არნედო ესპანეთში პატარა ინდუსტრიული ქალაქია, სადაც განსაკუთრებულად განვითარებულია ფეხსაცმლის ინდუსტრია, რის გამოც მას უწოდებენ ,,Ciudad de Calzado“, ანუ – ,,ფეხსაცმელების ქალაქი“.
აქ მოსახლეობა 15 ათასს აღემატება, რომელთაგანაც 3 ათასზე მეტი 47 სხვადასხვა ეროვნების ადამიანია. ამ ადამიანებს შორის კი, ქალაქში ოფიციალურად ათასამდე ქართველია დაფიქსირებული.
ამის გამო აქ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ხშირად ამბობენ, რომ აქ პატარა საქართველო აქვთ. სწორედ არნედოს დიდ ქართულ ოჯახზე უნდა მოგითხროთ.
ია ბასიაშვილი ესპანეთში, კერძოდ, ლა რიოხის რეგიონის ქალაქ არნედოში 2001 წელს ჩამოვიდა. ია ამჟამად, დედასთან ერთად, ამავე ქალაქში ცხოვრობს.

აქვე, მრავალი წელია, იას და, მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად დაფუძნდა. ჩვენი სტატიის გმირის ცხოვრება ერთ დღეს რადიკალურად შეიცვალა.
ყველაფერი კი, 2007 წელს დაიწყო, როდესაც ამავე ქალაქში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ძირძველმა ქართველმა მხატვარმა, ზაზა პაპიძემ, ასოციაცია -,,საქართველოს შვილები ლა რიოხაში“-დააარსა.
ამ ასოციაციის შექმნის უპირველესი მიზანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსება იყო.
,,ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა ამ კუთხით, თუმცა კვლავ შეგვექმნა დაბრკოლება, შიდა და გარე ფაქტორების გამო.
უკვე რამდენიმე თვეა, ისევ მამაოს გარეშე ვიმყოფებით. თუმცა არ ვკარგავთ იმედს, რომ ამ დაბრკოლებასაც მალე გადავლახავთ.
ასევე, დღის წესრიგში დგას ასოციაციის რეორგანიზაციის საკითხი, რათა აქტიურად განვახორციელოთ სხვადასხვა ღონისძიება ჩვენს ქალაქში ან –მის ფარგლებს გარეთ.
ამ მხრივ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მე, როგორც ქ. არნედოში მცხოვრები ქართველების კულტურული მედიატორი, აქტიურად ვმუშაობ იმ მიმართულებით,
რომ ესპანელებმა და ამ ქალაქში მცხოვრებმა სხვა ერების წარმომადგენლებმა უფრო მეტი რამ გაიგონ საქართველოს შესახებ.
ამისათვის შევქმენით ორგანიზატორთა ჯგუფი, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ, ამ პროექტების განსახორციელებლად“,-ამბობს ია.
კულტურული მედიატორის სტატუსი ია ბასიაშვილს კოვიდპანდემიის პერიოდში, 2020 წელს, მიენიჭა.
კარანტინის დროს ქართველ ემიგრანტს ქალაქის მთავრობიდან, კერძოდ, სოციალური მომსახურების და ინტეგრაციის განყოფილებიდან დაუკავშირდნენ.
მათი კითხვები შემდეგი შინაარსის იყო: თუ გვქონდა ერთმანეთთან კავშირი ქართველებს; როგორი იყო ჩვენი მდგომარეობა;
თუ ვღებულობდით ინფორმაცას, იმ დროს დაწესებული ცვალებადი რეგულაციების და ნორმების შესახებ.
შემდეგ იყო თხოვნა, რომ ია მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციის თარგმანასა და გავრცელებაში დახმარებოდა, რათა ბევრი ჩვენი თანამემამულის, განსაკუთრებით, ახლად ჩამოსულების ინფორმირება მშობლიურ ენაზე მომხდარიყო, პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
ია ბასიაშვილის თქმით, იმ პერიოდში მოხდა 3 ინსტიტუციის:
კარიტასის, წითელი ჯვრის და აიუნტამიენტოს გაერთიანება, დახმარებების გასაცემად, რომლის კოორდინაციასაც ზემოთ აღნიშნული განყოფილება ახორციელებდა:
,,მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და თავდაუზოგავად დავიწყე მათთან თანამშრომლობა.
მოტივი, რის გამოც მე დამიკავშირდნენ, იმ უამრავ ქართველს შორის, რომელთაგანაც არა ერთი ფლობს ესპანურ ენას, ზოგ შემთხვევაში,- ჩემზე უკეთესადაც, არის ის, რომ წლების განმავლობაში,
კერძოდ, 2012 წლიდან 2018 წლამდე, გახლდით ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ასოციაციის,- ,,არნედოელი მეგობრების“- მმართველთა საბჭოს წევრი, ბოლო პერიოდში კი,- მისი ვიცე-მდივანიც.
ეს პერიოდი იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო, ნაყოფიერი ეტაპი, რომელმაც მომცა საშუალება, აქტიურად ჩავრთულიყავი ამ ქალაქის სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაში, გამეგო უფრო მეტი რამ ამ ქალაქის შესახებ და რაც მთავარია, შემეძინა ბევრი მეგობარი.
ამ პერიოდს, მოგვიანებით, დავარქვი ჩემი გზა მეგობრობის აკადემიაში. ასოციაციის მმართველთა გუნდიდან გამოსვლის მიზეზი კი, გახლდათ პროფესიული გადამზადების პროექტი.
საქართველოში, 90 –იან წლებში, მიღებული ეკონომისტის განათლება არ მაძლევდა ამ ქვეყანაში თვითრეალიზაციის საშუალებას“, -იხსენებს ქართველი ემიგრანტი.
სწორედ ეს ფაქტორი გახდა მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში რაიმე სახის განათლება მიეღო.
იამ ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა და 4 წლიანი პროფესიული ინსტიტუტი დაამთავრა, ადმინისტრაციული და ფინანსების მართვის განხრით. ქართველი ემიგრანტის ისტორია კი, ასე გაგრძელდა:
,,ამ ეტაპზე ვმუშაობ ერთ-ერთ ფირმაში და პარალელურად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, როგორც ქართველების კულტურული მედიატორი არნედოში.
სხვდასხვა ქვეყნის მედიატორებსა და აიუნტამიენტოს სოციალური განყოფილების თანამშრომლებთან ერთად.
ჩვენ პერიოდულად, ვიკრიბებით სხდომებზე, სადაც ვგეგმავთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.
მათ შორის, ყველაზე მასშტაბური არის არნედოს ინტერ კულტურული ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეორედ ჩატარდა.
ზოგადად, ამ ფესტივალის იდეა ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში გაჩნდა, როდესაც ჩვენი სხდომები ონლაინ რეჟიმში იმართებოდა.
ვნატრობდით, მალე დამთავრებულიყო ეს მძიმე ხანა და შემდეგი ჩვენი შეხვედრები ყოფილიყო საზეიმო ხასიათის.
შარშან, მაისის თვეში, ჩატარდა პირველი ფესტივალი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სწორედ ამიტომ წელს ისევ გავიმეორეთ და იმედი გვაქვს, რომ ამ ფესტივალს მიეცემა ყოველწლიური ხასიათი.
თავად მონაწილე ქართველების რიცხვი, თუ გასულ წელს 38 ადამიანი იყო და საკმაოდ კარგად წარვადგინეთ ჩვენი ქვეყანა, წელს ეს რიცხვი 176 -მდე გაიზარდა.
ვიცით, რომ მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტი მსურველი გვეყოლება“.
ისევე, როგორც გასულ წელს, წელსაც, ფესტივალს ესპანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ესტუმრა. ამჯერად ღონისძიების სტუმარი საელჩოს მთავარი მრჩეველი, ზურაბ მჭედლიშვილი, იყო.
ია ბასიაშვილის თქმით, ასეთ ღონისძიებებში საელჩოს მხარდაჭერა ყოველთვის მეტ ძალას მატებს ემიგრანტებს და ფესტივალსაც უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
ღონისძიების არსი და მიზანია, თითოეულმა მონაწილე ქვეყანამ, რომელთა რაოდენობა წელს 10 იყო, ერთმანეთსსაკუთარი ქვეყნის
კულტურა, ფოლკლორი, ნაციონალური ტანსაცმელი, ხელნაკეთი ნივთები და დამწერლობა გააცნონ.
ამ მიზნის მისაღწევად კი, მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის არაერთი კულტურული ღონისძიება ტარდება:
,,პირველ რიგში, ქალაქის ცენტრში განთავსებული მაღაზიების და დაწესებულებების ვიტრინებში ეწყობა სხვადასხვა ქვეყნის კუთხე;
ასევე, ქალაქის თეატრის ფოიეში იმართება მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის გამოფენები; თეატრში კი, იმართება საზეიმო გახსნის კონცერტი.
თუ გასულ წელს ეს კონცერტი ესპანურ და არაბული ქვეყნების ფოლკლორს დაეთო, წლევანდელი კონცერტი ქართულ და სომხურ ფოლკლორს მიეძღვნა.
კონცერტი არნედოს მერიამ და ლა რიოხის მთავრობამ დააფინანსა, რის გამოც დიდ მადლიერებას გამოვხატავთ.
ჩვენი ჩართულობაც ფესტივალის მომზადებაში, რომელსაც ,, მოგზაურობა კავკასიაში“ დავარქვით, დიდი და მნიშვნელოვანი იყო.
ქართული მხარე მადრიდიდან მოწვეულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა -,,გიორგია“-მ, წარადგინა (ხელმძღვანელები: მაკო მიქელაძე და კოტე მესხიძე). კონცერტის წამყვანი კი, თავად მე გახლდით.

ეს იყო ჩემი დიდი ხნის სურვილი, რომ მაყურებლები ვირტუალური მოგზაურობით წამეყვანა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ქართული ფოლკლორის თანხლებით“.
კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და უცხოელების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ფესტივალის ბოლო დღეს კი, მთავარი მოვლენები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
პროგრამა თითოეული ქვეყნის კუთხის მოწყობას ითვალისწინებდა; ასევე იყო საკონცერტო გამოსვლები და კულინარიული დეგუსტაციები.
წელს ქართული კუთხე, ისევე როგორც შარშან, ხის ხელნაკეთების გამოფენას მიეძღვნა, რომელსაც ამ ნამუშევრების უხუცესი ავტორი, ზურაბ პაპიძე, ამზადებს.
ზურაბ თოფურია სტენდთან მოსულ სტუმრებს სპეციალურ სამახსოვრო ბარათებზე ძველ ქართულ ენაზე მათსავე სახელებს უწერდა.
სპეციალური კუთხე მიეძღვნა თექის ნამუშევრებს, რომელიც ამავე ქალაქში მცხოვრებმა, თამუნა დიდებაშვილმა, დაამზადა.
ასევე, იყო ქართული ხალხური საკრავების და სხვადასხვა სუვენირებისა თუ ტრადიციული ნივთების გამოფენა. განთავსდა სტენდი- ძველი თბილისის ხედით, რითაც პარალელი გაივლო ფესტივალის მოტივთან:
თბილისი, როგორც საუკუნეების მანძილზე მრავალ კულტურული ქალაქი, სადაც დღემდე თანაცხოვრობენ სხვადასხვა კულტურის და რელიგიის ხალხები.
ამავე სტენდთან გამოფენილი იყო სხვადასხვა ეროვნული ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებსაც ახალგაზრდა გიდები- ანდრია ნაკაშიძე და ნიკა ხუბულავა, მისულ სტუმრებს არგებდნენ, პარალელურად, საქართველოს და თბილისის შესახებ უყვებოდნენ და სამახსოვრო ფოტოებს უღებდნენ.
წლევანდელ ფესტივალზე სიეახლე არნედოელი ქართველი ბავშვების საკონცერტო გამოსვლა იყო.
პროგრამაში იყო ქართული ხალხური სიმღერები, რომლების ბავშვებმა მოამზადეს ბადრი ყაჭიურთან, თეა ქოიავასთან, თამუნა კირკიტაძესთან და ზურაბ თოფურიასთან ერთად.
ასევე, გამოვიდნენ 3 თვის წინ ხელახლა ამოქმედებული ცეკვის სტუდიის,-,, პატარა საქართველო“- ს პატარა მოცეკვავეები( ხელმძღვანელები: დათო და სოფო ნადარეიშვილები).
9 წლის ანდრია ნადარეიშვილმა, რომელის 3 წლის ასაკიდან ცხოვრობს ესპანეთში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი“ წაიკითხა. სპეციალურად ამ დღისთვის, ლექსი ესპანურად ჩვენს ქალაქში მცხოვრებმა პოეტმა და მთარგმნელმა, მზისადარ იობიძემ, თარგმნა.
მისმა მეუღლემ, ხაბიერ კორდონმა კი, ლექსის ესპანური ვერსია წაიკითხა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად კულინარიული დეგუსტაციას, ქართულ კერძებს და ტკბილეულს:
,, სხვა ქვეყნების კულინარული დეგუსტაციებისგან განსხვავებით, ჩვენ კერძებს ადგილზე ვამზადებთ, რომ ფესტივალის სტუმრებმა მზადების პროცესს უშუალოდ მიადევნონ თვალი და იქვე დააგემოვნონ.

გასულ წელს ყველამ უკეთ გაიცნო ხაჭაპური და ხინკალი. წელს კი, წარვადგინეთ ხაჭაპური, კუბდარი, ნიგვზიანი ბადრიჯანი და ისპანახი, ცხელ მჭადებთან ერთად. ასევე, წელს დავამატეთ ტკბილეული.
სპეციალურად ამ დღისთვის კახეთიდან ჩამოგვიტანეს ჩურჩხელები, ადგილზე კი, ჩვენმა კონდიტერმა ქალბატონებმა მოამზადეს აჭარული ბაქლავა და 2 სახის ტორტი, რომელიც საქართველოს დროშებით იყო მორთული.
ამგვარად, წელს საქართველოს უფრო მეტი კუთხის სამზარეულო იქნა წარდგენილი. საერთო ჯამში, გაიცა 1000– ზე მეტი რაციონი, ღვინოსათან და ყურძნის წვენთან ერთად.
ამ ყველაფრის უკან იდგა 25 ქალბატონი, 3 მამაკაცი და მთავარი ორგანიზატორების ჯგუფი.
ფესტივალის ბოლოს, სპეციალურად მადლობის გადასახდელად, გვესტუმრა ჩვენი ქალაქის მერი- ბატონი ხავიერ გარსია, მისი მრჩეველი და ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი ქალბატონი -როსა ერსე.
ასევე, გვესტუმრნენ სხვა მრჩევლები და მათი თანმხლები პირები. ოვაციებით და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს ჩვენი მზარეულები და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
შემდეგ ყველამ ერთად დავაგემოვნეთ ჩვენი მზარეულების ნახელავი და ერთმანეთს ეს დიდი წარმატება მივულოცეთ “.

თავად ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორის, სამზარეულოს ესპანეთში პოპულარიზაციის რთულ გზაზე შემდგარს, არც სხვა ქართველი ემიგრანტები ავიწყდება. მათთვის სათქმელი კი, ბევრი აქვს:
,,ბოლოს, რასაც ვეტყოდი ჩვენს ემიგრანტებს არის ის, რომ პირველ რიგში, არასდროს თქვან უარი თავიანთ ოცნებებზე და მიზნებზე.
რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი, მით უფრო,- ემიგრანტებისთვის, მაგრამ მიზანდასახულობით და შრომით, საბოლოოდ, მაინც მიაღწევენ მას.
ასევე, თუ თავიათ მიზნებს რაიმე სახით დაუკავშირებენ საერთო, დიასპორულ მიზნებს და ერთად განახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს, ეს თითოეულ მათგანს კიდევ უფრო მეტ ძალას შემატებს.
აქ, უცხო ქვეყანაში, თითოეული ქართველი ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩები ვართ და ჩვენი კარგად გაკეთებული ყოვეკუ საქმე, იქნება ეს პირადი კარიერა ,თუ საზოგადოებრივი საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერების და წინსვლის საწინდარია.
ჩემი შეხედულება, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 11 წლის წინ დავაფიქსირე ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც რეგიონალურ ყოველდღიურ გაზეთში-
,,ლა რიოხა“- დაიბეჭდა, სახელწოდებით,-,, დიდი მეგობარი, რომელიც აღმოსავლეთიდან მოვიდა“.
მას შემდეგ ჩემი საქმიანობის ყოველი დღე და წელი დაკავშირებული იყო ჩემს მიერ უკვე ხმამაღლა და სახალხოდ გაცხადებული იდეებისა და მიზნების მისაღწევად ბრძოლა.
ამჟამად მე ესპანეთის მოქალაქე ვარ და, დიდი ალბათობით, ამ ქვეყანაში დავრჩები საცხოვრებლად, მაგრამ არასდროს ვივიწყებ ჩემს ფესვებს და ყოველთვის ვიამაყებ ჩემი ქართველობით.
არც ჩემს ემიგრანტობას მივიჩნევ ტრაგიკულად და მტკივნეულად. უცხოეთში ცხოვრებითაც შეიძლება წაადგეს ადამიანი თავის თავს და სამშობლოს.
ბევრი სასახელო და წარმატებული ემიგრანტი არის ამის მაგალითი, რითაც ყოველთვის ვამაყობ და რაც მაძლევს სტიმულს კიდევ მეტი რამ გავაკეთო ამ კუთხით“.
გაზეთის რედაქციის სახელით, განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდით მარი ნადიბაიძეს, ინფორმაციის მოწოდებისთვის.
ქართველ ემიგრანტებს კი ვულოცავთ საქართველოს წარმატებულად წარმოჩენას და ვუსურვებთ საკუთარი მიზნების განხორციელებას.

ავტორი -ნატო მეგუთნიშვილი