ტარაგონის მერიის ქართველი თანამშრომელი- თინა თორელი

ტარაგონის მერიის ქართველი თანამშრომელი- თინა თორელი (თინათინ შოთაძე) 39 წლის, 3 შვილის დედა,  ქალაქ ტყიბულში დაიბადა. ამავე ქალაქში, საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა.

თინას პირველი პროფესია სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტი იყო, თუმცა, ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ამ პროფესიით არასდროს უმშავია.

პარალელურად, საქმიანობადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე და  შეიძლება ითქვას, რომ თსუ-ს ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იყო:

,, 2006-2007 წლებში ჩვენი ფაკულტეტი გადავიდა თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის შემადგენლობაში და მეც მივიღე გადაწყვეტილება,  სამსახურიდან წამოსვლის შესახებ. პირველად ემიგრაციაში წასვლაც იმ წელს გადავწყვიტე.

მას შემდეგ არაერთი ქვეყანა და საცხოვრებელი ადგილი გამოვიცვალე, 2 ჯერ საქართველოშიც დავბრუნდი, თუმცა ისევ წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება მომიწია.

ვერ გამოვყოფ კონკრეტულ მიზეზს, თუმცა ეს, ალბათ, იმით იყო გამოწვეული, რომ ყოველ ჯერზე სულ უფრო იკლებდა შანსი, რომ ქართულ სივრცეში თავი დამემკვიდრებინა.

ალბათ, ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწორედ მაშინ ვიგრძენი, როდესაც ემიგრაციიდან დაბრუნებულმა გავაცნობიერე, რომ საქართველოში უფრო ,,უცხოდვგრძნობდი თავს, ვიდრე  უცხო ქვეყანაში,-იხსენებს  თინა თორელი. 

მესამედ, 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება, ისევ სხვა ქვეყანაში წასულიყო. ესპანეთი კი, სრულიად სპონტანურად აირჩია. მანამდე 7 წელი  საბერძნეთში, ცხოვრობდა, თითქმის, 2 წელი – ბელგიაში.

,,ალბათ, უკვე არსებული გამოცდილებით აღარ მქონდა შიში, ისევ თავიდან გამევლო ეს გზა. 2 პატარა ბავშვით (მესამემოლოდინში), ჩამოვედი ქვეყანაში, სადაც არავის ვიცნობდი, არავის მხარდაჭერის იმედი არ მქონდა და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.

ვიყავი მხოლოდ საკუთარი თავის და უფლის იმედზე

რა თქმა უნდა, როგორც უმრავლესობამ, ჩვენც თავშესაფარი მოვითხოვეთ. გაგვიმართლა და პირველივე დღიდან თავშესაფრის მაძიებლის პროგრამაში ჩაგვსვეს.

ამის შემდეგ გავიარეთ რამდენიმე  ეტაპი და საბოლოოდ, აღმოვჩნდით ტარაგონაში, კატალონიის პროვინციაში და უკვე 5 წელია, აქ ვცხოვრობთ”,-გვიყვება თინა.

ქვეყნების ცვლასთან ერთად, პროფესიების შეცვლა და ახალი ენების შესწავლაც უწევდა. ამჟამად  6 ენაზე საუბრობს და ტარაგონის მერიის მუნიციპალიტეტის საემიგრაციო სამსახურის მიმღების თანამშრომელია:

,,უშუალოდ ჩართული ვარ ადმინისტრაციულ პროცესებში. მუშაობა მიწევს 2 ენაზე: კატალანურად და ესპანურად. სხვა ენების ცოდნაც არაერთხელ დამჭირვებია ემიგრანტებთან ურთიერთობაში, მათ შორის, ქართველებთან და უკრაინელებთან

ჩემი  ამ სფეროში დასაქმება იყო სრულიად მოულოდნელი, თუმცა ძალიან სასიხარულო და საპასუხისმგებლო. დიდხანს მიჭირდა იმის დაჯერება, რომ სულ რაღაც 4 წლიანი ემიგრაციის შემდეგ საშუალება მომეცა, მემუშავა სახელმწიფო სტრუქტურაში, გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და სამუშაო გამოცდილება, რაც წლების მანძილზე სხვადასხვა სფეროში მუშაობით შევიძინე.

ეს იყო ძალიან დიდი სტრესი და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობის პროცესი, თუმცა დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფერს თავი გავართვი.

როგორც ემიგრანტს, ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების პრობლემები, რომლებიც ჩვენს სამსახურს მიმართავენ, ვცდილობ, მაქსიმალურად მივაწოდო საჭირო ინფორმაცია და დავეხმარო საემიგრაციო საკითხების მოგვარებაში ,-ამბობს ქართველი ემიგრანტი.

თინა თორელის თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით,  ესპანეთის სამეფოს  ყველაზე ლოიალური საემიგრაციო პოლიტიკა აქვს და  კანონები მაქსიმალურად მორგებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა შეძლოს ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრება და მუშაობა.

,,ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, საქართველოში დაბრუნება ჩემს სამომავლო გეგმებში არ შედის. მყავს სამი შვილი, რომლებიც დადიან სკოლაში, მაქვს სამსახური, რომელიც ძალიან მომწონს და თავს ვგრძნობ ბედნიერად.

რა თქმა უნდა, ამის მიტოვება და ისევ ყველაფრის თავიდან დაწყება ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა. ძალიან მიყვარს საქართველო, ძალიან მენატრება და გული მტკივა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს თავს იქ უკვე ვეღარ ვხედავ”. 

ნატალია მეგუთნიშვილი

 ავტორი – ნატო მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI