როგორია ესპანური სკოლების კვების მოდელი

როგორია-ესპანური-სკოლების კვების-მოდელი1080X1080

როგორია ესპანური სკოლების კვების მოდელი / მოსწავლეთა კვების უზრუნველყოფა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ამ დროისთვის უკვე  სრულიად ნაცნობი და დიდი ხნის წინ დანერგილი პრაქტიკაა, საქართველოში მხოლოდ დღეს განიხილება.

ეს საკითხი განსაკუთრებულად ეფექტური და მნიშვნელოვანია სოციალურად გაჭირვებული ოჯახების ბავშვების დაცვისთვის, მითუმეტეს, არაერთხელ გამოქვეყნებული, შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემების და ეროვნული შეფასებების   გათვალისწინებით,

რომლის მიხედვით, საქართველოში  არცთუ მცირე ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს და სკოლაში ყოფნის დროს შიმშილის გრძნობას განიცდის.

როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა ესპანეთში და რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია საქართველოს?

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასულ წელს დაანონსებული, პარლამენტში არაერთხელ გაჟღერებული და  პოლიტიკური

პარტიების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაპირებული მოსწავლეების უფასო კვების ინიციატივა დღეს უკვე  აქტიურად განიხილება.

პროექტის განხორციელებაში, გაეროს ბავშთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით,  ჩართულია ქვეყნის  მთავრობა.

როგორი იქნება რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგი ჩვენ ქვეყანაში, სადაც  2019 წლის მონაცემების მიხედვით,  თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს;

სადაც სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის 189 690 ბავშვია; სადაც, ერთ-ერთი ეროვნული შეფასების თანახმად, ქვეყანაში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლისა  (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას…

როგორია  და რამდენად დაეხმარება ჩვენ ქვეყანას ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილება? მსოფლიოში   სასკოლო კვების არაერთი მოდელი არასებობს:

„სკოლაში კვების მოდელი” (სკოლაში მოსწავლეებისთვის მზა საკვების მიწოდება, ყოველდღიურად, ფიქსირებულ დროს);

საკვები გამდიდრებულია ვიტამინებითა და მინერალებით რასაც, მოსწავლეები ძირითადად იღებენ,  წასახემსებელი საკვების ფორმით, მაგალითად, ფორტიფიცირებული ორცხობილების სახით, გვხდება; 

„სადილის ყუთი“ – ყოველდღიური საკვები, რომელიც წინასწარ მომზადებულ მზა კერძებს შეიცავს; „სახლში წასაღები ულუფების“ გამოცდილება და ა.შ.

მოსწავლეთა კვების პროგრამაში ჩართვის  წინ ჯერ კონკრეტული სამიზნე ჯგუფის შერჩევა ხდება. ამ დროს კი, პრიორიტეტი  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, სოციალური სტატუსის მიხედვით, ენიჭებათ.

სკოლაში კვების ესპანურ მოდელს კარგად იცნობს თამარ თუშიშვილი, რომელიც მრავალი წელია,  ქალაქ კორდობაში ცხოვრობს.

მან  junta de andalucia -ში ანუ ანდალუსიის გამგეობაში არაერთი დოკუმენტი წარადგინა იმისთვის, რომ მისი შვილი ალექსანდრე, სკოლის სასადილოს უფასო პროგრამაში ჩართულიყო.

ალექსანდრე ესპანეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეა.

კვების დაფინანსების პროგრამა სხვადასხვაგვარია და მოსწავლეს კვება უფინანსდება ოჯახის შემოსავლების მიხედვით. ვის მშობლებსაც დაბალი შემოსავალი  და გაცილებით დიდი,  ყოველდღიური ხარჯი აქვს

    თამარ თუშიშვილი კორდობიდან:

,,-მაგალითად, თუ მშობლის ხელფასი 800 ევროზე ნაკლებია, მისი შვილი  საჯარო სკოლის უფასო კვების პროგრამაში მოხვდება.

ამისთვის კი, აუცილებელია, რომ ადგილობრივ გამგეობას  რენტა ანუ შემოსავალ- გასავლის ამსახველი დოკუმენტი წარუდგინოს. 

უფასო კვება, ასევე, ეკუთვნის სოციალურად დაუცველ და ლტოლვილად ჩაბარებულ ოჯახს.

მათ გვერდით არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც სახელმწიფო სკოლაში კვების ხარჯს 50%ით უფინანსებს, რაც, ასევე, კონკრეტული ოჯახის შემოსავლებზეა დამოკიდებული.

მოსწავლეების უფასო კვების დრო გაკვეთილების შემდეგ, დღის 2  საათზე, კვების მრავალფეროვანი რაციონითაა ( ხორცი, თევზი, სალათები, ხილი), განსაზღვრული.

თუმცა ესპანურ სკოლებში თვლიან, რომ ბავშვები სკოლებში 14:00 საათამდე მშიერი არ უნდა იყვნენ.

ამიტომ საჯარო სკოლებში მოსწავლეთა პირველი კვების დრო 11:00 საათზე დგება (წახემსება).

ამ დროს ჩვენ, მშობლები, ვუზრუნველვყოფთ შვილებს და მათ სკოლაში ორცხობილებს, კაკაოს, ჩაის, ხილს ვატანთ.

ამ შემთხვევაშიც, როგორც სასადილოში კვების რაციონს, სკოლა განსაზღვრავს და წინა დღეს გვაფრთხილებს, თუ სკოლაში შვილებს რა სახის საკვები უნდა გავატანოთ.

ეს რაციონი კი, ყოველდღიურად იცვლება. რაც შეეხება კერძო სკოლებს, აქ  ოფიციალურადაა განსაზღვრული კვების გადასახადი, რომელსაც მშობელი სრულად იხდის.

ჩემი შვილის უფასო კვების პროგრამაში ჩასმამ ჩვენი, როგორც ემიგრანტების 1 ოჯახის, ცხოვრება უცხოეთში მნიშვნელოვნად გაამარტივა და ვფიქრობ, რომ აღნიშნული პროექტის ამოქმედება საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დიდ დახმარებას გაუწევს”. 

სკოლაში უფასო კვების პროგრამის ამოქმედება რომ აუცილებელია, ამის შესახებ პედაგოგებიც საუბრობენ და ამბობენ, რომ ხშირად მოსწავლეები გაკვეთილებს მშიერ მდგომარეობაში ესწრებიან, რაც მათი მოსმენის და მასალის აღქმის ხარისხზე უარყოფითად აისახება:

ეთერ სოზაშვილი-პედაგოგი საქართველოდან:

,,-ჩვენ ქვეყანაში არსებული სოციალური გაჭირვების ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამა, რაც შეიძლება, სწრაფად ამოქმედდეს.

ამჟამად სკოლების უმრავლესობაში ე.წ. ,,ბუფეტიც” კი არ ფუნქციონირებს, რის გამოც მოსწავლეებს  შესვენებებზე სასურსათო მაღაზიაში წასვლა უწევთ.

იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ეს მაღაზიები ზოგჯერ სკოლებთან ახლოს არ არის, უფროსკლასელები საგაკვეთილო პროცესში დაბრუნებას დროულად ვერ ასწრებენ.

უმცროს კლასელთა ნაწილს საკვები ზოგჯერ სახლიდან მოაქვს, დანარჩენი ნაწილი კი, მათი გამოკვების პროცესს მხოლოდ თვალ-ყურს ადევნებს.

ეს თანაკლასელებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. უფასო კვების შემოღება სკოლებში ამ პრობლემასაც მოხსნის და მოსწავლეებს ყურადღების კონცენტრაციაშიც დაეხმარება, რაც შემდგომ მათ აკადემიურ მოსწრებაზე და სრულფასოვანი განათლების მიღებაზე  დადებითად აისახება”.

შვილების სწორად ან უბრალოდ, მხოლოდ გამოკვების პრობლემა ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მშობლებს აწუხებთ. ისინი აცხადებენ, რომ მოსწავლეების არა თუ  სრულფასოვნად გამოკვების საკითხია პრობლემა, არამედ, ის ფაქტი, რომ მათი დიდი ნაწილი სკოლაში მშიერი დადის.

ხათუნა გულიაშვილი-მშობელი საქართველოდან:

 ,,-ოჯახების დიდ უმრავლესობას ბავშვების სრულფასოვნად გამოკვება არ შეუძლია. უფრო მეტიც, ზოგიერთი მშობელი იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ საკვებზე შვილების  მინიმალური მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეების გარკვეული ნაწილი სკოლაში მშიერი დადის.

ამიტომ კატასტროფულად არის გაზრდილი ბავშვების ავადობის მაჩვენებელი. სრულფასოვან განათლებაზე აღარ ვლაპარაკობ, როდესაც მოსწავლის ოჯახს ლუკმა-პური უჭირს.

მე ვფიქრობ, ერთ მთლიან ჯაჭვში, ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, რადგან  ჯანმრთელობის პრობლემების მქონე და გაუნათლებელი თაობები, სახელმწიფოს ვერ ააშენებენ.

თავისთავად ცხადია, რომ  ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად.

მანამდე კი, თანხები უნდა დაიხარჯოს, არა ჩინოვნიკების კეთილდღეობისთვის, არამედ, სკოლებში ბავშვების გამოსაკვებად და სრულფასოვანი განათლების მისაცემად.

მოსწავლეების სკოლაში კვების პრობლემა სასწრაფოდ და გადაუდებლად არის გადასაწყვეტი”.

როდის და როგორ  იქცევა  მოსწავლეთა უფასო კვების პროგრამა რეალობად  საქართველოში და იქცევა, თუ-არა  და  ამ მიმართულებით,  რამდენად შესაძლებელია, რომ სკოლაში უფასო კვების ან თანადაფინანსების ესპანურ  მოდელზე შეჩერდეს ყურადღება, ამ ეტაპზე რთული სათქმელია. პროექტის ძირითადი, ოპტიმალური, ვერსიები კი, ჯერ ისევ განიხილება.

ნატალია მეგუთნიშვილი

სტატიის ავტორი:

ნატო მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI