საგანმანათლებლო სისტემა საქართველოსა და ესპანეთში

საგანმანათლებლო-სისტემა-საქართველოსა-და-ესპანეთში672X347

საგანმანათლებლო სისტემა საქართველოსა და ესპანეთში/როგორია სწავლების ხარისხი საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სწავლების რა მოდელს ანიჭებენ უპირატესობას ესპანეთში?

რატომ ვერ ხერხდება წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრებული, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ დრომოჭმული, მოძველებული მეთოდოლოგიის განახლება ან შეცვლა?

რა ხელისშემშლელი ფაქტორები იკვეთება ჩვენს რეალობაში, რაც საგანმანათლებლო სტრუქტურებში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწავლების ხარისხის მიღებას აფერხებს? 

რისი  გაზიარება და მიღება  შეუძლია ქართულ საგანმანათლებლო სისტემას  სწავლების ესპანური  მოდელისგან?

ამ რთულ გზაზე გამოკვეთილი გამოწვევების შესახებ, განათლების ხარისხის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობენ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლები,

ის ადამიანები, რომლებიც განათლების სისტემაში მრავალი წელია, მუშაობენ ან ამ სისტემას უნივერსიტეტების აუდიტორიებიდან უშუალოდ აკვირდებიან. 

ჩვენი   რესპონდენტების ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს სკოლა არც სააღმზრდელო და აღარც საგანმანათლებლო დაწესებულებაა,

არადა, თვლიან, რომ ზოგადი ან უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები სწორედ სკოლებში უნდა ვეძიოთ.

რაც შეეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორც ირკვევა, უნივერსიტეტებში სასწავლებლად ზოგჯერ აბიტურიენტთა ის კატეგორია ირიცხება, რომელსაც ქართულ ენაზე აზრის ჩამოყალიბებაც კი უჭირს.    

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი მაია ტორაძე ფიქრობს, რომ

საქართველოს განათლების სისტემაში სირთულე ბევრია, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე საკითხს გამოარჩევს. მისი რეკომენდაციით, უსაფუძვლო არ იქნება, თუ ზოგადი ან უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ პრობლემებს სკოლებში მოვძებნით:

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში უამრავი რეფორმა გატარდა, ეს სეგმენტი, ჯერჯერობით, მაინც ბევრი სირთულის წინაშე დგას.

მაგალითად, ნელ–ნელა საცნაური ხდება, რომ სასკოლო პროგრამა და ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამა,

ასევე, ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, ერთმანეთს დასცილდა და მივიღეთ ისევ ის მდგომარეობა, როცა რეპეტიტორის გარეშე კარგი მოსწავლეც კი ვერ აბარებს გამოცდას“, – აცხადებს მაია ტორაძე.

მეორე და მთავარი, რის შესახებაც თსუ-ის პროფესორი ყურადღებას ამახვილებს, ეს არის სასკოლო პროგრამაში გრამატიკის სწავლების შესუსტება, რისი შედეგიც საკმაოდ სავალალო აღმოჩნდა:

„უმაღლეს სასწავლებელში შემოდის სტუდენტი, რომელსაც ქართულ ენაზე აზრის ცხადად ჩამოყალიბება უჭირს, აღარაფერს ვამბობ წერტილ–მძიმის სწორად გამოყენებაზე, რაც „აქილევსის ქუსლივითაა“.

გარდა ამისა, დღემდე ვერ ხერხდება კონკრეტული მოდელის შემუშავება, რომელიც სრულფასოვნად შეაფასებს განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, იპოვის ბზარს და შემდეგ მოხდება ამის შევსება.

მაგალითად, ვერ ჩამოვყალიბდით, ვინ უნდა აღზარდოს სკოლამ და ვინ – უნივერსიტეტმა, ვერ შევათანხმეთ სასწავლო მიზნები და დასაქმების ბაზარი;

ვერ შევუსაბამეთ დამსაქმებლის მოთხოვნებს სასწავლო გეგმები – სხვა მოთხოვნებია სასწავლო მოდულებში, სხვა – უშუალოდ წარმოებებში.

თითქოს ყველაფერი გაწერილია ხარისხის სამსახურების მიერ, მაგრამ რეალურად ეს სწავლების ხარისხზე არ აისახება“,

განმარტავს მაია ტორაძე და დასძენს, რომ აუცილებელია, თვითონ სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ჩაერთონ აქტიურად განათლებისა და მეცნიერების საკითხებზე სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში.

რაც  შეეხება ესპანეთს, როგორც ქართველი ემიგრანტი კორდობაში, ყოფილი ჟურნალისტი, ვერიკო კობიაშვილი, რომლის შვილიც ესპანურ სკოლაში სწავლობს, გვიხსნის:  

სკოლა ესპანეთში 3 წლის ასაკიდან იწყება. ე.წ. ,,პრიმარია“ არის  დაწყებითი განათლება და  ასაკის მიხედვით, რამდენიმე საფეხურს მოიცავს.

შემდეგ არის ,,სეგუნდარია“-მე -7 -მე-10 კლასი (ქართული-არასრული საშუალო განათლება); 

ბოლოს კი,  2 წელი, რომელსაც ,,ბაჩიერატოს“ ეძახიან,-ე.წ. ,,კოლედან“ უნივერსიტეტში შესასვლელად მოსამზადებელი პერიოდი. აქედან სავალდებულო სკოლაში 10 წლის გატარებაა. 

ამ სავალდებულო პერიოდის  შემდეგ, თუ მოსწავლეს უნივერსიტეტში სწავლა სურს, 2 წლიანი სპეციალური კურსი უნდა გაიაროს, რომელსაც იმის მიხედვით  შეურჩევენ, თუ რა პროფესიის და საგნების დაუფლება სურს:

ტექნიკური, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, თუ სხვა.

,,ჩემი აზრით, ზოგად განათლებას საქართველოში უფრო მაღალი ხარისხით იღებენ, ვიდრე  – ესპანეთში.

ისე კი, არც ქართული და არც ესპანური განათლების სისტემით არ ვარ კმაყოფილი.

არც აქ არსებული სისტემაა, მიანცდამაინც, მისაბაძი.

ესპანურ სკოლაში უკეთესია მოსწავლეებთან დამოკიდებულება, რადგან უფრო ვრცლად ასწავლიან საკუთარი უფლებების, ეთიკის ნორმების დაცვას, ტოლერანტობას, რაც კარგია.

აქ  ძალიან ბევრ ისეთ რამეს ასწავლიან, რაც შემდეგ, ადამიანური ურთიერთობების დროს,, ცხოვრებაში, გამოადგებათ.

კარგია ისიც, რომ მოსწავლეების ყოფნა სკოლაში, მხოლოდ კლასის  კედლებით  არ შემოიფარგლება და მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მუზეუმების დათვალიერებას;

კინოთეატრებში  ფილმების ნახვას და შემდგომ  დისკუსიებს-ფილმების განხილვას. ანუ აჩვევენ  თავისუფალ აზროვნებას, მსჯელობას,

-ასწავლიან იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა ადამიანია.“

როგორც ვერიკო ამბობს, განათლების ხარისხის შესაფასებლად  მთავარი კრიტერიუმია იმის განსაზღვრა, თუ არიან ესპანეთში საკუთარი საქმის  პროფესიონალები. 

თუმცა, ვიწრო სპეციალიზაციის გამო, ,,ექიმმა, შესაძლოა, ძალიან ელემენტარული ისტორიული თარიღი არ იცოდეს, ბანკის თანამშრომელმა- გეოგრაფია და  ძალიან ბევრო ზოგადი რამ, რაც უნდა იცოდეს“..

ესპანური   და ქართული განათლების სისტემას  ვერიკოს შვილი, პატარა  ელენეც ,,აფასებს“:

,,როგორც საქართველოში, ესპანეთშიც ბევრ ისეთ საგანს ასწავლიან, რომელიც უაზროა და ცხოვრებაში ვერასდროს გამოვიყენებ“,-ამბობს ელენე.

ყოფილი სტუდენტი, ბაკალავრი თამარ ბოკუჩავა ფიქრობს, რომ საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემის ფუნდამენტური პრობლემა სწავლების მეთოდიკაა, რაც შემდგომ ცოდნის ხარისხზეც აისახება.

მისივე განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტებისგან განსხვავებით, საქართველოში არსებული უმაღლესი განათლების ძირითადი სქემა თეორიულ სწავლებას მოიცავს და მას არ სცდება:

„ევროპის უნივერსიტეტები პრაქტიკული სწავლების მეთოდიკაზეა ორიენტირებული.

უცხოეთში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ეს სტუდენტს მთელი განათლების განმავლობაში შესაბამის გამოცდილებას და პრაქტიკას აძლევს და მას შემდგომ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

საერთაშორისო განათლების სისტემაში აპრობირებული მეთოდია სტუდენტების სტაჟირება წამყვან კომპანიებში, რაც, წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს გარანტირებულ დასაქმებას ჰპირდება.

ეს არის უმნიშვნელოვანესი განსხვავება საქართველოში სწავლების მეთოდიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს შორის“,– გვითხრა თამარ ბოკუჩავამ.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი რესპონდენტების მოსაზრება, რა თქმა უნდა, სუბიექტურია, ფაქტია, რომ საგანმანათლებლო პრობლემები საქართველოში ყოველთვის აქტუალური და მწვავე საკითხი იყო და არის.

ქართულ საზოგადოებაში მუდმივადაა მსჯელობა იმის შესახებ, რომ აუცილებელია ქვეყანაში გატარდეს ძირფესვიანი რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც დაწყებით, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებს.

ამ მიმართულებით კი, ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, მათ შორის, ესპანეთში, არსებული განათლების სრული მოდელის თუ არა, მისი ცალკეული ასპექტების და გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება, ვფიქრობ, შესაძლებელია.

                                                                                                 

ნატალია მეგუთნიშვილი

სტატიის ავტორი

ნატო მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI