ბავშვთა ონკოლოგიური პრობლემები საქართველოში და საზღვარგარეთ მკურნალობის სამთავრობო ინიციატივასაქართველოში, ყოველწლიურად, საშუალოდ, 100 ბავშვს ესმევა ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოზი.
2015 – 2020 წლებში სიმსივნეების მიზეზით გარდაიცვალა 17 წლამდე ასაკის 169 ბავშვი, ეს ამავე წლებში დასმული დიაგნოზების 25%-ს შეადგენს.
თუმცა ამ მონაცემებში არ შედის საზღვარგარეთ გარდაცვლილ ბავშვთა რიცხვი, რომლის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აწარმოებს.
ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, მიერ მთავრობის სხდომაზე განხილული პროექტი, რომლის მიხედვითაც, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს
სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და
ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნებოდა, ამ დაავადებების მქონე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის იმედის მომცემი აღმოჩნდა. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე, უკვე
შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.
„პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, –მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.
საკითხის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ხარისხიან ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, სახელმწიფოს პრიორიტეტია“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ირკვევა ისიც, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება, რის შემდეგაც ონკოლოგიური დიაგნოზის
მქონე ბავშვები სამედიცინო მომსახურებას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ: ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში, საჭიროების მიხედვით, მიიღებენ.
„18 წლამდე პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპი იქნება, ვიდრე საქართველოში გაძლიერდება სერვისები და შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა
ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, –
აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახალი ინიციატივის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისასაც გააჟღერა.
,,ბავშვთა ასაკის ონკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად, შევიმუშავეთ ჩვენ პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის
გახსნამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვი საზღვარგარეთ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს, სრულად დაფარავს ბიუჯეტი ამ ხარჯებს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ინფორმაციით, 300 ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. საუბარია თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებებზე, სადაც ერთ სივრცეში იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, როგორც დიაგნოსტიკური, ისე – სამკურნალო მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ისეთი მნიშვნელოვანი, ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისიც, როგორიც პროტონოთერაპიაა.
აღნიშნულ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს საერთაშორისო ბაზრის კვლევა, იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა, ამ მიმართულებით, გამოხატონ ინტერესი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხსაც.
„ბავშვთა ონკოლოგია დიდი ხანია, სამინისტროს პრიორიტეტია. გასულ წელს, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა ისრაელის იხილოვის კლინიკასთან და თურქეთის სამედიცინო კლინიკასთან, ასევე ესპანეთთან.
ამ ეტაპზე პროექტის შემუშავება პრაქტიკულად დასრულებულია. ყოველწლიურად, სამწუხაროდ ,ჯერ კიდევ 150-მდე ბავშვს უდგინდება ავთვისებიანი სიმსივნე.
ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის თანამედროვე სერვისების შეთავაზება მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია. ამდენად ეს პროექტი , რომელიც სამინისტრომ მოამზადა, გახლავთ უცხოეთის კლინიკებთან თანამშრომლობით ყველა ბავშვისთვის, იმის შესაძლებლობის შექმნას,
რომ მათ სრულად მიიღონ სამედიცინო სერვისები, უახლესი,
ასევე, რობოტული ტექნიკის გამოყენებით ქირურგიული ჩარევების წარმოება და სხვა ინტერვენციები, რაც მათი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას მოგვცემს.
ამას დასჭირდება დამატებითი სერვისი, თუმცა ეს სერვისი იქნება ხსნა იმ ბავშვებისთვის, ვისაც დღეს ეს ძალიან სჭირდება. საუბარია წელიწადში დაახლოებით 300 ბავშვზე.
ეს არის 150 ახალი შემთხვევა და ის ბავშვები, ვისაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ონკოლოგიური დაავადებები. ვფიქრობთ, ეს მოდელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს, ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინო მომსახურეების ხარისხს.
აქვე იქნება მუშაობა საქართველოში ონკოლოგიური სერვისების განვითარებაზე და ის პარტნიორი კლინიკები, რომლებიც შეირჩნენ
პროგრამაში მონაწილეობისთვის გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე, დაგვეხმარებიან ადგილზე, ქართველი ექიმების მომზადებაში და სამომავლოდ სერვისის გაძლიერებაში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საზღვარგარეთ ბავშვების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. შედეგად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალი ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ მიიღონ.

ნატო მეგუთნიშვილი