ნონა ტყეშელაშვილი – ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო / ეს გამოთქმა რეალურ ცხოვრებაში თუ ამართლებს, სწორედ ნონას ტყეშელაშვილის და მისი შვილების, გიგი და ირაკლი თორელების შემთხვევაშია.
დღეს გაგაცნობთ ძალიან მომხიბვლელ ქართველ ემიგრანტ ქალს, რომელიც ცხოვრობს ესპანეთში, სახელგანთქმულ საზღვაო ქალაქ მარბეიაში.
ნონა ტყეშელაშვილს, მარბეიას გლამორული ცხოვრების მიღმა, უამრავი წინააღმდეგობის და გამოწვევის გადალახვა მოუწია თავის შვილებთან ერთად, ბედნიერებისთვის ბრძოლაში.
„ჩვენ საკუთარ თავს არ ვიცნობთ სანამ ცხოვრება ახალ გამოწვევებს არ შემოგვთავაზებს“- გვეუბნება ქართველი ემიგრანტი უკვე სამწლიანი ემიგრაციული გამოცდილებით.
საქართველოში, ერთ-ერთ გამორჩეულ ოჯახში დაბადებული და უზრუნველად გაზრდილი ქალბატონი მალევე დაოჯახდა, ცხოვრებისგან განებივრებულს არც
ქორწინების შემდეგ აკლდა ყურადღება და ფუფუნება, თუმცა ოჯახში მომხდარმა მოულოდნელმა ფინანსურმა კრიზისმა, მათ ოჯახზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, დაკარგეს ყველაფერი, მათ შორის საცხოვრებელი სახლიც კი…
მუდამ სტუმრებით და გულუხვი სუფრებით განთქმული ოჯახი, ცარიელ-ტარიელი დარჩა, ნონა კი სრულიად მარტო, ორი მოზარდი შვილის ანაბარა ერთ ნაქირავებ ოთახში შეიყუჟა.
თავისი პრობლემებით არავინ შეუწუხებია, მისამართის გამოცვლის შემდეგ სანაცნობო წრესთან სრულიად დაკარგა კომუნიკაცია, მისი
ძებნით დიდად არც არავის შეუწუხებია თავი გარდა რამდენიმე ახლო მეგობრისა, რომლთა სიყვარულიც დღემდე მოჰყვება.
ეს მძიმე პერიოდი ცხოვრებისგან განებივრებული ქალისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, თუმცა ესთეტიკაზე და სილამაზეზე უზომოდ შეყვარებულ და მოხდენილ ქალბატონს, არც გაჭირვებაში დაუკარგავს საკუთარი ხიბლი.
ცრემლიანი თვალები, სხვისთვის არასდროს დაუნახებია, რომელიც ხშირად შეუნიღბავს მაკიაჟით და წითელი ტუჩსაცხიც არ დავიწყებია.
ქუჩაში შემთხვევით შემხვედრი ნაცნობ-მეგობრების პირველი რეაქცია ყოველთვის ასეთი რეპლიკით იწყებოდა:
„ნონა როგორც ყოველთვის შენ არაჩვეულებრივად გამოიყურები“…
ამ დროს კი თავისივე ხელით და დიზაინით შეკერილი და შექმნილი, გადაკეთებული ტანისამოსის მიღმა ცხოვრებისგან დასერილი გული უტიროდა.
ყოველი ასეთი ზედაპირული მოკითხვა და რეპლიკა, მისთვის ახალი ღრმა ჭრილობა იყო, ყველამ იცოდა მისი გასაჭირი მაგრამ დახმარების
ხელი არავის გაუწვდია, არც თავად მიუმართავს, რადგან არ სურდა ვინმესთან ვალში ყოფილიყო.
ნონა იხსენებს, რომ ამ ცხოვრებისეულმა განსაცდელმა ის და მისი შვილები სრულიად განსხვავებულ რეალობას შეანარცხა და აიძულა საკუთარი თავი ახლიდან აღმოეჩინათ.
რაც შეეხება ემიგრაციაში წასვლას, პირველმა 19 წლის ირაკლიმ გადაწყვიტა საზღვარგარეთ გამგზავრება ოჯახის დასახმარებლად.
მიუხედავად მისი მცირე ასაკისა როგორც უფროსმა ძმამ, საკუთარ პასუხისმგებლობად ჩათვალა ამ მდგომარეობიდან გამოსავალი თავად ეპოვა.
ნონას ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილებაზე დათანხმებულიყო, თუმცა შეუძლებელი შეძლო და ის უზარმაზარი თანხა შეაკოწიწა რომლითაც მისმა უფროსმა ვაჟმა ევროპაში გამგზავრება შეძლო.
ბოლო სიტყვები რაც ესპანეთში გამგზავრებამდე თავისმა შვილმა უთხრა, ნონა დღემდე უცრემლოდ ვერ იხსენებს:
„დედა შენ რომ ახლა მე მიშვებ, დაიმახსოვრე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ იყო ბედნიერი“.-
ირაკლიზე ცალკე წიგნის დაწერა შეიძლება ისეთი რთული პერიოდი გამოიარა სანამ ემიგრაციაში თავს დაიმკვიდრებდა.
ამასობაში ნონა და გიგი თავის გზას იკვალავდნენ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ნონა ტყეშელაშვილი შვილების მსგავსად ყოველთვის ვარჯიშით იყო დაკავებული.
მისი გარეგნობა და ფიზიკური მონაცემები ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა საზოგადოებაში.
ქალმა რომელიც არ შეურიგდა საკუთარ ბედს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ თავი დაეღწია იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც მათი ოჯახი აღმოჩნდა, მალევე გაიხსენა რომ მისი ფიტნესით გატაცება ახალი საქმიანობის დასაწყისად შეიძლებოდა ექცია.
თბილისის ცენტრში მეპატრონესთან შეთანხმებით რამდენიმე თვით უფასოდ აიღო სარდაფი, რომელიც სავარჯიშო დარბაზად აქცია, თავდაპირველად მხოლოდ ერთ გოგოს ავარჯიშებდა.
მოსწავლეების რიცხვი დროთა განმავლობაში გაიზარდა, ნელ-ნელა ფიტნეს კლუბი ქალაქში ერთ-ერთ პრესტიჟულ ბიზნესად გადაიქცა და დედა-შვილიც წელში გაიმართა.
ნანგრევებიდან ამოვძვერი, ნოლიდან დავიწყე ცხოვრების მეორე ეტაპი, სადაც საკუთარი ცხოვრების დირიჟორი თვითონ მე ვიყავი.
ზოგადად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ცხოვრება წარიმართება საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, ისე ვაწყობთ ყველაფერს როგორებიც თავად ვართ –
იხსენებს ნონა ტყეშელაშვილი და ცრემლებს ვერ იკავებს წარსულის გახსენებისას.
ირაკლიმ ესპანეთში თავის დამკვიდრება მაშინ მოახერხა როდესაც, მონაწილეობა მიიღო ბოდიბილდინგის სხვადასხვა კონკურსებში და დაუზარელი შრომის და გამუდმებული ვარჯიშის წყალობით ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
სწორედ ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ დაინტერესდა მისით, როგორც ფიტნეს ინსტრუქტორით ესპანეთის მეფის, ახლა უკვე ყოფილი
სიძე ხაიმე დე მარიჩალარი (ducado de Lugo) და ირაკლისთვის ესპანეთში ცხოვრების ახალი ეტაპიც აქედან დაიწყო, თავდაპირველად ირაკლის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ვინ იყო ეს ადამიანი.
შეხვედრაზე სამეფო ოჯახის წევრმა ყველაფერი გამოჰკითხა პროფესიული საქმიანობის შესახებ, ბოლოს კი მოულოდნელად ჰკითხა:
„ესპანეთის მეფე იცი ვინ არისო“ – ირაკლის უპასუხია:
„რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს ახლა თავში აზრად არ მომდის რა ჰქვია, დამავიწყდაო“.
ესპანელმა არისტოკრატმა მაშინვე უთხრა: „აყვანილი ხარ სამსახურშიო“.
თურმე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ცოლის ძმასთან და ესიამოვნა ესპანეთში რომ იპოვა ისეთი ადამიანი, ვისაც სამეფო ოჯახზე წარმოდგენა არ ჰქონდა – ამბობს ნონა.
ამ პერიოდში, სამეფო ოჯახი დიდ სკანდალში იყო გახვეული მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანი ჟურნალისტების დაკვირვების
ქვეშ იყო, ამიტომ ქართველი ფიტნეს ინსტრუქტორის გამოჩენა მედიას არ გამოჰპარვია და მალე ყველა ტელევიზიის, განსაკუთებით კი ყვითელი პრესის ინტერესის ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ირაკლიმ უმცროსი ძმაც მალევე წაიყვანა ესპანეთში და პროფესიონალურ დონეზე შეასწავლა ფიტნეს საქმიანობა, დღეს ორივე ძალიან წარმატებული ტრენერია.
გიგიც მალევე შეიყვარეს ესპანელებმა და ახლა უამრავი მოსწავლე ჰყავს. გიგის, როგორც ყველაზე დისციპლინირებულ და მოწესრიგებულ ტრენერს ისე იცნობენ ესპანელები.
ზოგადად ქართველების ოჯახის მიმართ ადგილობრივები დიდ სიყვარულს და პატივისცემას გამოხატავენ.
ირაკლიმ როგორც კი მოაწესრიგა საბუთები, მალევე მოინახულა საქართველო და 9 წლის უნახავი დედა.
უფროს შვილთან ცხრაწლიანი განშორების შემდეგ ჩემს დაბადების დღეს აღვნიშნავდით ჩემთან ფიტნესის დარბაზში.
გიგი შემოვიდა და მითხრა: დედა არ ინერვიულო დაჯექიო, როდესაც კარი გაიღო და ირაკლი ტორტით და შუშხუნებით შემოვიდა, ისეთი გაოგნებული ვიყავი რეაქციაც კი არ მქონდა.
არ ვიცი ეს რა იყო, ემოციის უნარი წამერთვა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი „შვილი ჩამოგივიდა როგორ არ გაქვს რეაქცია თქო“-
მაგრამ არანაირი რეაქცია არ მქონდა ემოციებისგან დაცლილს როცა ჩემს გარშემო სიხარულით შეძახილებს და აღფრთოვანებას ვერ იკავებდნენ კლუბის წევრები…
მთელი ღამე ჩახუტებულებმა გავათენეთ მე და ჩემმა შვილმა..
ალბათ ყველა ადამიანისთვის გასაგებია ეს მდგომარეობა ვისი ოჯახის წევრიც მრავალი წლის განშორების შემდეგ უკან ბრუნდება, კარგად ნაცნობი „ემოციური შოკი“:
წლების მანძილზე ვერ მოყოლილი სიხარული, მონატრება, დაცემა-ადგომა, დამარცხება-გამარჯვება, არ დანებება, უამრავი სათქმელი, უსიტყვოდ, ერთი ჩახუტებით გადმოცემული განშორების წლები, რომელსაც ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს.
დედა-შვილს აღარ უნდოდა ისევ მრავალი წელი ცალ-ცალკე ეცხოვრა და ამიტომ ძმებმა დედის წაყვანაც გადაწყვიტეს ესპანეთში.
როცა ხაიმე მარიჩალარმა გაიგო ესპანეთში ჩამოვდიოდი, მე და ჩემი შვილი მარბეიაში, თავის კერძო სახლში პირველ სართულზე გადაგვიყვანა საცხოვრებლად.
ძალიან ფრთხილი და მკაცრი ხასიათის კაცად იცნობენ, მისი დაცვის თანამშრომლები სახტად დარჩნენ ეს რომ გაიგეს.
მის სახლში გადასვლის შემდეგ იმდენი ჟურნალისტი და პაპარაცი გვყარაულობდა რამდენჯერმე ტაქსი გამოვიძახეთ
და ისე მოგვიწია სხვადასხვა ადგილიდან გაპარვა, ხან სახლიდან ვერ გავდიოდით, გარეთ რომ გველოდებოდნენ.
ამის გამო მედიამ ბევრჯერ გაგვაკრიტიკა, ირაკლიზე ამბობდნენ თავი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰგონიაო?!
ტელევიზიები ათიათასობით ევროს გვათავაზობდნენ რომ გადაცემაში მივსულიყავით და მარიჩალარზე მოგვეყოლა, თუ როგორ ცხოვრობდა რა ყაიდის
კაცი იყო, როგორ იღვიძებდა ან იძინებდა – ასეთი ინტიმური დეტალებიც კი აინტერესებდათ. მაგრამ თავში აზრადაც არ მოგვსვლია ამაზე დავთანხმებულიყავით.
ისედაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენს ოჯახთან, ახლა კი ჩემს ორივე შვილთან ისეთი ურთიერთობა აქვს როგორც საუკეთესო მეგობრებთან.
მარბეიაზე გვაქვს ფიტნეს დარბაზი, ნელ ნელა მეც ავიყვანე მოსწავლეები და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება მომეცა.
საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ მიზანი რაც ირაკლიმ 19 წლის ასაკში დაისახა დედისთვის ეჩუქებინა ის ბედნიერება, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ნონამ დაკარგა, შესრულებულია…
რაც შეეხება ცხოვრებას მარბეიაზე, აქ ძირითადად ცხოვრობს ძალიან შეძლებული ხალხი, მაგნატები, მილიონერები აქ ყველა ბედნიერი და უდარდელია,
თითქოს ამქვეყნიური პრობლემები მათთვის არ არსებობს, შეუძლებელია ამ სილამაზეში და ასეთ გარემოში ადამიანი არ იყოს ბედნიერი…
მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა და ცხოვრებისეული სიძნელეებისა სამივე მათგანმა იბრძოლა გზის გაკვალვაში, საკუთარ თავში გამონახეს რესურსები გამოეჩარხათ საკუთარი ბედ-იღბალი,
სწორედ ისე როგორც მათ ხასიათს შეესაბამებოდა, ჯანმრთელი ცხოვრება, ლამაზი სხეული და შეუპოვარი ხასიათი.
ბოლოს კი ჩვენს მკითხველსაც გავუზიარებ ნონას ამ სიტყვებსაც:
„რამდენადაც ცუდად არ უნდა იყოთ ახლა, არ უნდა გაბოროტდეთ, რადგან ცხოვრებას რასაც გავუგზავნით, უკან იგივეს შემოგვთავაზებს.
მე ჩემმა გასაჭირმა არ გამაბოროტა, პირიქით – გამომაფხიზლა და ჩემი თავი მაპოვნინა, გამაძლიერა, ასე რომ არ მომხდარიყო ვერასდროს ვიპოვიდი საკუთარ თავს“.