საქართველოს ევროპული არჩევანი, საქართველოში მიმდინარე მოვლენების მოკლე მიმოხილვა საქართველოში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, ქვეყანაში დრამატული სურათი შეიქმნა.
საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების რაოდენობამ, დღეის მონაცემებით, 300 ადამიანს გადააჭარბა.
100-ზე მეტი ადამიანი სასტიკად არის ნაცემი და საავადმყოფოში გადაყვანილი. ერთ-ერთი 22 წლის ახალგაზრდა, რომელზეც ქართველმა ძალოვანებმა დაკავების დროს იძალადეს, ამ დრომდე კომიდან ვერ გამოჰყავთ.
აქციების დარბევის პარალელურად, ნელ-ნელა პროტესტი მთელს ქვეყანას მოედო და ფაქტიურად, ქვეყანაში ქალაქი არ დარჩა, სადაც საპროტესტო გამოსვლები არ ჩატარებულა.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი. ემიგრაციიდან პროტესტს უერთდებიან და ევროპის ქალაქებში მართავენ აქციებს.
ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა და სადამსჯელო რაზმების სხვადასხვა ასეულებიდან, ასევე მაღალი თანამდებობის პირებმა, პროტესტის ნიშნად, მასიურად დაიწყეს სამსახურების დატოვება.
მათ შორის თანამდებობები დატოვეს ელჩებმა შეერთებულ შტატებში, ლიეტუვაში, ნიდერლანდებსა და ბულგარეთში, ასევე გადადგა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იტალიაში მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.
გაიფიცნენ სტუდენტები, თეატრების, სკოლების და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები. სახელისუფლებლო არხები დატოვეს ჟურნალისტებმა.
საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს საქართველოში მიმდინარე აქციებს. ესპანეთის მედიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% პროევროპულ ვექტორს უჭერს მხარს და ეწინააღმდეგება ხელისუფლების ერთპიროვნულ გადაწვეტილებას.
პროტესტის ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 28 ნოემბერს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, „2028 წლამდე“ შეწყვიტოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან, რითიც ცალსახად დარღვია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი,
რომელიც მკაფიოდ აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს ევროკავშირში შეუფერხებლად გაწევრიანებისთვის.
პროტესტის გამომწვევი მიზეზები!
მოგეხსენებათ, საქართველო ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა რუსეთმა 1991 წელს ოფიციალურად აღიარა 1921 წლის ანექსიის გამო, რეალურად, რუსეთი არასოდეს წასულა საქართველოდან.
სწორედ რუსეთის სპეცოპერაციის შედეგია საქართველოში 90-იან წლებში მომხდარი სამოქალაქო ომი და დაკარგული ტერიტორიები აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით.
ყოველ ჯერზე, როგორც კი საქართველო წელში გაიმართება, ევროპისკენ გაიხედავს და აღორძინებას იწყებს (მიუხედავად ქვეყანაში არსებული ტერიტორიული თუ ეკონომიკური პრობლემებისა),
მეზობელი რუსეთი მთელი მონდომებით ცდილობს, საქართველო საბჭოეთის ჯურღმულში დააბრუნოს.
2008 წელს, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი დიდი იმედით შეჰყურებდა ევროპისკენ მიმავალ გზას, ანხელა მერკელის ინიციატივით, ევროპის ლიდერებმა საქართველოსა და უკრაინას უარი უთხრეს მაპის მინიჭებაზე.
ევროპელების უარმა გაათამამა რუსეთი, რამაც გამოიწვია რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა საქართველოზე 2008 წელს.
კარგად არის ცნობილი აგვისტოს ომი, რომელმაც რუსეთს საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი და გააშიშვლა მისი იმპერიალისტური, ოკუპანტური ხასიათი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში ყველასთვის ნათელი იყო რუსეთის დანაშაულებრივი ქმედება, ევროპამ და ამერიკამ სირაქლემის პოზიცია აირჩიეს, რამაც სამომავლოდ რუსეთი კიდევ უფრო მეტად გაათავხედა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციით განაგრძო.
ჯერ ყირიმი, მერე დონბასი და საბოლოოდ კიევზეც მიიტანა იერიში.
მას შემდეგ, რაც საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისისა და საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობაში მყოფმა პროევროპულმა ძალებმა, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, არჩევნებში დამარცხება აღიარეს,
მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო ქართული წარმოშობის რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს, კავკასიური ქვეყნების ისტორიაში საქართველოში, პირველად მოხდა მთავრობის ცვლილება არჩევნების გზით.
რუსმა ოლიგარქმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარგად შეენიღბა რუსეთის მაამებლური პოლიტიკა. მისი მმართველობის პერიოდში, საქართველოს ევროპულმა კურსმა თანდათანობით მიმართულება იცვალა.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, საქართველოს მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ ისინი იზიარებდნენ ევროპულ ღირებულებებს და წინ მიიწევდნენ ურთიერთობების გასამყარებლად.
თუმცა, არც რუსეთთან სურდათ დაპირისპირება, რაც მათი ამომრჩევლისთვის მისაღები აღმოჩნდა (აბა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდება რუსეთთან ომი?!).
თუმცა, 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების (სასტიკი გაყალბების) შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატი კიდევ 4 წლით გაიხანგრძლივა.
სულ რამდენიმე დღეში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ხალხს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება გააცნო – ევროკავშირში გაწევრიანების ცალმხრივად შეჩერების შესახებ.
ეს ქართველი ერის მოთმინებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ხალხი ქუჩებში გამოიყვანა.
ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის გამო, ათასობით ადამიანი შეუერთდა საპროტესტო აქციას.
მიუხედავად წარმოუდგენელი რეპრესიებისა და უკანონო დაკავებებისა, უკვე რამდენიმე დღეა თბილისში არ წყდება პროტესტის ტალღა.
აქციის მონაწილეები ხშირად პარალელებს ავლებენ კომუნისტური პარტიის მიერ 1937-იან წლებში გატარებულ რეპრესიებთან და 1990 წლის 9 აპრილის დარბევებთან, რამაც უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეიწირა საქართველოში.
სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში, ქართველებს რუსი ჯარისკაცების ნაცვლად ქართული სპეცრაზმი უსწორდება უსასტიკესი ფორმებით,
რაც მიზანმიმართულად ხორციელდება ადამიანების დასაშინებლად და იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკუთარი აზრი არ დააფიქსიროს.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უხეშად გაყალბდა, მაინც არ მომხდარა ასეთი მასობრივი პროტესტი.
ხალხის განრისხება გამოიწვია ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილებამ, რაც კიდევ უფრო ცხადჰყოფს, რომ მთავრობამ წითელი ხაზები გადაკვეთა და საკუთარი ხალხის აზრს არ ითვალისწინებს.
საქართველოს ახლანდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება გადაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში.
ასევე, ის დღემდე აქტიურად გმობს მთავრობის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებსა და აქციების ძალისმიერი მეთოდებით დარბევებს.
საქართველოში ქართველ ხალხს სიცოცხლის ბოლო წუთამდე შეუძლია საკუთარი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისთვის ბრძოლა.
იმ უკანონობის, ძალადობის და კანონდარღვევის ფონზე რა საშინელი მეთოდებითაც უსწორდებიან ძალოვნები აქციის მონაწილეებს, ხელისუფლებამ უკვე დაკარგა ლეგიტიმაცია.
მას აღარანაირი მორალური უფლება არ აქვს ილაპარაკოს კანონმორჩილებაზე, როცა თავად არრვევს კანონს, კონსტიტუციას და ადამიანების ძირითად ულებებს.
ქართველი ხალხი მენტალურად და კულტურულად ევროპელია, ამიტომ ჩვენი ქვეყნის კურსი შეუქცევადად ევროპულია. საქართველო არ გარუსდება!
