ნინი ჩეჩელაშვილის სიცოცხლის გზა

ნინი-ჩეჩელაშვილის-სიცოცხლის-გზა1080X1080

ნინი ჩეჩელაშვილის სიცოცხლის გზა/ ნინი ჩეჩელაშვილს ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა კარგად იცნობს.

ეს ის ადამიანია, რომელთანაც ყველა თავის გასაჭირზე ღიად და დაუფარავად საუბრობს,  რადგან იციან, რომ ნინი  მხოლოდ  მათი უბრალო მსმენელი არ არის და სხვების გასაჭირის გათავისება შეუძლია.

ყველაფერი კი, 3 წლის წინ დაიწყო, როდესაც ნინიმ ესპანეთში ჩასვლა გადაწყვიტა. 3 წელი სეგოვიაში ცხოვრობდა და დიდი ხანი არ არის, რაც მადრიდში გადავიდა.

გადაწყვეტილება, გამხდარიყო, ემიგრანტი, ისევე, როგორც ქართველთა უმრავლესობა, ეკონომიური გაჭირვების გამო მიიღო, რადგან ხელფასი თვიდან-თვემდე არ ჰყოფნიდა.

ადგა და წავიდა და არჩევანი ოჯახის კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთა:

,,ვმუშაობდი და სახლამდე ვერ აღწევდა ჩემი ხელფასი, ნელ-ნელა მიქრებოდა სახიდან ღიმილი.

ვხვდებოდი, რომ ყველაფერი მენგრეოდა.

ამ ყველაფრის ფონზე მივიღე გადაწყვეტილება, ოჯახთან ერთად, წამოვსულიყავი. ვიტყოდი, რომ გადარჩენისთვის წამოვედი…

თავიდან რომ ჩამოვედი, თითქოს, მარტივად მიეწყო ყველაფერი, როდესაც ,,წითელი ჯვრის“ პროგრამაში  მშვიდად  ვიყავი.

პროგრამა რომ დასრულდა, უმუშევრები დავრჩით, ძალიან გაგვიჭირდა.. მეგობრები დაგვეხმარნენ, თავი ძლივს გავიტანეთ.

შემდეგ იშოვა ჩემმა ქმარმა სამსახური, მეც დავიწყე მუშაობა და როგორც იქნა, დავლაგდით “, -ამბობს ნინი.

ნინი ჩეჩელაშვილმა  ესპანეთში ცხოვრების მთავარ მიმართულებად  ქართველი ემიგრანტების  დახმარების და ქველმოქმედების გზა აირჩია, გზა, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამემამულე, უცხო მიწაზე მოხვედრის დროს, სამწუხაროდ, ივიწყებს ხოლმე,

უფრო მეტიც, ამ ინიციატივის გამო, მას ბევრი დაბრკოლება შეხვდა.

ამის მიუხედავად, ნინი განსაცდელს არ შეუშინდა, რადგან იცოდა, რომ ,,სხვისი ჭირი, ღობეს-ჩხირი“ არ იყო და  რომ მთავარი ადამიანად დარჩენაა, სხვა-არაფერი:

,,ვეხმარები და ქველმოქმედი ვარ-თქო,ასეც ვერ ვიტყოდი. მგონია, რომ თითოეული ადამიანის მოვალეობაა ადამიანების დახმარება.  

საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა მიჭირს, უცხო ქვეყანაში რთულია თავის დამკვიდრება.

ჩამოსვლის დღიდან ყველგან ვწერდი, თუ როგორ მოვხვდი აქ; ახალ ჩამოსულებს  ვაწვდიდი ინფორმაციას, ვცდილობდი, რომ მეტ-ნაკლებად გზა გამეკვლია მათთვის.

იყო რამდენიმე შემთხვევა, ქუჩაში დარჩენილები რომ წავიყვანე სახლში… თავიდან სამსახურის ძებნა რომ დავიწყეთ, სულ რუსული და უკრაინული ჯგუფები მხვდებოდა, აქედან გამომდინარე, გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა ჯგუფი-,,სამუშაო ესპანეთში”.

მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ და დავიწყეთ ვაკანსიების განთავსება. ამ ჯგუფით თუ ერთი ადამიანი მაინც დასაქმდება, ეს ჩემთვის ბედნიერებაა და ე.ი. რაღაცას ვაკეთებთ.

ჩემს თავს მოხალისეს ვეძახი…ასევე, მეგობრების დახმარებით, თანხებიც შევუგროვეთ რამდენიმე ადამიანს.

მე თუ ვინმე მთხოვს დახმარებას,  უკან არასდროს ვიხევ, თუ შემიძლია, ბოლომდე დავუდგები გვერდით…

არაერთი პრობლემა შემხვდა ყველაფრის ფონზე უთქვამთ: „რა შენი საქმეა?“

ბოლო შემთხვევის დროს კი, საერთოდ ჩივილით მემუქრებოდნენ.

მიუხედავად ყველაფრისა, მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ:

„სხვისი ჭირი, ღობეს-ჩხირი” არ არის და თუ ვინმეს რამის გაკეთება შეგვიძლია, ყველამ უნდა გავაკეთოთ…

ერთ დღესაც, სხვა ემიგრანტების პრობლემების მოგვარებაში გართულს, ისე, რომ ამაზე არასდროს უფიქრია, გააცნობიერა, რომ დახმარება მასაც სჭირდებოდა, რადგან დიდი განსაცდელის წინ იდგა:

ნინი შვილთან ერთად. ჰოსპიტალიდან გაწერის დღე.

,, რომ მეგონა, ამოვისუნთქეთ და გეგმები დავაწყვეთ, სწორედ მაშინ ჩამომენგრა თავზე ყველაფერი…

მოულოდნელად ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამიდგინეს…

რაც დავიწყეთ და რასაც ვგეგმავდით მომავლისთვის, ყველაფერი გაიყინა, აღარანაირი იმედი, აღარანაირი მომავალზე ფიქრი, თუმცა, უფლის წყალობით, ყველაფერი გადავლახე, სიმსივნეზე გამარჯვება ყველაზე დიდი გამარჯვებაა ჩემს ცხოვრებაში.

ჯერ ჩემი მიზნისთვის არ მიმიღწევია, ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია, ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა მაქვს, რთულია ახალი ნაბიჯების გადადგმა “.

რაც შეეხება ესპანეთის ჯანდაცვის სისტემას, რისთვისაც ემიგრანტობის გზას არაერთი ქართველი ადგება:

ნინი ჩეჩელაშვილი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა რომ ექიმთან ვიზიტი ხშირ შემთხვევაში უსასრულოდ იწელება და ოპერაციებზეც დიდი რიგებია

ესპანური ჯანდაცვა რთულ სიტუაციებში ნელა არ  მუშაობს და ესპანელი

მედიკოსები, პაციენტისთვის  გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში, საკმაოდ სწრაფად მოქმედებენ და მობილიზებულები არიან:

,, ჩემს შემთხვევაში, გამიმართლა: ივლისის ბოლოს გავიგე დიაგნოზი და აგვისტოს ბოლოს პირველი ოპერაცია გავიკეთე.

ეს ერთი თვე ჩემთვის საუკუნედ გადაიქცა. მე მადლობელი ვარ ესპანეთის ექიმების, არცერთი ცენტი არ დამიხარჯავს მკურნალობაში.

ისეთ ყურადღებას მაქცევდნენ, ბავშვივით მეფერებოდნენ, თმებს მვარცხნიდნენ, მეხუტებოდნენ.

აქ ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ გამართულია, ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩემთვის სასწაული მოახდინეს.

დღემდე კონტროლზე ვარ, დავდივარ გამოკვლევებზე. მთელი განყოფილება მიცნობს:

ნინო მოვიდაო, -უხარიათ რომ მხედავენ, ახლა უკვე გამოჯანმრთელებულს და ბედნიერს“.

ქართველმა ემიგრანტმა  ბევრი რამ გადააფასა, ბევრ რამეს ახალი თავლით შეხედა და ცხოვრების მთავარ არსს მიხვდა:

,,არასდროს უნდა დავნებდე,  უნდა ვიცხოვრო და დავტკბე დღევანდელი ცხოვრებით, ნაკლებად ვიდარდო ხვალინდელ დღეზე, გამოვიყენო თითოეული წამი და დავხარჯო დრო საყვარელ ადამიანებთან“,-ამბობს ნინი.

… და მაინც, როგორია გზა-სიცოცხლემდე და ამ გზაზე ბეწვის ხიდიდან-ხიდზე სიარული,-იმის გაცნობიერება, რომ არ შეიძლება, ფეხი დაგიცდეს, რამე შეგეშალოს,

თორემ, შესაძლოა, ყველაფერი დამთავრდეს.

ნინიც ამ გზაზე სიფრთხილით დადგა, ბევრ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი და ის გზაც სიკეთის სინათლით გაიარა, სიცოცხლის გზა რომ ჰქვია..

ნატალია მეგუთნიშვილი

სტატიის ავტორი

ნატალია მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI