მოქანდაკე და ხელოვანი დავით რომანაძე – გერმანიაში/ დავით რომანაძე პროფესიით მოქანდაკეა, თუმცა ამბობს, რომ ხატვაც ძალიან უყვარს. ბავშვობიდან ხატავს და, ძირითადად, ფერწერის და გრაფიკის მიმართულებით მუშაობს.
მისი, როგორც ხელოვანის, გზა ბათუმის სამხატვრო სკოლიდან დაიწყო. შემდეგ იყო თბილისის სამხატვრო აკადემია, რომელიც 100% -იანი გრანტით დაასრულა:
,,საქართველოში, თბილისში, სწავლის დროს მქონდა ჯგუფური გამოფენები, თანაკურსლებთან ერთად, ბათუმში – პერსონალური.
სულ 3 გამოფენა, ასე ვთქვათ, მაგრამ გალერეეებში – არა: ზოგი – რესტორანში , ზოგი- სასტუმროში , ზოგიც- უნივერსიტეტის დარბაზში და ასე რა…“

დავითი, თითქმის, ორი წელია, გერმანიაში ცხოვრობს (ჯერ ოჯახი არ შეუქმნია), მან საკუთარი ძალების მოსინჯვა, როგორც ემიგრანტმა და ხელოვანმა, საქართველოდან შორს, ევროპაშიც სცადა, რაც, რა თქმა უნდა, სულაც არაა მარტივი,- მუშაობა და პარალელურად, საყვარელი საქმის კეთება:
,,თავიდან, 8 თვე, გუტესლოში ვიყავი , დარჩენილი დრო ბრემენში ვცხოვრობ. საქართველო დავტოვე იმიტომ, რომ ჩემი თავი თავიდან მეპოვნა. ვფიქრობდი, სანამ ახალგაზრდა ვარ, ჩემ ბედს ევროპაში მოვსინჯავ – თქო.
აქ ძალიან დიდი შესაძლებლობის ადგილია და ვიცი, რომ ჩემი ნიჭი აქ უფრო დაფასდება, ვიდრე – საქართველოში.
დაბრუნებას სულ ვაპირებ, მაგრამ, ალბათ, მაშინ, როდესაც დავჭირდები საქართველოს. ჯერ მგონია, არ არის ჩვენი საზოგადოება მზად, ახალ საფეხურზე გადავიდეს“.
,,მხატვრობის გარდა, მეორე პროფესიაც მაქვს, არქიტექტორიც ვარ და ახლა სამსახური ვიპოვნე ბრემენში. ჯერ საცდელი დრო მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა, ამ ეტაპზე ამ სფეროში განვითარდე და ახალი აღმოჩენები გავაკეთო.
დავითმა, თავდაუზოგავი შრომის შედეგად, პირველი პერსონალური გამოფენა გერმანიაში, ქალაქ ჰალდენში გამართა და გერმანული პრესის ყურადღებაც მიიპყრო.

როდესმე ჩამოვალ საქართველოში და ამ ცოდნას, იმედია, მანდ გამოვიყენებ. პარალელურად მინდა, მეორე გამოფენაც გავაკეთო, ქანდაკებების, დიდი რაოდენობით…
ბევრი გეგმა მაქვს, მაგრამ, ჯერ ჯერობით, გერმანიაში დარჩენის და დამკვიდრების პრობლემა მაქვს, დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება“…

დავით რომანაძე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და უსურვებს, რომ საკუთარი მიზნები განახორციელონ. მისივე თქმით, მთავარი ერთად ყოფნა და ერთმანეთის გვერდში დგომაა:
,,მინდა, რომ უფრო ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ერთად, მგონია, უფრო ძლიერები ვიქნებით. ვიცი, ძალიან რთულია აქ ცხოვრება და დამკვიდრება, ბევრი წვალება აქვთ გამოვლილი ემიგრანტებს.
ეს პრობლემები მათზე სხვადასხვაგვარად აისახება: ზოგი უფრო დეპრესიაშია, ზოგი – უფრო მოწყენილი… ვუსურვებდი ყველას თავისი თავის პოვნას ამ დიდ თავგადასავალში.
ყველაფერი მოგვარდება, მთავარია, სიკეთე მივცეთ ერთმანეთს, სიკეთეს თუ გასცემ სამყაროში, სიკეთითვე დაგვიბრუნდება უკან“.
ხელოვანი დავით რომანაძე საქართველოში დარჩენილ მოქალაქეებსასაც მიმართავს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითგანვითარებაა:
,,მინდა ყველას ვუსურვო ძალა იმისთვის, რომ რომ უფრო მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს. უფრო მეტი გამბედაობა – ცვლილებებისთვის!“

ავტორი – ნატო მეგუთნიშვილი