ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტმა პედრო სანჩესმა ამ შაბათს, საინტერესო განცხადება გააკეთა იმის შესახებ რომ ესპანეთი
-„არ აღიარებს“ შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევას ვენესუელაში, რადგან, მისი თქმით, ამერიკა „არღვევს საერთაშორისო სამართალს“ და რეგიონი „გაურკვევლობისა და მილიტარიზმისკენ მიჰყავს“.
სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში სანჩესმა საზოგადოებას აგრეთვე შეახსენა, რომ ესპანეთმა –
„არ აღიარა ნიკოლას მადუროს რეჟიმი“ მას შემდეგ, რაც 2024 წელს ჩატარებული არჩევნების სავარაუდო გაყალბების შედეგად მან ხელისუფლება შეინარჩუნა..
მთავრობის მეთაურმა დაამატა, რომ ესპანეთი „ყველა მხარეს მოუწოდებს, გაითვალისწინონ მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობა, დაიცვან გაეროს წესდება და იმუშაონ სამართლიანი და დიალოგზე დაფუძნებული გარდამავალი პროცესის ჩამოსაყალიბებლად“.
მარტივად, რომ განვმარტოთ სანჩესის გამოსვლა:
ესპანეთი არ უჭერს მხარს ნიკოლას მადუროს რეჟიმს, თუმცა ასევე არ მიესალმება ამერიკის სამხედრო ჩარევას ვენესუელაში, რადგან კანონგარეშედ მიიჩნევს.
ვენესუელას მოკავშირე ქვეყნების პოზიცია
ევროპის ფრთხილ და კრიტიკულ დამოკიდებულებას შეერთებული შტატების სამხედრო ქმედებების მიმართ ვენესუელაში, მკვეთრად უპირისპირდება ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი ქვეყნების რიტორიკა.
კარაკასის მოკავშირეები, მათ შორის რუსეთი, ირანი, კუბა და ნიკარაგუა, ვაშინგტონის ქმედებებს ღიად „იმპერიალისტურ აგრესიად“ და „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმად“ აფასებენ და მადუროს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, ნებისმიერი უცხოური ჩარევა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და მიზნად ისახავს ვენესუელის შიდა პოლიტიკური სისტემის ძალადობრივ შეცვლას.
ამ ფონზე, ევროპა ცდილობს შეინარჩუნოს დაბალანსებული პოზიცია არ აღიაროს მადუროს რეჟიმის ლეგიტიმაცია, მაგრამ ამავდროულად თავიდან აიცილოს სამხედრო ესკალაცია და ხელი შეუწყოს პოლიტიკური დიალოგის გზით კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტას და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას.

