სოფელ უჩხითში შესაძლოა 9 სულიანი ოჯახი მეწყერმა ჩაიტანოს

სოფელ-უჩხითი750x375

სოფელი უჩხითი: სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი?! სამწუხაროდ, რესან ჟოჟაძის პრობლემები სახელმწიფოს არ ადარდებს. თუმცა ბევრს საუბრობენ დეცენტრალიზაციაზე, რეგიონების გაცოცხლებაზე და სოფლის შენარჩუნებაზე.

ამისთვის რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან?!

ევროპაში სოფლად გვხვდება საჩვენებელი სახელოსნოები, მეურნეობა და საწარმოები, სადაც დაკავებულები არიან ადგილობრივები.

ეს ერთგვარი სავიზიტო ბარათია და დიდ როლს თამაშობს ტურიზმის განვითარებაში.

რესან ჟოჟაძე 31 წლის ახალგაზრდა დურგალია აჭარიდან, (ქედის რაიონი სოფელი უჩხითი), რომელიც პაპისეულ საქმიანობას და ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს.

ახალგაზრდა ოსტატი ხისგან ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ნივთებს ამზადებს.  

მისი საქმიანობის შესახებ არამარტო საქართველოში, არამედ თურქეთშიც გაკეთდა რეპორტაჟები და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

ამ მომავლის იმედით სავსე ადამიანმა, როდესაც პანდემიის დროს სხვა საარსებო წყარო გადაეკეტა, პაპისეული სახელოსნო გააცოცხლა და დურგლობას მიყო ხელი.

ასევე მიიღო მონაწილეობა კონკურსში, “აწარმოე საქართველოში” და 30 000 ლარიანი გრანტი მოიგო, რომლითაც შეძლო ახალი ხელსაწყოებისა და დაზგების შეძენა.

როგორც იგი აცხადებს, ეს თანხა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ახალი სახელოსნოს აშენებაში და ტექნიკურად გამართვაში ჩადო, თუმცა ამაოდ…

ასე რომ ახლა რესანი და მისი 9 სულიანო ოჯახი ყოველ დღე შიშით ათენ-აღამებს, რადგან არ იციან მეორე დღე მშვიდობით გაუთენდებათ თუ არა. მიზეზი სტიქიაა.

მათი სახლი და სახელოსნოები მოქცეულია ორ მეწყერს შორის და არავინ იცის მიწა როდის ჩაიტანს.

უკვე ორ თვეზე მეტია სახელმწიფოსგან ელოდებიან რეაგირებას, გეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ შესთავაზეს 30 000 ლარის კომპენსაცია, სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით.

ეზოში დგას სამსართულიანი სახლი და ორი სახელოსნო. საკომპენსაციო თანხა რომელსაც სთავაზობენ მიზერულია, დანადგარების ტრანსპორტირების ხარჯსაც ვერ დაფარავს, ვერც სახლს შეიძენს 9000 დოლარად.

აჭარელი დურგალი ფაქტიურად საკუთარი საქმიანობისა და სახლ-კარის გარეშე რჩება. და ეს ყველაფერი იმ დროს, როდესაც ეს სოფელში არსებული ერთადერთი საწარმოა, რომელშიც 100 000 ლარამდე ინვესტიცია აქვს ოჯახს ჩადებული.

ამ სახელოსნოში ოჯახის წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებული. საინტერესოა როგორ უნდა განვითარდეს სოფელი, როდესაც ერთადერთ ადამიანს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს, ხელშეწყობა არ აქვს.

რესან ჟოჟაძე  მეუღლის სტრესულ მდგომარეობაზეც საუბრობს, რომელიც ახლა ფეხმძიმედ არის. ამიტომ ოჯახი მოითხოვს სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება ბათუმის მერისგან, და განხორციელდეს მათი მდგომარეობის ადეკვატური შეფასება.

9 ადამიანის სიცოცხლე კი ახლაც საფრთხეშია, როდესაც თქვენ ამ ტექსტს კითხულობთ.

ქართველები ბარსელონაში

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI