ქართველი სტუდენტები: ბეთჰოვენის უვერტიურა ,,კორიოლანუსი”, ვებერის კონცერტი კლარნეტისათვის და სიმფონიური ორკესტრისათვის N2, ჩაიკოვსკის ვარიაციები როკოკოს თემაზე ჩელოსთვის და ორკესტრისათვის, მოცარტის 29-ე სიმფონია,
-კლასიკური მუსიკის ამ გენიალურ ნაწარმოებებს გერმანიის ქალაქ კიოლნში 2023 წლის 30 იანვარს გამართულ კონცერტზე ადგილობრივმა მსმენელმა დიდი ინტერესით მოისმინა.
თუმცა მთავარი ამ ისტორიაში სხვა რამ არის: სცენაზე, გერმანელებთან ერთად, ქართველი სტუდენტები იყვნენ. ახალგაზრდების მიერვე კიოლნის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის მუსიკოსებისგან (Hochschule für Musik und Tanz Köln) დაკომპლექტებული ორკესტრის ეს პირველი საჩვენებელი გამოსვლა იყო, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

პროექტში ორკესტრის დირიჟორი შოთა ჯინჭარაძეა, სოლისტებიც ქართველები არიან: ლუკა თოთაძე (კლარნეტი) და ბექა მაისურაძე (ვიოლონჩელო).
როგორც აღმოჩნდა აღნიშნული ორკესტრი თავადვე დააკომპლექტა მუსიკალური სასწავლებლის მე – 4 კურსის სტუდენტმა, შოთა ჯინჭარაძემ იმ დაფინანსებით, რომელიც ნორდ რაინ ვესფალიის (ქალაქი კიოლნის მხარე) კულტურის სამინისტროსგან მოიპოვა.
,,ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი იყო ჩვენთვის, სამივესთვის. მომავალში ვაპირებ, რომ კონცერტებს რეგულარული სახე მივცე.
ეს კი, პირველი გამოსვლა იყო. ადგილობრივმა მსმენელმა ძალიან კარგად მიგვიღო და დღემდე მილოცვის წერილები მომდის“,-ამბობს შოთა.
მაყურებლებს შორის, გერმანელებთან ერთად, ქართველი ემიგრანტებიც იყვნენ. თამარ ბურდული, რომელიც კიოლნში არაერთ სასიკეთო საქმეს აკეთებს და ქართველ სტუდენტებთანაც მანვე დაგვაკავშირა, კონცერტის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

,,საოცრად ემოციური იყო… დარბაზში (ეკლესიაში) შესვლისთანავე იგრძნობოდა ხალისი და სიყვარული ხელოვნების მიმართ.
ეს ის პირველი ნაბიჯები იყო, რომლითაც ქართველმა მუსიკოსებმა მაყურებლის ნდობა მოიპოვეს და ეს ნდობა ბოლომდე გაამართლეს. შოთა არაჩვეულებრივი დირიჟორია..
შეგრძნება მქონდა, რომ ყველა ინსტრუმენტის ნოტებს იჭერდა და მაყურებლამდე მთელი პასუხისმგებლობით, დახვეწილი მანერით და დიდი მუსიკის სიყვარულით უშვებდა.

მაყურებლები არაჩვეულებრივ კლასიკას ვისმენდით და ვგრძნობდით, როგორ იზრდებოდა ის, როგორც კარგი დირიჟორი, რომლის კონცერტებზეც მე, პირადად, ყოველთვის დიდი ინტერესით წავალ.
ლუკა თოთაძის მიერ კარლ მარია ფონ ვებერის ნაწარმოების შესრულება იყო ჩარჩოში ჩასმული კლასიკა, რომლის მოსმენაც მაყურებელს ახალგაზრდა შემსრულებლებისგან მონატრებული გვაქვს.
თითქოს, ლუკა იდგა სცენაზე მარტო და კლარნეტს ვებერის ჰანგებით ასაუბრებდა. ბექამ კი, შეძლო, ჩაიკოვსკი მეორედ შეგვყვარებოდა“,- გვიზიარებს ემოციებს თამარი.
ასეთივე ენერგია და მუხტი მოდიოდა სხვა ახალგაზრდა შემსრულებლისგან, რომელთა მოსმენა მსმენელისთვის დიდი სიამოვნება იყო: ,,მათ შორის იყვნე ულამაზესი ნინა, უნიჭიერესი გიორგი, სიმპათიური რეზე და დახვეწილი ელმირა,“-ამბობს თამარ ბურდული.
ეს ქართველი სტუდენტების პირველი და წარმატებული გამოსვლა იყო. წინ კიდევ არაერთი კონცერტი და ბევრი გამარჯვებაა, რაშიც მსმენელი მომავალშიც არაერთხელ დარწმუნდება, როდესაც სცენაზე კიოლნის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის (Hochschule für Musik und Tanz Köln) ქართველი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ორკესტრის არაერთ კონცერტს მოისმენს.
ავტორი -ნატო მეგუთნიშვილი