მითი თუ რეალობა?! რატომ არის პოლემიკური ვალენტინობის დღესასწაული?!

მითი-თუ-რეალობა?!-რატომ-არის-პოლემიკური-ვალენტინობის-დღესასწაული?!996X747

რატომ არის პოლემიკური ვალენტინობის დღესასწაული?! 14 თებერვალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეყვარებული წყვილები ვალენტინობის დღესასწაულს აღნიშნავენ, ეს დღესასწაული, ბოლო წლებში ქართულმა საზოგადოებამაც ძალიან აიტაცა.

რის გამოც, უკვე წლებია არ წყდება პოლემიკა ამ დღესასწაულის აღნიშვნის მართებულობასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით დაპირისპირებაში მოდის ქართული ეკლესია, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მართლმადიდებლური დღესასწაული და ჭეშმარიტმა მართლმადიდებლებმა, არ უნდა ვიზეიმოთ კათოლიკური დღესასწაულები.

თუმცა გვავიწყდება, რომ  ერთ დროს ყველა ქრისტიანული ეკლესია ერთმანეთთან ევქარისტულ კავშირში იმყოფებოდა დიდ განხეთქილებამდე, ამიტომ თავისთავად ბევრი საერთო წმინდანი და დღესასწაული გვაქვს.

გადავწყვიტე მომეკვლია დაზუსტებული ინფორმაცია და ესპანეთის ადგილობრივ წყაროებს გადავხედე, ეჭვების გასაქარწყლებლად.

წმინდა ვალენტინთან დაკავშირებულ ისტორიას უამრავი ვერსია აქვს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ზღაპარს უფრო ჰგავს.

მე მხოლოდ ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ, რომელიც ყველაზე მეტად რომანტიულია.

ამბობენ, რომ ეს დღესასწაული რეალურად ძველი რომის წარმართული ეპოქიდან, ლუპერკალიის დღესასწაულიდან მომდინარეობს.

რომელიც აღინიშნებოდა „Ante diem XV Kalendas Martias“, რაც უდრის 15 თებერვალს. სიტყვა ლუპერკალია, სავარაუდოდ მომდინარეობს ლუპუსისგან (მგელი), ცხოველიდან, რომელიც განასახიერებდა ღმერთ ფაუნუსს, რომელმაც მიიღო მეტსახელი ლუპერკუსიდან და ჰირკუსიდან, თხიდან (უწმინდური ცხოველი).

გადმოცემის თანახმად ამ დღეს შესაწირად მიჰყავდათ ძაღლები და თხები.

ეს ღვთაება ასევე იყო ნაყოფიერების სიმბოლოც, ამიტომ ტრადიციის მიხედვით ქალებს რომ ბევრი შვილები ჰყოლოდათ, ბავშვებს წკეპლა უნდა შემოერტყათ მათთვის.

თუმცა მოგვიანებით, როგორც სხვა მრავალი წარმართული დღესასწაული, ისიც ქრისტიანული რელიგიის შესაბამისობაში მოიყვანეს.

წარმართული დღესასაწაულის გაუქმებას რომ არ მოჰყოლოდა სახალხო პროტესტი, 14 თებერვალს დააწესეს წმინდა ვალენტინის ხსენების დღე…

ჯერ კიდევ ქრისტიანობის ადრეულ ხანაში, მე-3 საუკუნეში, რომში მოღვაწეობდა ახალგაზრდა ქრისტიანი მღვდელი ვალენტინი.

იმავე პერიოდში, რომს განაგებდა იმპერატორი კლაუდიუს II გოთური, რომელმაც აკრძალა ახალგაზრდების ქორწინება იმისთვის რომ სამხედრო კონტიგენტი გაეზარდა რომაულ ჯარში.

ახალგაზრდა მღვდელი, იმპერატორის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და საიდუმლოდ განაგრძო შეყვარებული წყვილების ქორწინება (ამ პერიოდში ქრისტიანობა ჯერ კიდევ იდევნებოდა).

ქრისტიანი მღვდლის ასეთმა დამოკიდებულებამ ბევრი წარმართი ადამიანი გააქრისტიანა, რომლებიც ქორწინებამდე ჯერ ქრისტიანებად ინათლებოდნენ.

როდესაც რომაელებმა შეიტყეს მღვდლის დაუმორჩილებლობის შესახებ, იგი დააპატიმრეს და დილეგში ჩააგდეს.

მედილეგემ ვალენტინს დამცინავად მიმართა, თუ მისი ღმერთი ასეთი ძლევამოსილი იყო, მისი ქალიშვილი ხულიასთვის, დაებრუნებინა მხედველობა, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო.

ყველას გასაოცრად ქრისტიანმა მღვდელმა, მართლაც მოახერხა ხულიასთვის თვალისჩინის დაბრუნება, თუმცა ვალენტინი ამანაც ვერ იხსნა სიკვდილისგან და 269 წლის 14 თებერვალს, თავი მოჰკვეთეს.

აღსანიშნავია, რომ ხულიასთან მომხდარი სასწაულის შემდეგ, მისი ოჯახი გაქრისტიანდა.

ამ ისტორიას, ლეგენდის თანახმად, სასიყვარულო სარჩულიც უდევს.

ერთ-ერთი ვერსიით, ვალენტინს და ხულიას ერთმანეთი შეუყვარდათ. სიკვდილის წინ, ვალენტინმა ახალგაზრდა ქალს გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა, სადაც სიყვარულში გამოუტყდა.

სწორედ აქედან მომდინარეობს ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში, ეს ჩვეულება, როდესაც სასიყვარულო ბარათები ბოლოვდება ფრაზით: „შენი ვალენტინი“ (“De tu Valentín”)

როგორც ლეგენდა გვიამბობს, ხულიამ გარდაცვლილი ვალენტინის საფლავზე, მადლიერების ნიშნად დარგო ნუშის რტოები, რომელიც მალევე გაყვავდა და მათი მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.

მოგვიანებით, მღვდელი ვალენტინი  შერაცხეს წმინდანად და 494 წელს, პაპმა გელასიო I-მა 14 თებერვალი გამოაცხადა წმინდა ვალენტინის წამების დღედ.

წმინდა ვალენტინი დაკრძალულია რომის ერთ-ერთ გარეუბანში ფლამინიაზე, რომელსაც მალევე ეწოდა წმინდა ვალენტინის კარიბჭე.

შუა საუკუნეებში ეს ადგილი, ქრისტიანი მომლოცველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად იქცა.

უკვე 1969 წელს, პავლე VI-ის პონტიფიკატის დროს და ვატიკანის მეორე კრების შემდეგ, წმინდა ვალენტინის მოსახსენიებელი დღე, ამოღებულ იქნა კათოლიკური ეკლესიის კალენდრიდან, დღესასწაულის წარმართული წარმოშობის შესახებ არსებული ეჭვების გამო.

როგორც ცნობილია, ანგლიკანურ ეკლესიებში ეს დღესასწაული არ გაუქმებულა. ამ დღესასწაულის ტრადიციაც სწორედ ანგლიკანური ეკლესიიდან გავრცელდა შეერთებულ შტატებში.

უკვე მე-20-ე საუკუნიდან დანარჩენ ევროპასთან ერთად ესპანეთმაც გაიხსენა მივიწყებული წმინდანი და დიდი ენთუზიაზმით აიტაცა ეს დღესასწაული (კათოლიკურ ეკლესიაში კვლავაც არ აღნიშნავენ წმინდა ვალენტინის დღეს).

ამ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნამ შეიძინა კომერციული ხასიათი და გახდა საუკეთესო კომერციული სტიმული, მყიდველის მოსაზიდად.

რაოდენ საკამათოც არ უნდა იყოს ამ დღესასწაულის წარმომავლობა, ის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი დღესასწაულია.

თუ დავფიქრდებით, რელიგიური კონტექსტი ვალენტინობის დღესასწაულის აღნიშვნაში, პრაქტიკულად აღარც არსებობს.

არ ვიცი ადამიანებმა სიყვარულის გამოსახატად არჩევანი მაინცდამაინც 14 თებერვალზე რატომ შეაჩერეს, თუმცა ფაქტია სხვადასხვა რელიგიის და წარმოშობის ადამიანები ერთნაირი ენთუზიაზმით აღნიშნავენ სიყვარულისთვის განკუთვნილ ამ ექსკლუზიურ  დღეს.

დიდი სიყვარულით თქვენი თამარი ❤

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI