მიწის სისტემური რეგისტრაცია ემიგრანტებისთვის / გვინდა გაცნობოთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სექტემბრის თვიდან დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაცია.
ეს კი, იმას ნიშნავს, რომ სისტემური რეგისტრაციის განხორციელების შედეგად, დადგინდება გეოგრაფიულ არეალებში მდებარე უძრავ ქონებაზე არსებული უფლებრივი და საკადასტრო მდგომარეობა
(იგულისხმება მესაკუთრეთა, ან მოსარგებლეთა ვინაობა).
როგორც ამ პროცესში ჩართული პირები, სატელევიზიო გამოსვლებსა, თუ ოფიციალურ შეხვედრებზე განმარტავენ, მთავრობის ამ წამოწყებამ ხელი უნდა შეუწყოს საკუთრების უფლების დაცვას
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის სექტორისა და აგრობიზნესის განვითარებას.
ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია დავების აღმოსაფხვრელად მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, ამ მიმართულებით არსებულ არაერთ სასამართლო დავას ასევე.
თუმცა ამ ამბავში მთავარი სიახლე მაინც ემიგრანტებისთვისაა:
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან საქართველოს საზღვრებს გარეთ და ფლობენ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში მდებარე მიწის ნაკვეთებს, აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში.
კერძოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ემიგრანტებს, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ეძლევათ საშუალება, დისტანციურად მიიღონ მონაწილეობა სარეგისტრაციო პროცესში.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო ) თორთლაძემ, ემიგრანტებთან ონლაინ-შეხვედრის დროსაც გააკეთა.
,,როდესაც დიდი ხანია, საკუთარ მიწა-წყალს ხარ მოწყვეტილი და საკუთარი ქონების მოვლა-პატრონობაც, ცხადია, გირთულდება, ეს სიახლე საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოდან შორს ყოფნის მიუხედავად გაუადვილებს საკუთარ ქონებაზე ზრუნვას და თავს ისევ საქართველოს ნაწილად აგრძნობინებს,“
-ამბობს ნათია ზუროშვილი, რომელიც 3 შვილის დედააა და რამდენიმე წელია, რაც ბასკეთში, იგორეში, ცხოვრობს.
ანუ მარტივი ენით ეს იმას ნიშნავს რომ იუსტიციის სახლიდან გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი, რიგითობის მიხედვით დაიწყებს, საქართველოს მასშტაბით, მიწების აზომვით სამუშაოებს .
P.S. მიწის სისტემური რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება
(გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი).
მომსახურება კი, სრულიად უფასოა. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება და კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო დაგეგმვითი/აზომვით სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა კი, შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
სტატიის ავტორი:
ნატო მეგუთნიშვილი