„ქართველები ტარანტინოს მძაფრსიუჟეტიან სცენარში?“

„ქართველები-ტარანტინოს-სცენარში?“1179X721

დადასტურდა, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია მცდარი იყო, წაიკითხეთ ბოლომდე⤵️
„ქართველები ტარანტინოს მძაფრსიუჟეტიან სცენარში?“/ თავიდან შეიძლება იფიქროთ, რომ საუბარია კვენტინ ტარანტინოს რომელიმე ფილმის გადაღებაზე:

ცელოფნით დაფარული კედლები და იატაკი, სისხლი, სკამზე მიბმული ადამიანი, მარწუხები, ჩაქუჩები, პისტოლეტები და ორი ავტომატი AK-47…

სამწუხაროდ, ეს კინოს სცენარი არ არის.

ესპანური მედიის ინფორმაციით, 5 სექტემბერს, ესტეპონაში (მალაგა) პოლიციამ აღმოაჩინა სავარაუდო „წამების ოთახი“ და გადაარჩინა ორი მამაკაცი: ერთი მაროკოს, მეორე კი ესპანეთის მოქალაქე.

ორივე შიშველი, დაშავებული და სისხლიანი იყო; ერთ-ერთი მათგანი ჯერ კიდევ სკამზე ჰყავდათ მიბმული, როდესაც საცხოვრებელში პოლიციამ შეაღწია.

ყველაფერი ერთ-ერთი მსხვერპლის შეყვარებულის ზარმა გამოაშკარავა. მამაკაცმა საცოლე წინასწარ გააფრთხილა:

„სამსახურის თემაზე მაქვს შეხვედრა, ჩემს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, თუ 20 წუთში არ დაგიკავშირდები, პოლიციაში დარეკე“.

როდესაც 40 წუთი გავიდა და მისგან არაფერი ისმოდა, ქალმა პოლიციაში დარეკა.

ადგილზე მისულ პოლიციელებს სახლიდან სისხლიანი მამაკაცი გამოეგებათ ყვირილით: „ჩვენი მოკვლა უნდათ!“

„ქართველები-ტარანტინოს-სცენარში?“1024X576
ფოტოებს ცნობილი ესპანური გამოცემა EL ESPAÑOL ავრცელებს

გამოძიების ვერსიით, ოთახი ცელოფნებით სპეციალურად იყო დაფარული, რათა სისხლისა და სხვა ბიოლოგიური კვალის მოშორება გამარტივებულიყო.

სავარაუდო მოტივად ნარკოტიკებთან დაკავშირებული ანგარიშსწორება განიხილება, თუმცა ეს ჯერ საბოლოოდ დადასტურებული არ არის.

საქმეზე შვიდი პირია დაკავებული. ესპანური მედიის ცნობით, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობასთან, წამებასთან, გატაცებასა და მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულებისთვის.

ეს ამბავი ესპანელებისთვისაც კი უჩვეულოა. აქ, ქართველ კრიმინალებს უფრო ხშირად „უხმაურო პროფესიონალების“ რეპუტაციას მიაწერენ:

ქურდობა, ძარცვა და საკეტების გატეხვა სახლში შესაღწევად კი, მაგრამ აგრესიის გამოვლენის გარეშე.

როგორც ჩანს, ამ შვიდეულმა გადაწყვიტა, ეს „ტრადიცია“ დაერღვია და პირდაპირ ტარანტინოს კასტინგზე გამოცხადებულიყო.

თუმცა კინოსგან განსხვავებით, აქ რეალური ადამიანები აწამეს და მათი სიცოცხლე რეალურ საფრთხეში იყო. გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და დაკავებულთა ბრალეულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს.

აღსანიშნავია, რომ EL ESPAÑOL სტატიაში, ეროვნების შესახებ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია დავაფიქსირეთ:

ტექსტის ერთ ნაწილში დაკავებულები ქართველებად, მერეში კი სერბებად არიან მოხსენიებული, სხვა საინფორმაციო წყაროებში კი მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაა ნახსენები.

სხვა საინფორმაციო საშუალება კი კონკრეტულად შვიდ საქართველოს მოქალაქეზე საუბრობს. ამიტომ საბოლოო დასკვნამდე საჭიროა ოფიციალური ინფორმაციის კიდევ ერთხელ დადასტურება.

ალბათ, უახლოეს დღეებში ისევე გამოძიება თუ გვამცნობს და გაგვარკვევს რეალური ფაქტების და დამნაშავეების წარმოშობის შესახებ.

როგორ აღმოჩნდნენ ქართველები ამ ისტორიაში?

თავდაპირველად ესპანურმა გამოცემა EL ESPAÑOL-მა, რომელმაც შემთხვევის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, დაწერა, რომ დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და ისინი ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ.

ეს ინფორმაცია გადამოწმების გარეშე გადაიტანა რამდენიმე სხვა როგორც ესპანურმა ისე ქართულმა საინფორმაციო პორტალმაც სადაც პირველწყაროდ EL ESPAÑOL- ია მითითებული .

ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, 22 სექტემბერს ესტეპონას პოლიციას დავუკავშირდით. პოლიციაში დაკავებულთა მოქალაქეობა არ დაგვიკონკრეტეს, თუმცა საინტერესო დამთხვევაა:

ჩვენი ზარის შემდეგ, იმავე დღეს, EL ESPAÑOL-მა სტატია ჩაასწორა და მიუთითა, რომ დაკავებული შვიდივე პირი სერბეთის მოქალაქეა და არა საქართველოსი.

როგორც ჩანს, ზოგჯერ ერთ სატელეფონო ზარსაც ბევრი შეუძლია.

სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია სხვა პორტალებზე ჯერ კიდევ რჩება. ჩვენ შევეცდებით, თითოეულ გამოცემას მივმართოთ და მოვთხოვოთ მონაცემების შესწორება, რათა დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებით ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები საზოგადოების რეპუტაცია უსაფუძვლოდ არ შეილახოს.

ასე, რომ ჩვენდა სასიხარულოდ განახლებული და დაზუსტებული ინფორმაციით, ამ საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დაკავებულები არ არიან.

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI