სანტ ჯორდის დღესასწაული კატალონიაში

სანტ-ჯორდის-დღესასწაული-კატალონიაში645X509

სანტ ჯორდის დღესასწაული კატალონიაში, იგივე გიორგობაა. კატალონიის რეზიდენტების უმრავლესობამ უკვე იცის იმის შესახებ, რომ წმინდა გიორგი კატალონიაში ისევე როგორც საქართველოში, კატალონიის მფარველ წმინდანადაა მიჩნეული.

წმინდა გიორგის კულტი, ჯერ კიდევ 1456 წლიდან უკვე ფართოდ იყო გავრცელებული კატალონიელ ხალხში. ტრადიციული ზეიმი კი XV საუკუნიდან იღებს სათავეს.

მაგრამ შემდეგ მიივიწყეს და გიორგობის დღესასწაული, უკვე ხელმეორედ აღადგინეს 1926 წლის 23 აპრილს.

ეს დღესასწაული წმინდა გიორგის (Sant Jordi) მოწამეობრივად აღსრულების დღესთან არის დაკავშირებული.

23 აპრილიდან კატალონიის ცენტრალურ ქუჩებში აივნები და ფასადები მოირთვება ულამაზესი წითელი ვარდებით, გამოიფინება კატალონიის დროშები (Senyeras-კატალონიის ოფიციალური დროშა).

სპეციალურად ამ დღისთვის გაიმართება პატარ-პატარა ბაზრობები სადაც, დახლებზე გამოიფინება გასაყიდი წიგნები, ვარდები და დრაკონები.

ღია ცის ქვეშ დაიდგმება მინი სპექტაკლები, წმინდა გიორგისა და გველეშაპის შერკინების სცენებით.

ტრადიციულად ამ დღესასწაულზე ერთმანეთს ჩუქნიან ვარდებს და წიგნებს. თავდაპირველად, მხოლოდ შეყვარებული წყვილები უკეთებდნენ ერთმანეთს ამ საჩუქრებს, თუმცა ახლა უკვე ოჯახის წევრების და მეგობრების დასაჩუქრებაც ტრადიციად იქცა.

რატომ ჩუქნიან ვარდებს?

როგორც ადგილობრივი ლეგენდა გვიამბობს, კეთილმა მხედარმა, მეფის ქალიშვილი გადაარჩინა გველეშაპისგან შეჭმას, რომელიც პატარა სამეფოს შიშის ზარს სცემდა და ყოველდღე ერთ ქალიშვილს ითხოვდა დასანაყრებლად.

ზუსტად იმ დროს როდესაც გველეშაპს მიჰგვარეს მეფის ასული, მოულოდნელად გამოჩნდა თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი და ერთი ხელის მოქნევით თავი წააგდებინა ურჩხულს.

გველეშაპის მოკვეთილი თავიდან მიწაზე დაფრქვეულ სისხლზე, მოულოდნელად ამოვიდა წითელი ვარდები.

რაინდმა მოწყვიტა ერთი წითელი ვარდი და მეფის ასულს მიართვა, თვითონ კი რაშს შემოაჯდა და გაქუსლა.

რატომ ჩუქნიან წიგნებს?

ვარდის და წიგნის ჩუქება ამ კონკრეტულ დღეს ორი დღესასწაულის დამთხვევამ გამოიწვია. ალბათ ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ამავე დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება წიგნის საერთაშორისო დღე, რომელიც იუნესკომ დააწესა 1995 წელს მიგელ სერვანტესისა და ვილიამ შექსპირის საპატივცემულოდ, რომლებიც ერთსა და იმავე დღეს, 23 აპრილს გარდაიცვალნენ.

ალბათ ამ დღესასწაულის მიმზიდველობა, დამთხვევების მრავალფეროვნებამაც განაპირობა. იგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია კატალონიაში.

აღსანიშნავია, რომ 23 აპრილს არაა უქმე დღე, თუმცა მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ლამაზი დღეა, რა დროსაც ხდება ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა.

წიგნის საერთაშორისო დღეს, მადრიდში, ქალაქის ცენტრში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია აუდიტორიის წინაშე წაიკითხოს რამდენიმე აბზაცი.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ მკითხველი, საჩუქრად იღებს წიგნის ერთ ეგზემპლარს.

ამ დღეს, ესპანეთში, სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ 22 მილიონი ევროს ღირებულების წიგნი იყიდება.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI