ქართველი ემიგრანტის პორტრეტი-ნათია ზუროშვილი

ქართველი-ემიგრანტის-პორტრეტი-ნათია-ზუროშვილი1440X1200

ქართველი ემიგრანტის პორტრეტი-ნათია ზუროშვილი. ნათია ზუროშვილი საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და უძველეს სატახტო ქალაქ   თელავში დაიბადა და გაიზარდა,  ამბობს, რომ სწორედ ამ პატარა ქალაქში გაატარა  ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები:

,,ალბათ, ბევრი მიცნობს, ბევრისთვის კი, უცნობ თელაველად დავრჩი, რადგან რამდენიმე წლის წინ მომიწია საქართველოს და ჩემი თელავის დატოვება.

მოკლედ,  ნათია ზუროშვილი გესაუბრებით შორეული ბასკეთის მიწიდან.

საქართველოში ცუდად არ ვცხოვრობდით, ვერ ვიტყვი, გაჭირვების გამო დავტოვეთ ქვეყანა- მეთქი“-ამბობს ნათია.

მისი მეუღლე პროფესიით, ბუღალტერი, საჯარო მოხელე გახლდათ, ნათიას კი,  პატარა ბიზნესი ჰქონდა, -,,ბავშვთა გასართობი ცენტრი“.

სწორედ აქ, სხვადასხვა ზღაპრის გმირის სამოსში გამოწყობილი, ულამაზებდა პატარებს დაბადების დღეებს, თუ სხვა დღესასწაულებს.

,,მდიდრებად არ ვითვლებოდით, თუმცა არც- ღარიბებადმიყვარდა ჩემი საქმე და დღემდე მენატრება ის გარემო და ის საქმიანი ფუსფუსი, რითაც მთელ დღეს ვიყავი დაკავებული“,

-დროდადრო ნათიას ნოსტალგია სწორედ ამ მონატრებით შეუტევს-ხოლმე და ზოგჯერ ცრემლებსც აღვრევინებს. ქვეყნის დატოვება  კი, მესამე ორსულობამ გადააწყვეტინა, როდესაც უკურნებელი სენი დაუდგინეს.

მესამე ,,საკეისროს“ გაკეთება, ქრონიკული დაავადებით, იმ ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის სისტემა, შეიძლება ითქვას, რომ კრიტიკას ვერ უძლებს,  ძალიან არ უნდოდა:

,,ხშირად მახსენდება ის შიში, რომელმაც მაიძულა გაქცევა ქვეყნიდან. საშინელი ფიქრები მტანჯავდა, ყველაზე ძნელი ამ გადაწყვეტილების მიღება აღმოჩნდა:

სასწორის ერთ მხარეს  ჩემი სამშობლო და საყვარელი ადამინები  იყვნენ, მეორე მხარეს კი, ჩემი  შვილების უკეთესი მომავალი და მათი უსაფრთხო გარემო“,-იხსენებს ქართველი ემიგრანტი.

თავიდანვე იცოდა, რასაც ნიშნავდა სამი მცირეწლოვანი შვილით უცხო ქვეყანაში  ცხოვრების თავიდან  დაწყება, როდესაც  არც გულშემატკივარი ჰყავდა, არც მომავლის იმედი ჩანდა, როდესაც  იცოდა, რომ   სრულიად  მარტო იყო  და აუცილებალდ უნდა  ებრძოლა, ებრძოლა გადარჩენისთვის…

ნათია ზუროშვილი  სამი წელი და რამდენიმე თვეა, რაც ბასკეთში , ოჯახთან ერთად, იმყოფება.  ფეხმძიმე, ავადმყოფი ქალის მშობიარობამ უცხო მიწაზე უსაფრთხოდ ჩაიარა და მისი პატარა ესპანეთში დაიბადა.

,,აღმოჩნდა, რომ აბსოლიტურად მოუმზადებლები ვიყავით მეც და ჩემი მეუღლეც ცხოვრების ხელახლა დასაწყებად.

თითქოს, ყველაფერს წინასწარ თვლი, გეგმებს ალაგებ, ასე ვიზამ, ისე ვიზამ,  მაგრამ აღმოჩნდება, რომ რეალობა სრულიად გიცვლის გეგმებს. არაფერი ისე არაა, როგორც გეგონა.

ახალჩამოსულს გგონია, მთებს გადადგამ, ლამაზ-ლამაზ ოცნებებს სახავ.  ყველაზე მეტად აქაურების ფრაზა მაღიზიანებდა ,,poco a poco“…

როდესაც ვამბობდი, ჯერ ენა არ ვიცი, ჯერ ბინა არ მაქვს, ჯერ საბუთები არ მაქვს… და მათი პასუხი ,,ნელ-ნელა“ თავიდან უზომოდ მიშლიდა ნერვებს.

მერე შენც ნელ-ნელა მიწაზე ეშვები და ხვდები, რომ ისე სწრაფად, როგორც შენ გინდა, არაფერი გამოდის,“

ნათიამ უცხო მიწაზე ცხოვრებას ფეხი სწორედ ნელ-ნელა, ,,poco a poco“ აუწყო, თუმცა ამბობს, რომ სრულყოფილებამდე ბევრი აკლია.მისივე თქმით,   როდესაც  ურეკავენ  და რაიმის თარგმნას სთხოვენ, ხვდება, რომ ფუჭად არ უწვალია. 

ესპანეთში  ადგილობრივ სამოყვარულო დასსაც შეუერთდა და სპექტაკლი, ესპანელებთან ერთად, ესპანურ ენაზე ითამაშა, არც ავადმყოფობას შეუშინდა და აქ,  უცხო, მაგრამ თბილ მიწაზე, ცხოვრება თავიდან დაიწყო, დაბრკოლებებით, მაგრამ მაინც დაიწყო:

,,პანდემიური კარანტინის  პერიოდით ვისარგებლე და პროფესიული კურსები გავიარე. შევისწავლე აქაური ,,Hosteleria”, ასე რომ, რამოდენიმე ბარში მუშაობის გამოცდილებაც დამიგროვდა.

პარალელურად, არ ვეშვები ჩემ საყვარელ საქმიანობას და თეატრთან კავშირს არ ვწყვეტ. ერთი წლის ჩამოსულმა სპექტაკლშიც მივიღე მონაწილეობა, ჯერ ენას

რომ ვერ ვატრიალებდი, პრემიერის შემდეგ ინტერვიუს ასაღებად რომ მოვიდნენ, სიტყვებში ვიჭედებოდი და ინგლისურს ვიშველიებდი.

სხვათაშორის, პირველივე სპექტაკლში ქართული მუსიკა გამოვიყენეთ. გია ყანჩელის ,,ყვითელი ფოთლებითიწყებოდა. თემა ემიგრანტების ბედს შეეხებოდა, საზღვარგარეთ.

მუსიკა ალეგორიულად დავაკავშირეთ, რადგან, აქ, უცხოეთში მყოფი ქართველები, ჩვენი ქვეყნიდან მოწყეტილ ფოთლებს ვგავართ, რომელსაც ქარი, სადაც უნდა იქით გააფრიალებს“…

სტატიის ავტორი ნატო მეგუთნიშვილი

გააზიარე
Picture of TAMAR BURDULI

TAMAR BURDULI