ამ სტატიაში, მოგიყვებით ესპანეთის ერთ-ერთ სოფელში, ქართველებსა და სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებით დაკომპლექტებული ემიგრანტების ჯგუფს შორის მომხდარ კონფლიქტზე, რომელიც შეიძლება ჩვენს მკითხველს სიურეალისტურიც კი მოეჩვენოს.
თუმცა სანამ ეს სტატია გამოქვეყნდებოდა, ინფორმაცია, სხვადასხვა სანდო წყაროებთან სათანადოდ გადავამოწმეთ და ადგილობრივ პრესასაც გავეცანით.
შემთხვევა, 2023 წლის 20 მარტს, ალმერიის პატარა ქალაქში, როკეტა დე მარ-ში, ერთ-ერთი დისკოთეკის „კოკეტეო“ – ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, რომლის დაცვაშიც „პორტეროებად“ ქართველი ბიჭები მუშაობდნენ.
როგორც ჩანს, დისკოთეკაზე კრიმინალურ დაჯგუფებასთან დაწყებული შეკამათება, მეორე დღეს ნამდვილ ომში გადაიზარდა.
როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, დისკოთეკის შესასვლელთან საღამოს რვა საათზე, დაახლოვებით 15-20 ადამიანი მონაწილეობდა ხელჩართულ ჩხუბში.
ადგილობრივების ინფორმაციით, გასაშველებლად საჭირო გახდა სამოქალაქო გვარდიის და პოლიციის ჩარევა, რომელიც მეზობლებმა გამოძახეს.
შვიდი მათგანი (ქართველების მოწინააღმდეგე ჯგუფიდან), დაჭრილები იყვნენ ცივი იარაღით. რამდენიმე მათგანი ისე მძიმედ დაზიანდა გულ-მკერდის არეში რომ გადაყვანილ იქნენ ჰოსპიტალში.
ისტორიას, რომელსაც ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ქართველი ემიგრანტი, შოთა ბოჭორიშვილი პირადად გვიამბობს ჰოლივუდის სცენარისტებისთვისაც შესაშური იქნებოდა.
თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ ეს ამბავი რეალური ადამიანების ცხოვრებას ეხება და არა თრილერის ფიქციურ სცენარს.
როგოგორც შოთა აცხადებს, დაახლოვებით 40 ადამიანი დაუპირისპირდა ქართველების 6 კაციან ჯგუფს და ქართველები ამ ჩხუბში მხოლოდ თავს იცავდნენ.
ასევე ამბობს, რომ პოლიციამ მოსვლა შეგნებულად დააგვიანა
რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, დისკოთეკის ტერიტორიიდან კამერების ჩანაწერები, რომელიც პოლიციაში წინა დღისით დისკოთეკის დაცვამ წარადგინა, საქმის მასალებიდან გაქრა.
რაც შეეხება შოთა ბოჭორიშვილს, უკვე 22 წელია ესპანეთის რეზიდენტია. ემიგრაციის პირველივე თვეებიდან ესპანეთში ცხოვრობს და მუშაობს ლეგალურად.
მას რამდენიმე კომპანიაში ეკავა წამყვანი თანამდებობები, თუმცა ამ ეტაპზე ეწევა კერძო საქმიანობას და აქვს ძალიან წარმატებული ბიზნესი. კერძოდ ალმერიაში, მანქანების პროფესიონალური სამრეცხაო ALMERIMAR WASH.
მისი თქმით, მომავალში აპირებს განახორციელოს უამრავი საინტერესო პროექტი, რაშიც მისი ამჟამინდელი სიტუაცია მნიშვნელოვნად უშლის ხელს:
„ „ALMERIMAR WASH“-ში მანქანების დეტაილინგს ვეწევი. მეორადი მანქანის სრული მომზადება გასაყიდად მაღაზიებისთვის, რეცხვა, რესტავრაცია, დეტაილინგი და ა.შ. ასევე მაქვს ჩემი პროფესიული სოც. გვერდები.
დისკოთეკაზე, შეკამათება მოხდა იმიტომ რომ ნარკოტიკის გაყიდვის საშუალება არ მივეცით ამ ტიპებს. მეორე დღეს, პოლიციაში შევიტანე საჩივარი თან დართული ვიდეომასალით. თუმცა პოლიციისგან არ მომხდარა დაუყოვნებელი რეაგირება“.
კონფლიქტი, მეორე დღეს კიდევ უფრო გამწვავდა.
„თავისას რომ ვერ მიაღწიეს, მეორე დღეს, 40 კაცამდე მოვიდნენ, თანაც კარგად შეირაღებულები. რკინის „ტრუბები“ და ჯოხები თითქმის ყველას ქონდა. რამდენიმეს პისტოლეტიც კი დავუნახე. პოლიციის დახმარებით, მათ პარკინგის ვიდეო ჩანაწერები გააქრეს. არ უნდოდათ რომ ჩვენ ეს ჩანაწერები გამოგვეყენებინა მტკიცებულების სახით რომ თავს ვიცავდით მათი თავდასხმისგან.
ჩვენ იქ ვიყავით იმიტომ რომ ვმუშაობდით, ისინი კი ანგარიშის გასასწორებლად მოვიდნენ. ჩვენ დავრეკეთ პოლიციაში 112 -ში, რათა გვეცნობინებინა მომხდარი ფაქტის შესახებ. მაგრამ ამაოდ… იქ არავინ გამოჩენილა. ყველამ იცოდა თუ რატო მოვიდნენ“.
ქართველი ემიგრანტი ეჭვობს, რომ სამართალდამცავები მფარველობენ ამ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს და მათ ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში ყველგან მფარველები ჰყავთ.
„პოლიციას რომ ემოქმედა ისე, როგორც საჭირო იყო, მეორე დღეს არაფერი მოხდებოდა. ისინი დასაკავებლები იყვნენ პირველივე დღეს მომხდარი თავდასხმის გამო. მათ, საკუთარი ძალა-უფლების დემონსტრაცია უნდოდათ. მაგრამ ეს ვერ მოახერხეს“ – აცხადებს ჩვენთან საუბარში ქართველი ემიგრანტი.
პოლიციამ ადგილზე დაგვაკავა და ჩამოგვართვა დოკუმენტები, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ. დაკავების შემდეგ გავიგეთ, რომ იყვნენ დაჭრილები. ვერ ვიჯერებდი რომ ჩვენ გვადანაშაულებდნენ მომხდარში. სასამართლოზე კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ მთელი ქალაქის ძალოვანი სტრუქტურები და მოსამართლეებიც მოსყიდულები იყვნენ.
წინა სამართლო პერიოდი რაც იზოლატორში გავატარეთ, იქაც აშკარა იყო ჩვენი მოწინააღმდეგე ჯგუფის მიმართ დამოკიდებულება. თუნდაც საკვების მიწოდების დროს ჩვენ წყალს არ გვასმევდნენ, მათ კი კოკა-კოლები მიუტანეს
არასდროს არ მქონია პოლიციასთან პრობლემები, პირიქით. ყველას ვუყვარდი და მაფასებდნენ, ყველა იმას მეუბნებოდა ამდენს როგორ ახერხებო. შეიძლება კვირა გასულიყო და სულ 10 საათი მძინებოდა. ერთი სამსახურიდან მეორე სამსახურში მივდიოდი.
ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი გაჭირვებულებს. როგორც შემეძლო ზოგს ფულით, ზოგს ნაცნობობით, ზოგს სამსახურით და სამაგიეროს არასდროს არავისგან ვითხოვდი. ჩემთვის ყველაზე მთავარი რაც იყო – „ღმერთი ხომ ხედავს ყველაფერს?!“ მორწმუნე ვარ, ღვთის მოშიში ადამიანი. იყო მუქარა რომ წავსულიყავი, მიმეტოვებინა ყველაფერი და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დამეწყო“.
ამბობს, რომ მიუხედავად მუქარისა არსად წასვლას არ აპირებს, რადგან მისი სახლი აქ არის. შიშის გამო კი ყველამ ზურგი შეაქცია.
„იგივე მოხდა დისკოთეკის მეპატრონეებთანაც. ბიჭები, რომლებსაც მე ოჯახის წევრებად მივიჩნევდი – არ აღმოჩნდნენ ვაჟკაცები და ყველამ ზურგი შემაცია.
სხვაზე რა ვისაუბრო საკუთარმა ბიძაშვილმა, ჩემმა სისხლმა და ხორცმა გამყიდა და მიმატოვა. წავიდა და გაიქცა, როგორც სხვები. ამას უკვე შევეგუე და მივხვდი რომ მხოლოდ ჩემი თავის იმედი უნდა მქონდეს. მხოლოდ გიორგი კესარელი დარჩა ჩემს გვერდით (გიორგი ახლა უკრაინაში იბრძვის).
სულ სხვა გეგმები მქონდა მომავლისთვის, ღამის სამსახურისთვის თავის დანებებას ვაპირებდი ოჯახთან რომ ვყოფილიყავი… მე იმდენად შევარყიე მათი (დანაშაულებრივი დაჯგუფების) რეპუტაცია რომ ისინი ამას ვერ გადაიტანენ. მოვა დღე, როდესაც კიდევ გამიხსენებენ და შურისძიებას დააპირებენ. მე ამას ველოდები.
მე ჩემი მხრიდან მათ ეს ვაპატიე. ღმერთს ვეუბნებოდი, რომ არ იციან რას ჩადიან და შეუნდე მათ ეს ცოდვა. 21 – ე საუკუნეში არ არის საჭირო ხმალაობა, როდესაც შეიძლება სიტყვით მოგვარდეს ყველაფერი, მაგრამ ამაოდ“…
კითხვაზე, თუ რამდენად ხშირია კრიმინალი ალმერიაში გვპასუხობს:
„ალმერიის პროვინციაში ძალიან ხშირი შემთხვევებია, სადაც თვითონ პოლიციას ადანაშაულებენ ნარკოტრაფიკის მფარველობაში. გარეულები არიან თუ არა ამ საქმეში „ROQUETA DE MAR“-ში არაფერს ვიტყვი.. მე თვითონ ვნახე ყველაფერი და სხვა სოფლებიც არანაკლებ მძიმე კრიმინალური სიტუაცია არის.
ადგილობრივებმა ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ ფული ყველას უყვარს და ამიტომ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ ის, რასაც დღემდე აკეთებენ. ხელს არავინ უშლის, პირიქით ყველა სარგებლობს. მე მქონდა მეგობრებთან საუბარი, რომლებიც მუშაობენ ძალოვან სტრუქტურაში და იციან მათ ეს.
ვიყავით მადრიდში გვინდოდა, რომ მოესმინათ ჩვენთვის, ასევე გრანადაში და ვალენსიაში. სხვა ქალაქებშიც, სადაც შევძლებდით ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას. არსებობს ჩანაწერები, რის შესახებაც ჩვენ არ გვისაუბრია პირველ სასამართლოზე, სადაც მოსყიდული ყავდათ ყველა. რა აზრი ქონდა?!
ჩვენ ამ დეტალებს სხვა პროვინციაში გავასაჩივრებთ და იქ წარვადგენთ მტკიცებულებებს, სადაც ყველაფერს ნათელი მოეფინება და დავამტკიცებთ, რომ ეს იყო მხოლოდ თავდაცვა და არაფერი „სხვა“ იქ არ მომხდარა. რომ წავიდნენ, მერე დამართეს ერთმანეთს ის რაზეც მერე ჩვენ დაგვასმინეს პოლიციასთან. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ მაინც ჩვენ დაგვადანაშაულეს და დაგვაკავეს.
წინა დღით, 4 ბოთლი გადამამტვრიეს თავზე, სისხლდენა მქონდა, ასევე დაბეჟილობა. მაგრამ 8 კაცის ძალა არ აღმოჩნდა საკმარისი ძველი რაგბისტის ისე გასალახად, რომ შემდეგი დღისთვის ფეხზე ვერ მდგარიყო. გავუძელი ყველაფერს და მეორე დღით სამუშაოდ ისევ წავედი.
როდესაც გააზრებულად მოვიდნენ პირველ დღეს 8 კაცი და მეორე დღეს 40 კაცი, სად ოყო პოლიცია და რა რეაგირება მოახდინეს მათ?- ეს არის მნიშვნელოვანი… მიუხედავად იმისა პოლიციაში იცოდნენ წინა დღით თუ, როგორ მდგომარეობაში დატოვეს დისკოთეკა, სად არის აქ სამართალი?!
მესმის რომ ხდება ესეთი რაღაცეებიც… მაგრამ ხომ უნდა არსებობდეს გამოსავალი და სამართალი. უნდა დაისაჯოს ის ვინც დასასჯელია და არ უნდა დაიჩაგროს ის ვინც არ იმსახურებს.
მათი სახელის გაგონებაზე, ყველა ჩემკენ იშვერს თითს და მე მუბნებიან რომ მე ვარ დამნაშავე. იმიტომ რომ უნდა თავი დამეხარა და ამეტანა მათი დამცირება და შეურაცხყოფა. მე მათ ვერ ვუგებ ამ უსამართლობაში… მინდა რომ მე გამიგონ რომ მე ვარ „ქართველი ვაჟკაცი“ და ვერ ავიტან დამცირებას, როდესაც მე ამას არ ვიმსახურებ.
უნდა აღდგეს სამართალი, უნდა დაფასდეს პატიოსანი და მშრომრლი ხალხი და დასასჯელი უნდა დაისაჯოს. არ აქვს მაგას მნიშვნელობა ნარკოტიკებით ვაჭრობს თუ ხელს უწყობს მათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები.
მინდა იცოდეთ, რომ თუკი მე ან ჩემს ოჯახს რაიმე საფრთხე დაგვემუქრება, ეს ამ დაჯგუფების მიერ იქნება ორგანიზებული“- ამბობს ჩვენი რესპოდენტი.
ამ ინტერვიუს შემდეგ, მალევე ადგილობრივ პრესაში „ALMERIA HOY“ გაშუქდა, რომ ალმერიაში ჩატარდა სპეცოპერაცია სახელწოდებით „ერმიტა“. რა დროსაც დააკავეს ქართველებთან დაპირისპირებული კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები.
დაბლა, შემოგთავაზებთ აღნიშნული სპეცოპერაციის შესახებ მოკლე ამონარიდს:
„ალმერიის სამოქალაქო გვარდიამ (Guardia Civil) ალმერიის ქალაქ როკეტას დე მარში აღმოაჩინა ნარკოტრაფიკული ორგანიზაციის ლოგისტიკური ბაზა, რომელმაც გასულ ივნისს, ტორეგარსიას სანაპიროზე, დიდძალი რაოდენობის ჰაშიში შემოიტანა. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია 30 ძვირადღირებული ავტომობილი, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი“.
საუბარია ასევე, რომ ადგილზე მზადდებოდა ნარკოტიკული ნივთირებები შემდგომი რეალიზებისთვის.
ჩატარებული სპეცოპერაცია პრესაში უკვე შეფასდა, როგორც: “ძლიერი დარტყმა ალმერიის პროვინციაში ნარკოტრაფიკის ლოგისტიკურ აპარატზე.”
რაც შეეხება ქართველი ბიჭების შემთხვევას, გამოძიება გრძელდება და იმედია მათი სიმართლე მალე დადგინდება.