ვენესუელას თანამედროვე პოლიტიკური ისტორია იშვიათად იხსენებს ქალ მმართველებს, სილია ადელა ფლორესი, ნიკოლას მადუროს მეუღლე, იურისტი და ჩავიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელსაც პოლიტიკურ კულუარებში ხშირად „ჩრდილოვან მმართველს“ უწოდებენ.
სილია ფლორესი ჩავესის ეპოქაში
სილია ფლორესის პოლიტიკური კარიერა ნიკოლას მადუროზე ბევრად ადრე დაიწყო. პროფესიით სისხლის სამართლის იურისტი, ის აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში 1990-იან წლებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1992 წლის სამხედრო აჯანყების შემდეგ, როცა ჰუგო ჩავესისა და მისი თანამებრძოლების იურიდიულ დაცვაში მონაწილეობდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი გზა ჩავიზმის შიდა ბირთვში.
ჩავესის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფლორესი თანმიმდევრულად იკავებდა უმნიშვნელოვანეს თანამდებობებს, იყო ეროვნული ასამბლეის დეპუტატი, მოგვიანებით კი გახდა მისი თავმჯდომარე, რაც მას ქვეყნის საკანონმდებლო პროცესებზე პირდაპირ გავლენას აძლევდა. 2012 წელს ის გენერალურ პროკურორად დაინიშნა და სახელმწიფო ინსტიტუციების სამართლებრივ არქიტექტურაში კიდევ უფრო გააძლიერა საკუთარი პოზიცია. ამ ეტაპზე სილია ფლორესი უკვე არა მხოლოდ პოლიტიკოსი, არამედ სისტემის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.
ბოლივარიანიზმი, იდეოლოგია და ძალაუფლება
ჰუგო ჩავესის მიერ ჩამოყალიბებული ბოლივარიანული იდეოლოგია ეფუძნებოდა ეროვნულ სუვერენიტეტს, სოციალურ სამართლიანობასა და ანტიიმპერიალისტურ რიტორიკას. ეს არ იყო კლასიკური კომუნიზმი, არამედ ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აერთიანებდა არჩევნებს, ძლიერ სახელმწიფოს და ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების კონტროლს. პრაქტიკაში ბოლივარიანიზმმა თანდათან ავტორიტარული ხასიათი მიიღო, ხოლო ინსტიტუციური ძალაუფლება ვიწრო წრეში კონცენტრირდა.
სილია ფლორესი ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური და ორგანიზაციული მცველი გახდა. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სწორედ ის უზრუნველყოფდა ჩავიზმის შიდა ლოგიკის გაგრძელებას ჩავესის გარდაცვალების შემდეგაც.

ნიკოლას მადურო, ავტობუსის მძღოლიდან პრეზიდენტამდე
ნიკოლას მადუროს ბიოგრაფია ხშირად გამოიყენება რეჟიმის მიერ „ხალხური ლიდერის“ ნარატივის გასამყარებლად. ახალგაზრდობაში ის მართლაც მუშაობდა კარაკასის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ავტობუსის მძღოლად და პროფკავშირების აქტიურ წევრად. სწორედ პროფკავშირულ მოძრაობაში დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა, რასაც მოჰყვა ჩავესის მოძრაობაში ჩართვა.
მადურო ეტაპობრივად ავიდა ძალაუფლების კიბეზე, გახდა დეპუტატი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი. 2013 წელს, ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, ის პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა თავიდანვე განიცდიდა ლეგიტიმაციის პრობლემას, რაც შემდგომ წლებში კიდევ უფრო გამწვავდა.
ქორწინება, რომელიც პოლიტიკურ ალიანსად იქცა
სილია ფლორესისა და ნიკოლას მადუროს ურთიერთობა 1990-იან წლებში დაიწყო, მაშინ როცა ორივე ჩავიზმის წრეში აქტიურად მოქმედებდა. მათი ქორწინება 2013 წელს, მადუროს პრეზიდენტობის დასაწყისში გაფორმდა და ბევრისთვის ეს არა მხოლოდ პირადი, არამედ პოლიტიკური ალიანსის ფორმალიზაციად აღიქმებოდა.
მათ საერთო შვილები არ ჰყავთ, თუმცა ორივეს ჰყავს შვილები წინა ქორწინებებიდან. ფლორესის ოჯახის წევრების მიმართ წამოყენებულმა ბრალდებებმა და სკანდალებმა მისი სახელი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოაქცია.
სილია ფლორესი, რეჟიმის ჩრდილოვანი მმართველი
მადუროს მმართველობის წლებში სილია ფლორესის როლი კიდევ უფრო გაძლიერდა. ის არასდროს ყოფილა უბრალოდ „პირველი ლედი“. რეჟიმმა მისთვის სპეციალურად დაამკვიდრა ტერმინი „პირველი მებრძოლი“, რაც ხაზს უსვამს მის აქტიურ მონაწილეობას ძალაუფლების მართვაში. ქალი, რომლის თანხმობის გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იშვიათად მიიღება ვენესუელას ხელისუფლებაში.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სილია ფლორესი წარმოადგენს რეჟიმის სამოქალაქო ბირთვს, რომელიც სამხედრო ელიტასთან პარალელურად მოქმედებს და ხშირად მასაც კი აბალანსებს. მისი გავლენა არ გამოიხატება ხმაურიან გამოსვლებში, არამედ სისტემის შიდა კონტროლში, სანდო კადრების შერჩევასა და იდეოლოგიურ ერთიანობაში.
საბედისწერო დასასრული
დღეს, როდესაც ბოლივარიანული რევოლუციის მემკვიფრე ხელისუფლება ღრმა და სისტემურ კრიზისშია, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ ნიკოლას მადურო და სილია ფლორესი დაკავებულნი არიან, ერთი რამ განსაკუთრებით ნათელი ხდება. ვენესუელელი ხალხის უდიდესი ნაწილი ამ მოვლენებს რეჟიმის დასასრულად აღიქვამს და ღიად ზეიმობს მათ დამხობას.
რევოლუცია, რომელიც ოდესღაც ხალხის სახელით დაიწყო, საბოლოოდ გადაიქცა ძალაუფლებად, რომელმაც საკუთარი არსებობა თვითმიზნად აქცია. ამ გარდაქმნის პროცესში სილია ფლორესი შემთხვევითი ფიგურა არ ყოფილა. იგი იყო რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, იდეოლოგიური ჩარჩოს გამამაგრებელი და ძალაუფლების შენარჩუნების სტრატეგი.
აქედან გამომდინარე, სულიად ლოგიკური ჩანს ნიკოლას მადუროსთან ერთად მისი მეუღლის, სილია ფლორესის დაკავება და ბრალის წაყენება.
სულ მალე, მათ, ამერიკის ტრიბუნალი გაასამართლებს ამერიკის წინააღმდეგ ჩადენილი ნარკოტერორიზმის და უკანონო იარაღის მობილიზაციის გამო.

