყავი, ოღონდ, ზუსტად უნდა სცოდნოდა, სად ვიყავი, რადგან ძალიან მელოდებოდა“..

სამშობლოში დაბრუნება ლელასთვის  რთული არ იყო, რადგან საქართველოში ცხოვრება ყოველთვის უნდოდა, მაგრამ ახალ პირობებთან შეგუება მაინც ძნელი აღმოჩნდა.

ამის მიუხედავად, 1 წელია, საქართველოში ცხოვრობს. სამსახური არ დაუწყია, მაგრამ აქვს იდეები და ფიქრობს, რომ საქმეს მალე შეუდგება.

ევროპაში ცხოვრების საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ლელა  საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ურჩევს, რომ მადლიერი იყვნენ იმ ქვეყნის და იმ ადამიანების, ვინც შეიფარა, ან ვინც ერთი სიტყვითაც კი, გზა უჩვენა და დაეხმარა; 

არ მოითხოვონ ძალიან ბევრი, იყვნენ საკუთარი თავის იმედად, -საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობილნი.

                                                                                          

ნატალია მეგუთნიშვილი

ნატო  მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI