რატომ ზეიმობენ სან-ხუანის დღესასწაულს?/ „სან ხუანი“ (San Juan) იგივე წმინდა იოანე ნათლისმცემლის დღესასწაული, 23 ივნისის ღამეს, დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნება მთელს ესპანეთში, მომდევნო დღე კი წესით არა სამუშაო დღეა.
თუმცა 24 ივნისი როგორც ოფიციალური დასვენების დღე კალენდარში, მხოლოდ სამ ავტონომიურ ერთეულშია წითლად მონიშნული, ესენია: კატალონია, ვალენსია და გალიცია.
ტრადიციულად ესპანელები ამ დღესასწაულს უკავშირებენ ზაფხულის დაბადებას რაც წარმართული კულტურის მემკვიდრეობაა თუმცა შემდგომი ადაპტაციით წმინდა იოანე ნათლისმცემელის დაბადების დღე აღინიშნება.

მზის და ზაფხულის „დაბადების“ „გაქრისტიანების“ მიუხედავად, სახალხო ზეიმის ძირითადი რიტუალი კვლავ წარმართულია და ჩვენებური ჭიაკოკონობის დღესასწაულის (VERBENA- კატ.) იდენტურია.
ძველი შეხედულებით ცეცხლის დანთებით ბოროტ ძალებს განდევნიდნენ, ამ დღეს სანაპიროებზე და ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში სპეციალურად მოწყობილ ზონებში ინთება კოცონი.



ისვრიან ფოიერვერკებს, ფოიერვერკების პარალელურად მოსახლეობა ყველანაირი ტიპის პიროტექნიკას აფეთქებს, რომელსაც უკვე რამდენიმე კვირით ადრე დადგმულ სპეც. ჯიხურებში შეიძენთ.
ასევე დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია ტრადიციული ტკბილეული „COCA“, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის ყიდულობს ყველა ოჯახი.

ბარსელონას მერია ტრადიციულად ქალაქის სხვადასხვა ნაწილში წარმოდგენებს, ფეიერვერკებს და გასართობ სანახაობას გვთავაზობს.
ბარსელონაში გაიმართება კონცერტი მუსიკალური გუნდის Cobla Sant Jordi-ის შესრულებით, გამოიყვანენ ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებს, გიგანტურ თოჯინებს და ა.შ

23 ივნისის ღამე ყველაზე მოკლე ღამეა წლის განმავლობაში, ასევე ყველაზე აქტიური ღონისძიებებით დატვირთული, ისიც აღსანიშნავია, რომ ძალიანაც რომ გინდოდეთ ამ ღამეს არავინ დაგაძინებთ, ასე რომ, გირჩევთ თქვენც მოემზადოთ ღამის აქტიური ფაზისთვის.
გისურვებთ ბედნიერი სადღესასწაულო დღეების გატარებას!