ქართველი მუსიკოსი ესპანეთში – ლიკა საჩალელი, ემიგრანტის პროფილში ესპანეთი პირველი ნახვისთანავე შეუყვარდა. განსაკუთრებით კი, მადრიდით მოიხიბლა:
,,მადრიდი მომწონს თავისი აქტიური რითმით ასევე, მისი არქიტექტურა. მიყვარს უკვე ეს ქალაქი, ამ ერთ წელიწადში შევიყვარე“, –
ამბობს ლიკა საჩალელი, რომელიც ერთი წელია, ემიგრანტის არცთუ მარტივი ცხოვრების გზას დაადგა.
პროფესიით მუსიკოსმა, მევიოლინემ, შორეული ესპანეთში წასვლა 2021 წლის ოქტომბერში, ოჯახთან ერთად, გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება სისრულეშიც მოიყვანა:
,,მალევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩენილიყავი აქ და გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა. ესპანეთში, ქალაქ ocaña –ში, დავიწყე ცხოვრება, –პატარა ქალაქში, სადაც უკვე ბევრ ხალხს ვიცნობ…
ჩამოსვლიდან 2 კვირაში ჩემი საქმით დავიწყე რესტორანში მუშაობა, ასევე, პედაგოგიური მოღვაწეობა.
გავიცანი ბევრი ადაამიანი და ახლა უკვე დიდი მოთხოვნაა ჩემზე, რომ მივიღო მონაწილეობა ამა თუ იმ (ივენთზე ) –საღამოზე“.
ლიკა საჩალელი არც საქართველოში ცხოვრობდა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით, რადგან იყო საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის წევრი, პარალელურად კი, იმუშავო ბრიტანულ-ქართულ მუსიკალურ აკადემიაში, მარტივი სრულებითაც არ არის.
ამის მიუხედავად, გადაწყვეტილება, რომ საქართველო დაეტოვებინა, მაინც მიიღო. მიზეზი კი, მისი შვილია, რომელიც ფლეიტისტია:
,,ჩემი შვილი არის ფლეიტისტი და ვიფიქრე, რომ მისი მომავალი კარიერისთვის უკეთესი იქნებოდა ევროპაში ცხოვრება და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
ჯერ 1 წელია, რაც აქ ვცხოვრობთ და ის მიზნები, რაც მაქვს დასახული, განსახორციელებელი მაქვს. ამ 1 წელიწადში ვისწალე ესპანური ენა, ჩემი საქმით ვარ დაკავებული და ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
ასევე, მაქვს ჩემს მეგობართან, ქეთი ნაკაშიძესთან, ერთად დუეტი (ფორტეპიანოსთან ერთად).
ჩვენი დუეტის პრეზენტაცია შედგა 23 ნოემბერს, მადრიდში, საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე, რომელმაც ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა“.
ლიკა საჩალელს, უკვე შემდგარ და წარმატებულ მუსიკოსს, 1 წელი დასჭირდა, რომ ესპანელი მაყურებლისთვის საკუთარი შემოქმედება გაეცნო და წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა მთავარი გამარჯვებები წინაა.
ლიკა ქართველ ემიგრანტებს მიმართავს და მეტი აქტიურობისკენ და საკუთარი თავის რეალიზაციისკენ მოუწოდებს:
,,ქართველ ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ ყველამ ბოლომდე გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა სხვა ქვეყანაში, ჩვენ საქმეში, მივაღწიოთ წარმატებას.
ყველას ვუსურვებ მშვიდ და წარმატებულ მომავალს ესპანეთში, ასევე, სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს, ბევრი სირთულის მიუხედავად “.
სტატიის ავტორი
ნატო მეგუთნიშვილი