პატარა საქართველო ვალენსიაში

პატარა-საქართველო-ვალენსიაში750X450

პატარა საქართველო ვალენსიაში- ქ. ვალენსიაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა, თამარ ზირაქაძემ, ჯერ კიდევ 2017 წელს დააფუძნა ასოციაცია ,,პატარა საქართველო ვალენსიაში“ და  მასთან  არსებული ქართული სკოლა, რომელიც ყველაზე პატარა ქართველ ემიგრანტებს, ეხმარება ქართული ენისა და კულტურის შესწავლასა და შენარჩუნებაში.

თამარი მარტოხელა დედაა რომელსაც უამრავი დაბრკოლების დაძლევა მოუწია, როგორც ქალს და როგორც პროფესიონალს, თუმცა მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, საკუთარი პრინციპებისთვის არასდროს უღალატია,

არც თვითგანვითარება და გეგმების სისრულეში მოყვანაზე უთქვამს უარი. რაც მის მიზანდასახულობაზე და პიროვნულ თვისებებზე მიუთითებს.

ასოციაცია „პატარა საქართველო ვალენსიაში“ ჩვენი ინფორმაციით, ერთადერთი ქართული სკოლა და კულტურული ორგანიზაციაა მთელს ვალენსიაში, რომლის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო დამფუძნებლის, არამედ ქართული საზოგადოების აქტიურობა და მონდომება.

ამიტომ ვეცდებით ვისაუბროთ ქართული სკოლის არსებობის მნიშვნელობაზე და წინააღმდეგობებზე, რომელსაც უპირისპირდებიან ქართული დიასპორის წევრები.

თამარ მოგვიყევი ცოტა შენს შესახებ, გაეცანი ჩვენს მკითხველს!

პატარა-საქართველო-ვალენსიაში166X236

დავიბადე 1995 წლის 5 აგვისტოს, ქ. ზესტსფონში. დავამთავრე ზესტაფონის N° 5 საშუალო სკოლა,

2004 წლის 11 სექტემბრიდან ვიმყოფები ემიგრაციაში, კერძოდ ესპანეთში, ქ. ვალენსიაში.

წამოსვლამდე ვიყავი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რომელიც სამწუხაროდ ვერ დავამთავრე.

სამაგიეროდ ემიგრაციაში შევიძინე ჩემთვის სასიამოვნო და საინტერესო სპეციალობა, ვარ ასისტენტი ესთეტიკურ მედიცინაში და აქტიურად ვმუშაობ ჩემ პირად ესთეტიკის ცენტრში “Estética Avanzada Anna ანნა”

მყავს შვილი, 13 წლის ანნა რომელიც აქ, ვალენსიაში დაიბადა, ძალიან უყვარს ვალენსია და მაქსიმალურად არის ჩართული ვალენსიის და ზოგადად ესპანეთის კულტურაში.

გამორჩეულად უყვარს „Fallas“, ვალენსიის „ცეცხლის“ დღესასწაული, მათი ტრადიციები და სამოსი.

თამარი ქალიშვილთან ერთად

თუ გაქვთ ინფორმაცია, ვალენსიაში მცხოვრები ქართველების რაოდენობის შესახებ?

2020 წლის მონაცემებით ვალენსიის რეგიონში 1329 საქართველოს მოქალაქეა ოფიციალურად დარეგისტრირებული, აქედან 154 4 დან 14 წლამდე მოზარდია.

როგორ გაჩნდა სკოლის დაარსების იდეა და რა წინააღმდეგობები შეგხვდათ?

კულტურული ცენტრის და სკოლის დაარსების იდეა და სურვილი, ალბათ რაც დედა გავხდი მის მერე მქონდა. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მადრიდში და ბარსელონაში, არსებობდა ქართული საკვირაო სკოლა.

აქედან გამომდინარე მეც გამიჩნდა სურვილი ვალენსიაში მცხოვრებ ქართველებსაც გვქონოდა იმის საშუალება რომ ჩვენ შვილებს ესწავლათ ქართული წერა-კითხვა.

წინააღმდეგობების გარეშე საქმე არ კეთდება და არც ვალენსიის საკვირაო სკოლა ყოფილა გამონაკლისი, თუმცა ამაზე საუბარი არ ღირს მაგრამ ერთს ვიტყვი, ყველა პიროვნება რომელიც დახმარების ხელს გამოგიწვდის „კეთილისმსურველი“ არ არის!

თქვენს გარდა თუ არსებობს სხვა ქართული სკოლა ან რაიმე კულტურული ცენტრი?

ამ ეტაპზე არსებობს თუ არა სხვა საკვირაო სკოლა ჩემთვის უცნობია, თუმცა იყო არა ერთი მცდელობა რომ ვალენსიაში მოქმედი ერთადერთი ქართული საკვირაო სკოლა მიწასთან გაესწორებინათ და ასევე მეც, როგორც ასოციაცია: „პატარა საქართველო ვალენსიაში“, დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ქართულ კულტურულ ცენტრს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ რომ არ არის.

რა აქტივობები გაქვთ სკოლაში, რას აკეთებთ იმისთვის რომ ბავშვებმა შეისწავლონ ქართული ენა და კულტურა?

ამ ეტაპზე მხოლოდ ქართული ანბანით შემოვიფარგლებით რაც მოიცავს: წერა-კითხვას, ზეპირ მეტყველებას და საქართველოს შესახებ მცირე ისტორიას.

წინა წელს გვქონდა ქართული ცეკვის ჯგუფიც, მაგრამ არ მოისურვეს მშობლების უმრავლესობამ რომ მათ შვილებს ქართული ცეკვა ესწავლათ და გავაუქმე.

გეგმაში მაქვს ქართული ხალხური სიმღერები დავამატო (იმედია გაამართლებს).

რა უჭირთ და რა ჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენს ემიგრანტ ბავშვებს?

შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ პირველ რიგში მშობლის აქტიურობა, ანუ ის რომ მშობელი უნდა იყოს დაინტერესებული იმით რომ მისმა შვილმა არ დაივიწყოს ქართული.

ძალიან ბევრისგან მსმენია „ჯერ ესპანური ისწავლოს, ქართულს ისედაც ისწავლის“ ისინი ამაში ძალიან ცდებიან. ესპანურს ისედაც ისწავლიან, რადგან დღის განმავლობაში მინიმუმ 8 საათი უწევთ კონტაქტი ესპანელებთან.

სახლში დაბრუნებულებს კი, ისევ კონტაქტი აქვთ ესპანურ ენასთან, ეს იქნება დავალებები, თუ თუნდაც სატელევიზიო გადაცემები.

ამიტომ ქართული ნელ ნელა ავიწყდებათ. მართალია ენა ესმით და გებულობენ მაგრამ სიტყვის მარაგი ეკარგებათ.

თქვენ რა ხელშეწყობა გჭირდებათ როგორც სკოლას?

ჩვენი, საკვირაო სკოლის დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ ქართველებზე რომლებსაც საკვირაო სკოლაში დაჰყავთ შვილები, შესაბამისად არ გვაქვს ფინანსური შესაძლებლობა იმისთვის რომ საკუთარი ფართი გვქონდეს.

ამ ეტაპზე კერძო აკადემიის შენობაში გვაქვს ნაქირავები ერთი ოთახი. საკმაოდ შეზღუდულები ვართ დროში.

შესაბამისად ძნელია ერთ საათში ან თუნდაც საათ ნახევარში, თანაც  კვირაში ერთხელ ყველა ინფორმაციის, თუ საჭირო მასალის ბავშვისთვის მოწოდება რაც ჩვენ გვსურს.

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვახერხებთ ჩვენი მისიის შესრულებას.

რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე გყავთ?

წელს გვყავს 3 მასწავლებელი. ამ ეტაპზე აღრიცხვაზეა 9 მოსწავლე.

ალბათ იკითხავთ- „9 ბავშვს რად უნდა-ო სამი მასწავლებელი“, მაგრამ როგორც უკვე გითხარით დროში და ფინანსებში შეზღუდულნი ვართ, ამიტომ ერთმანეთს ვეხმარებით და გაკვეთილს, ორ სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ჯგუფს ვუტარებთ.

ვალენსიის ქართული საკვირაო სკოლის, აღსაზრდელები და მასწავლებლები

სკოლის არსებობის პერიოდში მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა, თუ შემცირდა?

მოსწავლეთა რაოდენობა სამწუხაროდ მათი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. 12-13 წლის მოზარდებს აღარ აქვთ სურვილი ქართულის გაკვეთილებზე იარონ, თუმცა ვფიქრობ ესეც მშობლის „დამსახურებაა“.

„დამსახურებაში“ ვგულისხმობ მშობლების პასიურობას ბავშვებმა იარონ ქართულ სკოლაში, მშობლიური ენის შესასწავლად.

არადა ვხედავ ენერგიას და ფინანსებს არ იშურებენ, რომ შვილებს ასწავლონ, უცხო ენები, ესა თუ ის სპორტი. ამასობაში კი ჩენს ბავშვებს ავიწყდებათ მშობლიური ენა და ისტორია. ეს ჩემთვის გაუგებარია

ჩემი შვილი 13 წლისაა, იმ მიზეზის გამო, რომ საკვირაო სკოლაში მისი თანატოლი არავინ გვყავს თვითონაც უარი გამოთქვა, თანაც საანბანო პერიოდი უკვე გაიარა.

 ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ქართულს არ სწავლობს… აქტიურად არის ჩართული ქართულ დისტანციურ სწავლებაში, რომელიც კვირაში ორჯერ უტარდება ონლაინ ჩართვით.

თამარ გინდათ რაიმე განაცხადი  გააკეთოთ თქვენი მომავალი მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის?

საკვირაო სკოლის კარები ყოველთვის ღიაა ყველა ქართველისთვის.

ნუ მისცემთ თავს უფლებას თქვენმა შვილმა დაივიწყოს მშობლიური ენა და ერთი მუჭა, მრავალ ჭირგამოვლილი მამული!

სკოლის მისამართი. მისამართი Carrer de la Indústria, 56, 46022 València, Valencia,

ყოველ კვირას 13:00-დან 14:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ საკვირაო სკოლის Facebook გვერდზე ან ტელეფონზე

685894635-თამარ ზირაქაძე.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI